English   ქართული   Русский  

რელოკაცია საქართველოში: უცხოელები ბიზნესისთვის ახალ ნიშებს პოულობენ


საქართველო იზიდავს შემოსვლისა და ცხოვრების მინიმალური მოთხოვნებით, რბილი საგადასახადო რეჟიმითა და თბილი კლიმატით. ქვეყანაში ჩამოდის უამრავი ბიზნესმენი და IT-სფეროს წარმომადგენელი. არიან ექსპატებიც, რომლებიც აქ «ცუდ დროებას» აფარებენ თავს. ჩვენ შევაგროვეთ საქართველოში რელოკაციის ამრჩევი ადამიანების რეალური ისტორიები.

«მამაკაცების გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება»


ნატალია პროცენკო — ძირძველი მოსკოველია. ათი წელი ბიზნესით იყო დაკავებული, გახსნა საბავშვო საცეკვაო სკოლა, მუშაობდა რეაბილიტოლოგად – ეხმარებოდა ადამიანებს ტრავმების შემდეგ აღდგენაში. დროთა განმავლობაში დაიღალა, თავად ამას გადაწვას უწოდებს. გარემოს შეცვლა მოუნდა. ახლო მეგობარი უკრაინიდან მძიმე განქორწინების შემდეგ უკვე ერთი წელი ცხოვრობდა საქართველოში. მასთან გაემგზავრა ნატალია 2019 წლის 14 თებერვალს – ახლა მათთვის ეს განსაკუთრებული დღესასწაულია.

მე ჩამოვედი ბავშვთან და სამ ჩემოდანთან ერთად, – ყვება მეწარმე. – ორი დღე მეგობართან ვცხოვრობდი, შემდეგ მოპირდაპირედ ვიქირავე ბინა. ნახევარი წელი არაფერს ვაკეთებდი. ვისექი აივანზე ღვინის ჭიქით და ცას ვუყურებდი. შემოდგომისთვის ენერგია გამიჩნდა. კვლავ დავიწყე მუშაობა რეაბილიტოლოგად. კლიენტები, ძირითადად, ექსპატები არიან. ქართველები საკმაოდ უყურადღებოდ ეპყრობიან საკუთარ ჯანმრთელობას. შემდეგ შემთხვევით გავიცანი ბიზნესმენი, ვისაუბრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მან მკითხა, რა მაკლდა საქართველოში. ვუპასუხე, რომ ვიტამინები. აი ასე, გარემოებათა დამთხვევით დავიწყეთ ერთობლივი ბიზნესი. მივწერეთ მწარმოებელ კომპანიებს და გავხდით ამერიკული ბრენდების მთავარი წარმომადგენლები კავკასიის რეგიონში.

ფარმაცევტულ კომპანიას ჰქვია «ვიტა-მარკეტი». მასში ორი მფლობელი და დირექტორია ხელმოწერის თანაბარი უფლებით. ნატალია ამბობს, რომ ქართველი პარტნიორის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მან არ იცის ენა და თავს იჩენს ბიზნესის კეთების სპეციფიკაც. საქართველოში ქალისთვის რთულია მოლაპარაკებების წარმოება, «მამაკაცების გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება».

თავდაპირველად ინტერნეტ-მაღაზია გააკეთეს. ტექსტებს წერდა რუსულად, შემდეგ ადგილობრივი გოგონები თარგმნიდნენ ყველაფერს ქართულად. პროგრამულ ნაწილს კი მოსკოველები ასრულებდნენ. გაუხარდა, რომ საგადასახადო და სხვა შენატანები ორჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში. იქ გადასახადების საერთო რაოდენობა 43-46%-ს აღწევდა, აქ კი – დაახლოებით 20%-ს.

