English  עברית  ქართული  Русский  

10.8-დან 85.7 ათასამდე ვიზიტორი და 9.5-დან 72.8 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავალი — კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი რიცხვებში

10.8-დან 85.7 ათასამდე ვიზიტორი და 9.5-დან 72.8 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავალი — კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი რიცხვებში

სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი" განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ბუნებრივი თოვლის საფარი, ოთხსეზონიანი ტურისტული პოტენციალი, ბათუმთან და შავი ზღვის ტურისტულ ბაზართან სიახლოვე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მას, საქართველოს ერთ-ერთ პერსპექტიულ საინვესტიციო მიმართულებად აქცევს. TBC Capital-ის შეფასებით, 2030 წლისთვის გოდერძიზე ვიზიტორთა რაოდენობამ შესაძლოა 85.7 ათასს მიაღწიოს, ხოლო ტურისტების მიერ გენერირებულმა შემოსავალმა 72.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინოს. ამ მიზნის მისაღწევად გადამწყვეტი იქნება, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ისე კურორტის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე პოზიციონირება.

კურორტი "გოდერძი" — განვითარების ადრეული ეტაპიდან საერთაშორისო ტურისტულ მიმართულებამდე

აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი", საქართველოს სამთო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს. მისი საინვესტიციო მიმზიდველობა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ ფაქტორს ეფუძნება. კერძოდ, ბუნებრივ პირობებს, ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებას, რეგიონულ სატრანსპორტო ხელმისაწვდომობასა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობას.

კურორტის განვითარების კონცეფცია მხოლოდ ზამთრის სათხილამურო ტურიზმით არ შემოიფარგლება. "გოდერძის" სტრატეგიული მიმართულებაა ოთხსეზონიანი სამთო ტურისტული დანიშნულების შექმნა, რომელიც ზამთარში სათხილამურო გამოცდილებას, ხოლო თბილ სეზონზე ბუნებასთან დაკავშირებულ აქტივობებს, ლაშქრობას, გამაჯანსაღებელ ტურიზმსა და ოჯახურ დასვენებას გააერთიანებს.

ამგვარი პოზიციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონული ტურისტული მიმართულებებისთვის, სადაც სეზონურობა სასტუმროების დატვირთულობისა და შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად რჩება.

"გოდერძის" კონკურენტული უპირატესობა მისი ბუნებრივი გარემოსა და ნაკლებად ათვისებული ტერიტორიის ერთობლიობაა. უხვი ნალექი, ხარისხიანი თოვლის საფარი, ტყიანი ლანდშაფტი და მთიანი რელიეფი ქმნის შესაძლებლობას, კურორტმა განსხვავებული ტურისტული გამოცდილება შესთავაზოს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს.

TBC Capital-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით, კურორტის ზამთრის სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე პერიოდს მოიცავს. ზამთრის საშუალო ტემპერატურა მინუს 9-დან მინუს 7 გრადუსამდეა, ზაფხულის კი — 17-დან 19 გრადუსამდე. ეს კლიმატური პირობები ზამთრის სათხილამურო ტურიზმის გარდა, თბილ სეზონზე სამთო დასვენებისა და ბუნებაზე ორიენტირებული ტურისტული მომსახურებების განვითარების შესაძლებლობასაც ქმნის.

ბუნებრივი რესურსები და ოთხსეზონიანი ტურისტული პროდუქტი

კურორტ "გოდერძის" განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციაა.

ზამთრის სეზონზე კურორტის ძირითადი პროდუქტი ბუნებრივ თოვლზე დაფუძნებული სათხილამურო გამოცდილებაა. გამოყოფილია რამდენიმე მიმართულება, მათ შორის Powder Skiing, Tree Skiing, Cat Skiing და Ski Touring. ეს აქტივობები კურორტს საშუალებას აძლევს, ტრადიციულ ოჯახურ სათხილამურო დასვენებასთან ერთად აქტიურ და სპეციალიზებულ სათხილამურო ტურიზმის სეგმენტსაც მოემსახუროს.

