საქართველოს რკინიგზაზე ტვირთბრუნვა 16.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დატვირთვა იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლიურად 16.8%-ით გაიზარდა და 4.1 მილიონი ტონა შეადგინა. ზრდასთან ერთად, მონაცემები აჩვენებს, რომ გადაზიდვების სტრუქტურაში კვლავ წამყვანია ტრანზიტი, რომლის წილიც საერთო მოცულობის 62.1%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში გაიზარდა როგორც სამგზავრო გადაყვანები, ისე მგზავრთბრუნვა.
ტრანზიტი რკინიგზის ტვირთბრუნვის მთავარ კომპონენტად რჩება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში რკინიგზით გადატანილი 4.1 მილიონი ტონა ტვირთიდან 5.7% ადგილობრივ გადაზიდვებზე მოდიოდა, 32.1% — საერთაშორისო გადაზიდვებზე (ტრანზიტის გამოკლებით), ხოლო 62.1% — ტრანზიტზე.
საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში, ტვირთების ძირითადი ნაწილი საქართველოში შემოდიოდა. კერძოდ, ამ რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის 77.9% იმპორტირებულმა, ხოლო 22.1%-მა ექსპორტირებულმა ტვირთმა შეადგინა.
რუსეთი და აზერბაიჯანი – რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთავარი გამომგზავნი ქვეყნები
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რკინიგზით საქართველოში შემოტანილი ტვირთის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა — 22.2%. თითქმის, იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა აზერბაიჯანს — 22.1%. დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი ცალ-ცალკე 10%-ზე ნაკლები იყო, მათი ჯამური წილი კი, 55.7%-ს შეადგენდა.
ექსპორტირებული ტვირთის ძირითადი დანიშნულების ქვეყანა სომხეთი იყო, რომლის წილმაც 24.4% შეადგინა. შემდეგ მოდიოდა ყაზახეთი — 8% და რუსეთი — 7%. სხვა ქვეყნების ჯამური წილი 60.6% იყო.
რა ტვირთები გადაადგილდება საქართველოს რკინიგზით
გადაზიდვების სასაქონლო სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს ეკავა — 34.7%. მეორე ადგილზე იყო ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები, ხელოვნური ბოჭკოები, რეზინისა და პლასტმასის პროდუქტები — 21.5%, ხოლო მესამე პოზიციაზე საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო — 11.5%.
ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში სტრუქტურა განსხვავებულია. აქ დომინირებდა ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები, რომელთა წილმაც 61.4% შეადგინა. სატრანსპორტო აღჭურვილობაზე 15.8% მოდიოდა, კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე კი — 14.8%.
იმპორტში ნავთობპროდუქტები, ექსპორტში კი, საკვები და ქიმიური პროდუქცია ლიდერობს
საერთაშორისო გადაზიდვების დეტალური მონაცემები აჩვენებს, რომ რკინიგზით საქართველოში შემოტანილ ტვირთებში ყველაზე დიდი წილი კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს ეკავა — 47.3%.
მათ მოსდევდა სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები — 13.7%, საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო — 7.9%, ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები — 7.8%. ქვანახშირის, ლიგნიტის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ჯგუფის წილი 7.7% იყო, ძირითადი ლითონების — 6.5%.
ექსპორტირებული ტვირთების სტრუქტურაში პირველ ადგილზე საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო იყო — 25.8%. მეორე ადგილზე ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები გავიდა — 24.9%. სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტების წილი 16.4%-ს შეადგენდა, ლითონის მადნისა და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტების — 12.6%-ს, ხოლო ძირითადი ლითონების — 12.5%-ს.
რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა 20.2%-ით გაიზარდა
ტვირთბრუნვის ზრდასთან ერთად, დადებითი დინამიკა დაფიქსირდა სამგზავრო გადაყვანების მიმართულებითაც. 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 708 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.2%-ით მეტია. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვამ 164.5 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, წლიური ზრდა კი 13.6% იყო.
გადაყვანილი მგზავრების უმრავლესობა ადგილობრივ მიმოსვლაზე მოდიოდა. კერძოდ, ქვეყნის შიგნით გადაადგილდა 619.8 ათასი მგზავრი, რაც მთლიანი რაოდენობის 87.5%-ია და 2025 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 8.1%-ით აღემატება.
განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა საერთაშორისო მიმოსვლაში. ამ მიმართულებით რკინიგზით 88.2 ათასი მგზავრი გადაადგილდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5.6-ჯერ მეტია.
საერთაშორისო სამგზავრო ნაკადებში აზერბაიჯანის მიმართულება მნიშვნელოვანი წილით გამოირჩეოდა: მგზავრების 35.5% აზერბაიჯანიდან შემოვიდა, 36.8% კი ამ ქვეყნის მიმართულებით გავიდა. სომხეთიდან შემოსულ მგზავრებზე 12.6% მოდიოდა, სომხეთის მიმართულებით გასულებზე კი — 15.1%.