– ცოტა ვიმუშავეთ საიტის პოპულარიზაციაზე, და მერე უკვე ხალხი თავად წამოვიდა ჩვენთან, – აღნიშნავს ნატალია. – ბიზნესი წარმატებით ვითარდება, მაგრამ მოსკოვს თუ შევადარებთ, შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს მიმუშავია ასე ბევრი, გამოვიმუშავებდი რა ასე ცოტას. დასაწყისში პერსონალთან დაკავშირებული ბევრი კონფლიქტი იყო. საქართველოში ბევრ მცხოვრებს არ უყვარს გადაწყვეტილებების მიღება და მათზე პასუხისმგებლობის აღება, განსაკუთრებით ქალებს. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უმაღლესი განათლება, საჭირო ცოდნა და უნარები, მაგრამ უმცირესი პრობლემის შემთხვევაშიც კი ის დროს გაწელავს, დაელოდება, ნაცვლად იმისა, რომ მოიფიქროს, როგორ გადალახოს პრობლემა. ძალიან ცოტაა ინიციატივიანი ადამიანი, რომელსაც შეიძლება სრულად დაეყრდნო. რთულია მაღალკვალიფიციური თანამშრომლის პოვნა, რომელიც თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკასთან, გააფორმებს დოკუმენტებს, შეიმუშავებს შეთანხმებებს. მიწევს ძალიან ბევრი დროის დახარჯვა კონტროლზე.

ახლა ნატალია უკვე მიეჩვია ქცევის ასეთ სტილს, უფრო მშვიდი გახდა. უცებ მიხვდა, რომ ადრე არაფერი იცოდა «მოსკოვური რბოლების» გარდა. აქ კი – «slow life»-ია და ეს ცხოვრების გემოს შეგრძნების შესაძლებლობას იძლევა. ყველაფერი მშვიდი და აუჩქარებელია, ქუჩის გადაღმა საბავშვო ბაღი და ოფისია.

– ვიფიქრე კიდეც, რომ მზად ვარ სახლში ვიცხოვრო, თუმცა ადრე ეს სიგიჟედ მეჩვენებოდა,– აღიარა მეწარმემ. – დედაჩემი მოსკოვის ოლქში სულ ნიჩბით ხელშია, ხან თოვლს ბარავს, ხან ტალახს. აქ კი მივხვდი, რომ კერძო სახლში შეიძლება ისიამოვნო. მაკმაყოფილებს ფასები განათლებაზე, ყველაფერი აუცილებლის სიახლოვე, რბილი კლიმატი. მე ნამდვილად დავრჩებოდი აქ კიდევ ათი წელი, მაგრამ ახლა გაუგებარია, რა იქნება შემდეგ. ჩვენ ყველანი გავიყინეთ, ვზივართ და ველოდებით…

«ნულიდან დაწყება არასწორია»


ნურდაულეთ სეისენბაევი საქართველოში ალმათიდან 2019 წელს ჩამოვიდა. თავიდან ბათუმში ცხოვრობდა და დღემდე უყვარს ეს ქალაქი, მაგრამ თბილისში, ამბობს, უფრო აქტიური საქმიანი გარემოა. სწორედ დედაქალაქში უნდა აკეთო ბიზნესი.



ყაზახეთში ნურდაულეთს თავისი საბუკმეკერო კომპანია ჰქონდა. ოთხი წლის წინ მთავრობამ გადაწყვიტა ამ ბიზნესის ნაციონალიზაცია და ყველა კერძო პირის დახურვა. ასე რომ, სხვა ვარიანტების ძიება მოუწია. საქართველოში მაშინვე მიხვდა, რომ ისეთი ბიზნესი უნდა დაეწყო, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე იქნებოდა ორიენტირებული.

– პირველ რიგში განვიხილავდი ყაზახეთს, – განმარტა მეწარმემ. – რადგან იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მრავალი წელი, შევისწავლე ბაზარი, ვიცი, როგორ მუშაობს საგადასახადო კანონმდებლობა და მთლიანობაში როგორ არის მოწყობილი სისტემა. ვთვლი, რომ ნულიდან დაწყება არასწორია. შენ დახარჯე ცხოვრების წლები და მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად უნდა გამოიყენო.

ნურდაულეთმა გააანალიზა ბიზნესის სხვადასხვა სახეობა, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოსა და ყაზახეთს შორის. მათ შორის ალკოჰოლის ბრუნვა, პროდუქტების მიწოდება. შემდეგ შენიშნა, რომ მისი ბევრი თანამემამულე ჩამოდის მანქანის საყიდლად. ხარჯების გათვალისწინებითაც კი, ავტომობილი საქართველოში 25-30%-ით იაფი ჯდება, ვიდრე ყაზახეთში.