თბილ სეზონზე კურორტის ტურისტული შეთავაზების საფუძველი ბუნებრივი ლანდშაფტი, ტბები, ჩანჩქერები, ალპური მდელოები და ძეგლებია. განსაკუთრებით პოპულარულია მწვანე ტბა, შავი ტბა, ასევე, ყარაგოლისა და შუამთის ტბები. ამასთან, გოდერძის მიმდებარე ტერიტორია საინტერესოა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობითაც. მის სიახლოვეს არის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ვარდციხე, ციხისყელი და ბეღლეთის მეჩეთი.

ცალკეა აღსანიშნავი ალპური ბოტანიკური ბაღი, რომელიც კურორტიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს. ბაღის ტერიტორია 10 ჰექტარს მოიცავს, ზღვის დონიდან 1 600–2 400 მეტრზეა განთავსებული და 161 სახეობის მცენარეს აერთიანებს.

ტურისტული პროდუქტების გასაფართოებლად გათვალისწინებულია ხუთი მარკირებული მარშრუტის გამოყენებაც. მათ შორის, "გოდერძის" წრიული საველოსიპედო მარშრუტი, ჩირუხი–ხიხანი–გოდერძის მიმართულება და უღელტეხილიდან ზარზმის, ჩუდურაულისა და აგარას მიმართულებით გამავალი ბილიკები.

ამ რესურსების ერთიან ტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბება კურორტს საშუალებას მისცემს, სათხილამურო სეზონის მიღმა, ვიზიტორებს, დასვენების მრავალფეროვანი გამოცდილება შესთავაზოს. საინვესტიციო თვალსაზრისით, ეს ქმნის სასტუმროების, საოჯახო განთავსების ობიექტების, კვების ობიექტების, ტურისტული მომსახურებების, გიდების, სპორტული აღჭურვილობის გაქირავებისა და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს.

არსებული ინფრასტრუქტურა და გაფართოების პოტენციალი

გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებისას მნიშვნელოვანია კურორტის დღევანდელი მდგომარეობისა და დაგეგმილი განვითარების მასშტაბის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

TBC Capital-ის მონაცემებით, კურორტის საზღვრებში მოქცეული ტერიტორია დაახლოებით 120 ჰექტარია. ამ ეტაპზე გოდერძიზე მოქმედი სათხილამურო ინფრასტრუქტურა სამ სასრიალო ტრასას, სამ საბაგიროსა და ერთ ბიგელს აერთიანებს. ტრასების საერთო სიგრძე 7.1 კილომეტრია, ხოლო მათი პოტენციური სიგრძე 26 კილომეტრად არის შეფასებული. დამატებით მოწყობილია 80-მეტრიანი საბავშვო სასრიალო ხალიჩაც.

რაც შეეხება განთავსების ინფრასტრუქტურას,  TBC Capital-ის მონაცემების მიხედვით, კურორტზე ცხრა დასრულებული სასტუმროა, რომელთა საერთო მოცულობაც 505 ნომერსა და 1 209 სტუმრის განთავსების შესაძლებლობას შეადგენს. ამასთან, მშენებლობის პროცესშია 11 სასტუმრო, რომელთა გათვალისწინებითაც კურორტის პოტენციური განთავსების ტევადობა დაახლოებით 2 300 ადგილს მიაღწევს.

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ გოდერძის განვითარების საწყისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, თუმცა, კურორტის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა, როგორც საბაგიროებისა და ტრასების, ისე სასტუმროებისა და დამხმარე მომსახურებების მნიშვნელოვანი გაფართოება.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები — 2026–2028 წლების განვითარების გეგმა

გოდერძის საინვესტიციო პოტენციალის რეალიზებისთვის მნიშვნელოვანი იქნება 2026–2028 წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

TBC Capital-ის კვლევა რამდენიმე ძირითად მიმართულებას აერთიანებს. კერძოდ:

სათხილამურო ინფრასტრუქტურა: გათვალისწინებულია ახალი 19-კილომეტრიანი სასრიალო ტრასის მოწყობა, ახალი საბაგიროს მშენებლობა, ტრასების ღამის განათება, 36-მეტრიანი გზაგამტარისა და 26-მეტრიანი საფეხმავლო ხიდის მოწყობა. აღნიშნული პროექტების განხორციელების შემთხვევაში გოდერძის სასრიალო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაფართოვდება და ტრასების საერთო პოტენციური სიგრძე, დაახლოებით 26 კილომეტრს მიაღწევს.

სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურა: გეგმაში გათვალისწინებულია ხულო–ზარზმის გზის რეაბილიტაცია, 500 მეტრიანი შიდა საავტომობილო გზის მოწყობა, 500 ტონიანი წყლის რეზერვუარის მშენებლობა და ახალი მილსადენების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება.

კურორტის დამხმარე ინფრასტრუქტურა: დაგეგმილია 80 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობა, თოვლის ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარის მშენებლობა და საგამოფენო სივრცის განვითარება.

გეგმა არ შემოიფარგლება უშუალოდ "გოდერძის" საკურორტო ზონით. ოთხსეზონიანი ტურისტული შეთავაზების გაფართოების ფარგლებში, გათვალისწინებულია ბეშუმის განვითარების ხელშეწყობა, თაგოს საბაგიროს რეკონსტრუქცია, მწვანე ტბაზე ტურისტული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარება.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტების ერთობლივი განხორციელება, მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების დაკავშირებასა და რეგიონში ვიზიტორთა გადაადგილების შესაძლებლობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, ჩამოთვლილი პროექტები პრეზენტაციაში წარმოდგენილია, როგორც 2026–2028 წლებში განსახორციელებელი გეგმები. შესაბამისად, მათი საინვესტიციო შეფასებისას მნიშვნელოვანია დაფინანსების, შესრულების ვადებისა და ფაქტობრივი პროგრესის ცალკე გადამოწმება.

ახალი განაშენიანების ზონები — შესაძლებლობები სასტუმროებისა და საცხოვრებელი პროექტებისთვის

გოდერძის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალი საკურორტო ტერიტორიის ათვისება და განაშენიანება.

კვლევის მიხედვით, კურორტის განვითარების მეორე ფაზა 130 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 264 მიწის ნაკვეთის განვითარებას ითვალისწინებს. ამ სივრცის 13.3 ჰექტარი სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურისთვის არის გამოყოფილი.

განაშენიანების გეგმით გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის ობიექტების განვითარება. კერძოდ:

განვითარების პირველი ეტაპისთვის გამოყოფილია 34 ასათვისებელი ნაკვეთი, საერთო ფართობით 2.75 ჰექტარი. მათგან 31 ნაკვეთის ფართობი 700 კვადრატულ მეტრამდეა, ხოლო სამი ნაკვეთის ფართობი 2 000-დან 5 000 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს.

ეს შესაძლებლობები პოტენციური ინვესტორებისთვის რამდენიმე მიმართულების განვითარების შესაძლებლობას ქმნის. მცირე ნაკვეთები შეიძლება საინტერესო იყოს ინდივიდუალური კოტეჯებისა და მცირე ზომის განთავსების ობიექტების განვითარებისთვის, ხოლო მსხვილი ნაკვეთები — სასტუმროებისა და კომერციული დანიშნულების პროექტებისთვის.

ამასთან, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსის, განაშენიანების პირობების, საინჟინრო კომუნიკაციებთან დაკავშირებისა და პროექტების ნებართვების გადამოწმება.

ტურისტული მოთხოვნა — აჭარა, როგორც გოდერძის ძირითადი ბაზარი

გოდერძის განვითარების შესაძლებლობების გამოყენების მამოტივირებელი ერთ-ერთი მთავარი საფუძველი აჭარაში უკვე არსებული ტურისტული ნაკადებია. კერძოდ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023–2025 წლებში, საქართველოში, საშუალოდ, დაახლოებით 6.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი ხორციელდებოდა წელიწადში, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 4.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ამ ვიზიტების განმახორციელებელი და შემოსავლების მომტანი ვიზიტორების დაახლოებით 42% აჭარას სტუმრობს, ხოლო 27% ქვეყანაში აჭარის გამშვები პუნქტებით შემოდის.

