საქართველო Trip.com Group-ის წლის სტრატეგიულ პარტნიორ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
საქართველომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ჩინურმა უმსხვილესმა სამოგზაურო პლატფორმამ Trip.com Group-მა ქვეყანა წლის სტრატეგიულ პარტნიორ ტურისტულ მიმართულებად დაასახელა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პრესტიჟული ჯილდო – „Strategic Partnership Destination of the Year“ ავსტრალიაში, სიდნეიში გამართულ საერთაშორისო სამიტზე, „2026 Trip.com Group Global Partner Summit“-ზე გადაეცა.
აღნიშნული აღიარება საქართველოს, როგორც საერთაშორისო ტურისტული მიმართულების, ცნობადობის ზრდასა და გლობალურ ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის პოზიციონირებას უკავშირდება. Trip.com Group ერთ-ერთი გავლენიანი საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმაა, რომელიც მილიონობით მოგზაურს აერთიანებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე. პლატფორმას 20 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და მისი აუდიტორია, მათ შორის, მაღალი მსყიდველობითუნარიანობით გამორჩეულ ჩინელ მოგზაურებს მოიცავს.
სიდნეიში გამართული „2026 Trip.com Group Global Partner Summit“ ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური საერთაშორისო ბიზნესღონისძიებაა. სამიტში მსოფლიოს წამყვანი ტურისტული მიმართულებების, საერთაშორისო მარკეტინგული და სამოგზაურო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სფეროს ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო ტურისტული კომპანიებისა და სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობა, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაცია იყო.
სამიტის ფარგლებში საქართველოს შესახებ პრეზენტაციებიც გაიმართა, სადაც საერთაშორისო აუდიტორიას ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და მიმართულებები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყნის, წარმოჩენას.
Trip.com Group-ის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ჯილდო საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მსგავსი პარტნიორობა ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, უფრო ფართო აუდიტორიას გააცნოს საკუთარი ტურისტული რესურსები და გააძლიეროს პოზიციები ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიც ჩინეთია.
ცნობისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ტურისტული ნაკადების პარალელურად, ფართოვდება საჰაერო მიმოსვლაც. 2026 წელს პირველად დაიწყო პირდაპირი ავიარეისების შესრულება შანხაი-თბილისის მიმართულებით, რაც ორ ქვეყანას შორის მგზავრთა გადაადგილებას კიდევ უფრო ამარტივებს. ამასთან, ჩინეთის მიმართულებით პირდაპირ რეისებზე მგზავრთნაკადი 2025 წელს 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა.
ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენციას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველოში 119 081 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-ით მეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მესამე კვარტლის მაჩვენებელი: ივლისი-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველოში 64 527 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წლიურად 30.2%-იან ზრდას წარმოადგენს.