– რიგითი მოქალაქისთვის რთულია შესაფერისი ვარიანტის პოვნა, ყიდვა, გაგზავნა, განბაჟება, – აღნიშნავს ბიზნესმენი. – არსებობს ბევრი გაუგებარი ნიუანსი და რისკზე წასვლას ყველა ვერ ბედავს. შევამჩნიე, რომ ჩამოსულებს გადამყიდველები ეხმარებიან, მაგრამ ცოტა კომპანია თუ აკეთებს ამას სამართლებრივ ფარგლებში. დარჩა მხოლოდ ამ დიდი ცარიელი ნიშის დაკავება და კლიენტების პრობლემების მოგვარება. ჩვენ ვაფორმებთ ოფიციალურ ხელშეკრულებას, ვაძლევთ ინფორმაციას და გარანტიას. ვიპოვეთ პარტნიორები საქართველოში, რომლებიც დაკავებულნი არიან შერჩევით, შეფასებით, ატარებენ აუცილებელ ტესტირებებს. საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ჩამოიყვანონ მანქანა აშშ-ის აუქციონიდან.

კომპანია Adal Avto მუშაობს პრემიუმ ავტომობილების ვიწრო სეგმენტში, რადგან ძველი მანქანების განბაჟება ძვირია. თუ ტექნიკა ორ წელზე ნაკლები ხნისაა, ფასი მაშინვე ეცემა. ასეთი მიდგომა გაწერილია კანონმდებლობაში. ოფისი მდებარეობს ქოვორქინგ-ცენტრში «ტერმინალი», რომელიც ძალიან მოსწონს ნურდაულეთს. იქ არის კაბინეტები, ღია სივრცეები, ყავის მაღაზია, კარგი ინტერნეტი. ბუღალტერი აუთსორსზე მუშაობს, მისი მომსახურება თვეში 500 ლარიდან ჯდება. ბევრი სხვა თანამშრომელიც – დისტანციურ რეჟიმშია. სხვათა შორის, სიტყვა Adal ყაზახურიდან ითარგმნება როგორც პატიოსანი. ეს კომპანიის მფლობელის ერთ-ერთი ცხოვრებისეული პრინციპია.

– საქართველოში ყველაფერი მარტივია, – დარწმუნებულია მეწარმე. – თუმცა, ყველგან კარგია ცხოვრება, თუ შეგიძლია ფულის გამომუშავება, ინტეგრირება, ბაზარზე მორგება. ვსწავლობ ქართულ ენას და ვცდილობ ვიმუშაო პასუხისმგებლიან პარტნიორებთან. ხდება ხოლმე, რომ ადამიანები გიმედოვნებენ. ვეკონტაქტები მათ, ვცდილობ მოტივაცია მივცე, ვუხსნი, რომ სხვა მიდგომის შემთხვევაში ფინანსური წარმატება იქნება. ვგეგმავ საქართველოში ცხოვრების გაგრძელებას. ჯერჯერობით ბინას ვქირაობ ვაკეში, ვფიქრობ საცხოვრებლის შეძენაზე.

ნურდაულეთი ამბობს, რომ ახლა ბიზნესი კიდევ უფრო უკეთ განვითარდა. სანქციების პირობებში ყაზახეთი უფრო მიმზიდველი გახდა რუსებისთვის. ზოგს ბიზნესი გადააქვს იქ, ზოგი კი იმპორტული მანქანებისთვის მიდის. მოთხოვნა იზრდება. თუმცა, ფასებიც.

ყავის წერტილი თბილისისთვის


დარია ტორბეევა ადრე მოსკოვში ცხოვრობდა, შვიდი წელი მუშაობდა კომპანია Swarovski-ში – დაკავებული იყო ლოგისტიკით, თანამშრომლობდა დიზაინერებთან და მწარმოებლებთან. ნამყოფი იყო თბილისსა და ბათუმში ტურისტული მიზნით, და თავდაპირველად ქვეყანა არც თუ ისე თბილად დახვდა. დაშას დღემდე ახსოვს, როგორ მოატყუეს აეროპორტში 2015 წელს – ქალაქამდე ტაქსში 60 ლარი გამოართვეს. გარკვეული დროის შემდეგ მას დაავალეს ბიზნესის განვითარება დსთ-სა და საქართველოში. დაიწყო ხანგრძლივი მივლინებები, 2019 წელს მან თბილისში ოთხი თვე იცხოვრა და მოჯადოებული დარჩა.