შესაბამისად, რეგიონის ეს პოზიცია, "გოდერძისთვის", მნიშვნელოვანი მოთხოვნის ბაზას ქმნის. ბათუმის ტურისტული ცენტრი, საერთაშორისო აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული განთავსების ინფრასტრუქტურა შეიძლება უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული სანაპირო და სამთო ტურიზმის ერთიან პროდუქტად ჩამოსაყალიბებლად.

ამ მიზნების მისაღწევად განსაკუთრებით საინტერესოა ვიზიტორთა რამდენიმე სეგმენტი. კერძოდ:

ადგილობრივი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1.9 მილიონი დასვენების მიზნით განხორციელებული ვიზიტით არის შეფასებული, შეიძლება კურორტის განმეორებითი და მოკლევადიანი ვიზიტების მთავარი წყარო გახდეს.

მეზობელი ქვეყნების ბაზარი დაახლოებით 4 მილიონ ვიზიტს აერთიანებს. ამ სეგმენტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა სახმელეთო ხელმისაწვდომობა და შედარებით ახლო მანძილზე დასვენების შესაძლებლობაა.

ევროპული ბაზარი, რომლის შესაბამისი მაჩვენებელი დაახლოებით 400 ათასი ვიზიტია და წლიური 10%-იანი ზრდით ხასიათდება, საინტერესოა აქტიური ტურიზმის, ფრირაიდისა და ბუნებაზე ორიენტირებული გამოცდილებების თვალსაზრისით.

ახლო აღმოსავლეთის ბაზარი - დაახლოებით 600 ათასი ვიზიტით არის წარმოდგენილი. ამ მიმართულებისთვის "გოდერძის" ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება ზაფხულის ცხელ პერიოდში გრილი კლიმატი და ბათუმთან კომბინირებული სამთო დასვენებაა.

ამასთან, მნიშვნელოვანია იმის მხედველობაში მიღებაც, რომ ეს მოცულობები სამიზნე ბაზრების პოტენციურ მასშტაბს აღწერს და არა "გოდერძის" უკვე არსებულ მომხმარებლებს. შესაბამისად, მათი რეალურ მოთხოვნად გარდაქმნა საჭიროებს სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას, მარკეტინგს, საერთაშორისო გაყიდვების არხებსა და კონკურენტუნარიან ტურისტულ მომსახურებებს.

კონკურენტული პოზიციონირება — ბუნებრივი უპირატესობა და ფასი

"გოდერძის" კონკურენტული პოზიციონირება, ქართულ და საერთაშორისო სამთო კურორტებთან შედარებით, ორ ძირითად კომპონენტს - ბუნებრივ რესურსებსა და ფასს ეფუძნება.

საქართველოს შიდა ბაზარზე, "გოდერძი", განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ოთხსეზონიან კურორტად არის წარმოდგენილი, რომლის მთავარი განსხვავება ბუნებრივი თოვლის ხარისხი, ტყიანი ლანდშაფტი და აქტიური დასვენების მრავალფეროვანი შესაძლებლობებია.

შედარებისთვის, გუდაურის სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 75 კილომეტრია, ბაკურიანის — 37 კილომეტრი, მესტიისა და უშგულის — 33 კილომეტრი, ხოლო გოდერძის პოტენციური მაჩვენებელი 26 კილომეტრია.

ეს მონაცემები აჩვენებს, რომ "გოდერძი", არსებული ინფრასტრუქტურის მასშტაბით, ჯერ კიდევ ჩამორჩება წამყვან ქართულ სამთო კურორტებს. თუმცა, ახალი ტრასებისა და საბაგიროების მოწყობა მისი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობას ქმნის.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ფასის უპირატესობა. მაგალითად, განვიხილოთ TBC Capital-ის შედარება, რომელიც მოიცავს სათხილამურო აბონემენტს, აღჭურვილობის გაქირავებას, ორჯერად კვებასა და ერთ ღამისთევას. ამ მომსახურებების მინიმალური ჯამური ღირებულება გოდერძიზე დაახლოებით 151 აშშ დოლარად არის შეფასებული, მაშინ, როდესაც სლოვენიის ვოგელში ეს მაჩვენებელი 253 დოლარს, ბულგარეთის პამპოროვოში 288 დოლარს, საფრანგეთის Alpe d’Huez-ში 340 დოლარს, ხოლო იტალიის Breuil-Cervinia-ში 612 დოლარს შეადგენს.