2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც კომპანიაში გლობალური ცვლილებები გამოიწვია, – ყვება დარია ტორბეევა. – მოსალოდნელი იყო შემცირებები და ნათელი გახდა, რომ სხვა სამსახურის ძებნა იყო საჭირო. ვიფიქრე, რომ ეს შესაფერისი დრო იყო არა მხოლოდ საქმიანობის სფეროს, არამედ საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელადაც. გადავწყვიტე საქართველოში გადმოსვლა. მესმოდა, რომ ენის ცოდნის გარეშე მოწყობა რთული იქნებოდა, ამიტომ დავგეგმე საკუთარი საქმის გახსნა. მახსოვდა, როგორ მაკლდა ყავის ჭიქის აღების და გასეირნების შესაძლებლობა, აუცილებლად მაგიდასთან უნდავმჯდარიყავი. სწორედ ამ ნიშის შევსება მინდოდა.

დარია საფუძვლიანად მოემზადა რელოკაციისთვის. მოსკოვში დაამთავრა ბარისტას სკოლა და მიიღო საერთაშორისო ნიმუშის დიპლომი, გაიარა სემინარი მენეჯმენტსა და ყავის მაღაზიის გახსნაში. შემდეგ კი პატარა ყავის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, და ბოლოს, საქართველოში გაემგზავრა.

– ჩემმა ხელმძღვანელმა კომპანია Swarovski-დან შემომთავაზა პარტნიორობა, რაზეც დავთანხმდი, – დააზუსტა მეწარმემ. – ის შესანიშნავი ფინანსისტია, მე კი უფრო მეტად ადმინისტრაციული ნიუანსები მესმის. ვიპოვეთ იურისტი, ბუღალტერი, მოვამზადეთ დოკუმენტები და დავარეგისტრირეთ შპს. ეს იყო 2020 წლის მარტში და მაშინ გაფორმება ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში მიმდინარეობდა. შემდეგ რამდენიმე წუთში გავხსენით საბანკო ანგარიში, მივედით საგადასახადოში.

გოგონები გეგმავდნენ შეექმნათ რაღაც კაფე-წერტილის მსგავსი, როგორც პეტერბურგსა და მოსკოვშია – პატარა ჯიხურის სახით. აღმოჩნდა, რომ ასეთი პროექტის მერიასთან შეთანხმება რთულია. განიხილავდნენ სავაჭრო ცენტრში ფართის ქირაობის ვარიანტს, მაგრამ ეძებდნენ ადგილს პირველ სართულზე, მათ კი მხოლოდ ზედა სართულზე ფუდკორტებს სთავაზობდნენ. დამატებით, პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრებში შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. საბოლოოდ, მეწარმეებმა იქირავეს ცალკე ფართი ლესელიძის ქუჩაზე, ძველ ქალაქში. გააკეთეს რემონტი. თბილისში ცნობილმა მხატვარმა გოშა დიმიტრიუკმა დახატა კატები, რომლებთანაც შემდეგ ყველა სურათს იღებდა. ერთმა რუსმა გოგონამ სტილიზებული ასოები გამოსახა. ყველაფერი შესანიშნავი იყო, მხოლოდ აბრის გაკეთება ვერ მოხერხდა. კლიენტებს კაფეს პოვნაში სირთულეები ექმნებოდათ.

არჩევისას მნიშვნელოვანი ნიუანსი არ გავითვალისწინე, – გვიზიარებს გამოცდილებას დარია. – შენობა პრივატიზაციის სტადიაში იმყოფებოდა და იურიდიულად არ არსებობდა. თავდაპირველად აბრა არ იყო, და ჩვენ ვერ ვიღებდით განთავსების ნებართვას. და პირველ ხანებში ხარჯები, რა თქმა უნდა, აღემატებოდა შემოსავლებს. მართალია, საქართველოს კანონები ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს. აქ ასეთ შემთხვევებში დღგ-ს დაბრუნებას აკეთებენ.

კაფეს Kava Minda დაარქვეს, შეიმუშავეს საფირმო სტილი, ჭიქებზე განათავსეს ლოგოტიპი საქართველოს დროშით. დამთვალიერებელი ბევრი იყო – ძირითადად ტურისტები, რომლებმაც სათანადოდ დააფასეს გემრიელი ყავა, თანამედროვე აპარატურა და ხარისხიანი პროდუქტები.

– ჩვენთან მხოლოდ პროფესიონალები მუშაობდნენ, – ამბობს დაშა. – მე თავადაც მივდიოდი სამსახურში დილის შვიდ საათზე, პერიოდულად ვადუღებდი ყავას. ასევე ვატარებდი ინვენტარიზაციას, ვაგვარებდი მოწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი, სამწუხაროდ, ხდებოდა. მაგალითად, მერძევეს ზოგჯერ ავიწყდებოდა რძის მოტანა.

კაფე ადრე იხსნებოდა, რაც ასევე უჩვეულო იყო თბილისისთვის. მეწარმეები იხდიდნენ ყველა გადასახადს, აწარმოებდნენ მკაცრ აღრიცხვას, ადგენდნენ აქტებს, რადგან, როგორც დარიამ განმარტა, პატივს სცემენ ქვეყანასა და მის კანონებს. გადასახადები დიდი გამოდიოდა – იჯარის ღირებულების 20% მომსახურებაზე, და კიდევ ხელფასები, შენატანები საპენსიო ფონდში. მიუხედავად ამისა, კარგი მოგება ფარავდა ხარჯებს.

– ვმუშაობდი დილიდან გვიან საღამომდე, – იხსენებს მეწარმე. – 8 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წავედი ხუთი დღით დედასთან ერთად ზღვაზე. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ შემოდგომაზე ტურიზმის ვარდნა დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ ნაკლებად უნდა ვყოფილიყავით დამოკიდებული ჩამოსულებზე და კარგი იქნებოდა სხვა ადგილის შერჩევა. თბილისში ყველაზე პრესტიჟულ უბნად ვაკე ითვლება, იქ გავემართეთ კიდეც. კვლავ დავიწყეთ რემონტი, თანაც შევეჯახე არასავალდებულობას, შემდეგ კი შემსრულებლების მხრიდან მოტყუებას. ბევრი ცრემლი დაიღვარა, მაგრამ 2021 წლის დეკემბერში მოვახერხეთ კაფეს გახსნა ჭავჭავაძის ქუჩაზე. და მოულოდნელად გაირკვა, რომ ქართველებისთვის კარგი სერვისი არც ისე მნიშვნელოვანია. ისინი დაწესებულებებს სხვა პრინციპებით ირჩევენ. ჩვენთან მხოლოდ ექსპატები დადიოდნენ, ეს კი ცოტა იყო. ახალი წლისთვის ნათელი გახდა, რომ შემოსავალს კი არა, ზარალს მივიღებდით. ვესაუბრეთ კოლეგას და გადავწყვიტეთ დახურვა, ბრენდის შენარჩუნებით.

დარია ახლა დარწმუნებულია, რომ გადმოსვლა შეცდომა იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ის გეგმავს ყავის მაღაზიის კვლავ გახსნას ძველ ქალაქში. ჯერჯერობით ის დისტანციურად მუშაობს ონლაინ-განათლების სფეროში – მარკეტოლოგად. ძალიან ენატრება ბარის დახლი.

ონლაინში გადავიდა


ჟანა უსკემბაევა საქართველოში ყაზახეთიდან ჩამოვიდა, სადაც 11 წელი იყო დაკავებული ქაშმირის ტანსაცმლის გაყიდვასთან დაკავშირებული ბიზნესით. მისი მაღაზიები ალმათისა და ასტანაში მუშაობდა, ხოლო 2016 წელს გახსნა მეორე მიმართულება – IT სფეროში, გაიტაცა მეწარმეებისთვის განკუთვნილმა UDS სოფტმა.