შესაბამისად, "გოდერძი", შერჩეულ საერთაშორისო მიმართულებებთან შედარებით, კონკურენტული ფასით გამოირჩევა. თუმცა, მხოლოდ დაბალი ფასი ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან უპირატესობას. მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის, ტრასების მდგომარეობის, უსაფრთხოების, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობისა და დამატებითი ტურისტული სერვისების განვითარებაც.

ამასთან, კურორტ "გოდერძის" აქვს გარკვეული მიღწევა საერთაშორისო ცნობადობის თვალსაზრისითაც. კერძოდ, აღსანიშნავია European Best Destinations-ის 2025 წლის სარედაქციო შერჩევა, რომელშიც გოდერძი „Best Snow Destination in Europe“ კატეგორიაში პირველ პოზიციაზეა წარმოდგენილი. ეს გარემოება კურორტისთვის მარკეტინგული და ბრენდინგის შესაძლებლობაა. განსაკუთრებით კი, იმ პირობებში, როდესაც მისი ტურისტული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.

2030 წლისთვის 85.7 ათასი ვიზიტორი — მოთხოვნისა და შემოსავლების პროგნოზი

TBC Capital-ის შეფასებით, გოდერძის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, ის, რომ 2030 წლისთვის განთავსების ობიექტების საშუალო დატვირთულობამ 50%-ს მიაღწიოს. ამისთვის კურორტმა დაახლოებით 86 ათასი ვიზიტორი უნდა მოიზიდოს.

წარმოდგენილი სცენარის მიხედვით, ვიზიტორთა რაოდენობა 2026 წელს დაახლოებით 10.8 ათასს, 2027 წელს 18.1 ათასს, 2028 წელს 30.4 ათასს, 2029 წელს 51 ათასს, ხოლო 2030 წელს 85.7 ათასს შეადგენს.

ეს ნიშნავს, რომ პროგნოზის მიხედვით, ოთხი წლის განმავლობაში, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის რვაჯერ უნდა გაიზარდოს. ასეთი ზრდა ბუნებრივად მოითხოვს არა მხოლოდ სასტუმროებისა და სათხილამურო ინფრასტრუქტურის გაფართოებას, არამედ კურორტის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურ პოზიციონირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ამავდროულად, ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალს აჩვენებს ვიზიტორების მიერ გენერირებული შემოსავლის პროგნოზიც. კერძოდ, TBC Capital-ის სცენარის მიხედვით, 2026 წელს კურორტის ვიზიტორების მიერ გენერირებული შემოსავალი დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარი იქნება, 2027 წელს — 15.3 მილიონი, 2028 წელს — 25.6 მილიონი, 2029 წელს — 43.3 მილიონი, ხოლო 2030 წლისთვის 72.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

TBC Capital-ის შეფასებით, 2026–2030 წლებში კურორტ "გოდერძის" მიერ გენერირებული შემოსავალი, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოს მასშტაბით მიღებული შემოსავლების, საშუალოდ, 0.6%-ის ეკვივალენტური იქნება.

ამ მაჩვენებლების ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია ორი გარემოების გათვალისწინება. პირველ რიგში, "გოდერძის" შესახებ ვიზიტორთა ოფიციალური სტატისტიკის შეგროვება 2026 წლიდან დაიწყო, რის გამოც საწყისი მაჩვენებელი შეფასებითია. მეორე მხრივ კი, აღნიშნული პროგნოზები წარმოადგენს განვითარების სცენარს და არა გარანტირებულ შედეგს.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2030 წლის მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ განხორციელებას, ახალი განთავსების ობიექტების ბაზარზე შესვლას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდის უზრუნველყოფას.

საინვესტიციო შესაძლებლობები და მთავარი გამოწვევები

გოდერძის განვითარების კონცეფცია, კერძო ინვესტიციებისთვის, განვითარების რამდენიმე მიმართულებას ქმნის. კერძოდ:

პირველი მიმართულებაა სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების განვითარება. მეორე ფაზის განაშენიანების გეგმა ითვალისწინებს, როგორც ინდივიდუალური კოტეჯების, ისე მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტებისა და სასტუმროების მშენებლობას.