– გეგმაში იყო ჩემი ქაშმირის ბიზნესის მასშტაბირება UDS-ის დახმარებით და ახალ დონეზე გადასვლა, რადგან დავინახე ახალი პერსპექტივები, – ყვება ჟანა. – აღმოჩნდა, რომ აუცილებელი არ არის იყო მიბმული ოფისზე ან ოფლაინ სავაჭრო წერტილებზე. ამ სოფტით შესაძლებელია მუშაობა და ბიზნესის დისტანციურად კონტროლი. ამაში დავრწმუნდი, როდესაც UDS მობილური აპლიკაცია დამეხმარა გაყიდვების გაზრდაში. ეს ხომ «სარაფანული რადიოს» ელექტრონული ანალოგია, რომელიც დღემდე ბევრ პიარ-კამპანიაზე ეფექტურია.

2019 წელს მეწარმე გავიდა ქაშმირის ტანსაცმლის საბითუმო გაყიდვებზე მილანის გავლით და იმავე წელს დახურა საცალო მაღაზიები ყაზახეთში. გადასასვლელად განიხილავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, აპირებდა ჩრდილოეთ კვიპროსზე წასვლას. მნიშვნელოვანი იყო არამკაცრი საგადასახადო რეჟიმი, ხელმისაწვდომი ინტერნეტი. ასევე უნდოდა რბილი კლიმატი, ზღვა და თვალწარმტაცი ბუნება. ქალიშვილმა მიაწოდა იდეა საქართველოზე, სადაც ისინი ერთხელ ისვენებდნენ, და ეს ვარიანტი მოეწონათ. გადმოსვლიდან რამდენიმე თვეში მოვიდა არჩეული გზის სისწორის გაცნობიერება.

– მიხარია, რომ მაღაზიები პანდემიამდე დავხურე, – ამბობს ჟანა. – მე სრულად გადავედი ონლაინში და ვავითარებ UDS სოფტს მეწარმეებისთვის. მუშაობისთვის ახლა მხოლოდ კომპიუტერი, ტელეფონი და ინტერნეტია საჭირო. საქართველოში უკვე მესამე წელია ვცხოვრობ. აქ ვხედავ განვითარების უზარმაზარ შესაძლებლობებს და შემიძლია ვიმუშაო მთელ მსოფლიოში.

ზარმაცი ბიზნესი


იგორ პონომარევი საქართველოში რელოკაციამდე მოსკოვში ცხოვრობდა. კოლეჯის სტუდენტებს უყვებოდა ავტომობილების მოწყობასა და მომსახურებაზე. 2021 წლის შემოდგომაზე დაიწყო ხელფასების შემცირება. იგორს ეს ცვლილებები საკმაოდ ძლიერად შეეხო. შემოსავლები თვეში 50 ათასი რუბლიდან 30-მდე დაეცა.



– გადავწყვიტე სამსახურიდან წამოსვლა და პაუზის აღება, დაფიქრება, იქნებ რომელიმე თბილ ქვეყანაში გამეტარებინა ზამთარიც კი, – გვიამბო რუსმა. – შეყვარებულთან ერთად განვიხილავდით თურქეთს, საქართველოს და ტაილანდს. შევჩერდით საქართველოზე, რომელიც უფრო გასაგები, ახლო და მშობლიური ჩანდა. ოქტომბერში უკვე თბილისში ვიყავით. ვიპოვეთ საცხოვრებელი, რომლის პატრონიც შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა. დავდივართ მასთან ერთად მწვადებზე, გვაძლევს რჩევებს, გვეხმარება რთულ სიტუაციებში.

იგორი ვარაუდობდა მუშაობას «ტინკოფის» კლიენტთა მხარდაჭერის ჩატში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბანკს მკაცრი მოთხოვნა აქვს – აუცილებელია რუსეთში ცხოვრება. მოუწია სხვა გზების ძიება. თავიდან უნდოდა კაფელის ბიზნესის განვითარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში წარმოების გახსნა რთულია, მასალები დაბალი ხარისხისაა. სცადა მოლაპარაკება ადგილობრივ მეწარმესთან კაფელის შესყიდვაზე შემდგომი გადაყიდვის მიზნით. საქმემდე ვერ მივიდნენ. შემდეგ კი იგორი უძრავ ქონებაზე გადაერთო. ეხმარება რიელტორებს, ბინის მესაკუთრეებს და მათ, ვისაც ბინის ქირაობა სურს.