მეორე მიმართულებაა ტურისტული და სარეკრეაციო მომსახურებები. ოთხსეზონიანი კონცეფცია ქმნის მოთხოვნის პოტენციალს კვების ობიექტებზე, სპორტული აღჭურვილობის გაქირავებაზე, სათხილამურო სკოლებზე, გიდების მომსახურებაზე, გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და საოჯახო ტურისტულ პროდუქტებზე.

მესამე მიმართულებაა კომერციული და დამხმარე ინფრასტრუქტურა — სატრანსპორტო მომსახურება, ლოჯისტიკა, ტექნიკური მომსახურება, ტურისტული სივრცეები და სხვა სერვისები, რომლებიც კურორტის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

თუმცა, საინვესტიციო პოტენციალის რეალიზება, ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევასთან არის დაკავშირებული.

პირველ რიგში, აუცილებელია მისასვლელი გზებისა და შიდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მეორე მხრივ კი, წყლის, ენერგიისა და სხვა საინჟინრო კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება აუცილებელია ახალი სასტუმროებისა და საცხოვრებელი ობიექტების ექსპლუატაციისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სეზონურობის შემცირება. თუ კურორტი სტუმრების მოზიდვას მხოლოდ ზამთრის რამდენიმე თვეში შეძლებს, ეს სასტუმროების წლიური დატვირთულობისა და ინვესტიციების უკუგების შესაძლებლობებს შეზღუდავს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბუნებრივი რესურსების დაცვაც. ტყიანი ლანდშაფტი, ტბები და ალპური ეკოსისტემები "გოდერძის" ძირითადი კონკურენტული აქტივებია. შესაბამისად, ახალი განაშენიანება და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება, აუცილებლად გარემოსდაცვითი მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.

გოდერძი — აჭარის ახალი სამთო საინვესტიციო მიმართულება

ამრიგად, გოდერძის განვითარების პერსპექტივა აჭარის ტურისტული ეკონომიკის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას ქმნის. ბათუმის უკვე ჩამოყალიბებული სანაპირო ტურისტული ბაზრის პარალელურად, მაღალმთიანი აჭარის მიმართულების განვითარებამ შესაძლოა რეგიონს ახალი ტურისტული პროდუქტები და დამატებითი საინვესტიციო მიმართულებები შესძინოს.

კურორტის მთავარი უპირატესობა ბუნებრივი რესურსების, ოთხსეზონიანი ტურისტული შეთავაზებებისა და რეგიონულ სატრანსპორტო ბაზრებთან სიახლოვის ერთობლიობაა. ამასთან, 2026–2028 წლების ინფრასტრუქტურული გეგმები და ახალი საკურორტო ტერიტორიის განაშენიანების კონცეფცია მიუთითებს, რომ განვითარების პროცესი მხოლოდ არსებული ობიექტების გაფართოებით არ შემოიფარგლება.

TBC Capital-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის 85.7 ათას ვიზიტორამდე ზრდა და დაახლოებით 72.8 მილიონი აშშ დოლარის ტურისტული შემოსავლის გენერირება, "გოდერძის" მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოს სამთო ტურიზმის ბაზარზე.

თუმცა, ამ მიზნების მიღწევა დამოკიდებული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ახალი სასტუმროებისა და მომსახურებების განვითარებაზე, საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და კურორტის ბუნებრივი უპირატესობების მდგრად გამოყენებაზე.

შესაბამისად, გოდერძი დღეს შეიძლება შეფასდეს, როგორც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი საინვესტიციო მიმართულება, რომლის ძირითადი შესაძლებლობა სწორედ არსებული ტურისტული რესურსების სრულფასოვან, კონკურენტუნარიან და ოთხსეზონიან საკურორტო პროდუქტად გარდაქმნაში მდგომარეობს.

წყარო: TBC Capital — „საქართველო, აჭარა, გოდერძი: მაკროგარემო და კურორტის პოტენციალი“; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქსტატი; კურორტის განვითარების გეგმები, როგორც წარმოდგენილია კვლევაში.

InternationalInvestment.biz - ქართული რედაქცია