დავიწყე ამით აქტიურად დაკავება მარტში, როდესაც ადგილობრივი რიელტორები ვერ აუდიოდნენ ყველა კლიენტთან მუშაობას, – განმარტა იგორმა. – ვთანამშრომლობ მათთან, სწრაფად ვაქირავებ ბინებს და შემოსავალს შუაზე ვიყოფთ. ჩემი უპირატესობებია – სწრაფად, შეფერხებების გარეშე მუშაობის მზაობა, აქ ეს ფასდება, რადგან ბიზნესს აუჩქარებლად აწარმოებენ, ვიტყოდი ზარმაცადაც კი. დამატებითი მნიშვნელოვანი თვისებებია – ინგლისურისა და რუსულის ცოდნა, ადამიანების განწყობისა და მოლაპარაკების უნარი. კვირაში საშუალოდ 3 ბინას ვაქირავებ, გამოდის 400 დოლარზე მეტი. ანუ საქართველოში გამოვიმუშავებ რამდენჯერმე მეტს, ვიდრე მოსკოვში.

ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საცხოვრებლის ქირაობაზე გაზრდილი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დროებითია. საჭიროა გაფართოება და უძრავი ქონების გაყიდვით დაკავება. შეიმუშავებს სხვა პროექტებსაც, რომლებიც დაიწყებენ მუდმივი შემოსავლის მოტანას. თუმცა, ფაქტი არ არის, რომ რეალიზაცია საქართველოში მოხდება. იგორს მოსკოვში დაბრუნება სჭირდება.

ჩინეთიდან არგენტინამდე


ცოლ-ქმარი ირინა და ვალერი – ბელარუსის მოქალაქეები არიან, მუშაობენ IT სფეროში. პოლიტიკური სიტუაციის გამო მინსკიდან თბილისში ერთი წლის წინ წამოვიდნენ. აირჩიეს საქართველო, რადგან ამ ქვეყანაში არ არის საჭირო ვიზები, შემოსვლის ძალიან მარტივი პირობებია, აიტიშნიკებისთვის დაწესებულია შეღავათიანი პირობები გადასახადებზე. დამატებით, გაფორმების ყველა პროცედურა უფრო მარტივია, ვიდრე ბულგარეთსა და გერმანიაში, სადაც მეუღლეებს უცხოვრიათ. სამედიცინო დაზღვევა გააკეთა კომპანიამ, რომელშიც ისინი მუშაობენ. ვალერიმ მოასწრო შეემოწმებინა, როგორ მუშაობს სისტემა – კბილი პრაქტიკულად უფასოდ იმკურნალა, გადაიხადა რა მხოლოდ 9 ლარი, დანარჩენი დაზღვევამ დაფარა. ერთადერთი სირთულე, რასაც შეეჩეხნენ გადმოსვლის შემდეგ – ენაა, მაგრამ ანბანი ისწავლეს. ვალერი იფართოებს ლექსიკონს, ხოლო ირინას ჯერჯერობით ამისთვის არ ჰყოფნის დრო და ძალა.

– მე პროექტის ხელმძღვანელი ვარ, დატვირთვა საკმაოდ დიდია, – განმარტა ირინამ. – გრაფიკი არანორმირებულია, არავინ მაკონტროლებს, მთავარია – მივიღოთ შედეგი. ხანდახან დამკვეთის გუნდი მიმოფანტულია სხვადასხვა ქვეყანაში – ჩინეთიდან არგენტინამდე. შესაბამისად, ერთ თანამშრომელთან ღამეა, მეორესთან ადრიანი დილა. ვიცავ გარკვეულ გრაფიკს, ალბათ, მხოლოდ სამუშაო დღის დასაწყისისთვის. ჩვეულებრივ კომპიუტერთან დილის ათ საათზე ვჯდები. დასრულება შემიძლია საღამოს შვიდზე, ათზე და თორმეტზეც.

მეუღლეებს სამი კომპიუტერი აქვთ – ორი კომპანიამ გასცა და ერთი პირადია. მუშაობენ დისტანციურად. ბევრს დადიან ფეხით. უკვე ისწავლეს გზებზე აქეთ-იქით ყურება შუქნიშნის ნებისმიერი სიგნალის დროს, რადგან საქართველოში «ქვეითებს «ზებრაზე» ისე ხალისით არ ატარებენ, როგორც ბელარუსში». ვალერის არცთუ ისე მოსწონს ზაფხულის სიცხე, ხოლო ირინას აშინებს კალია, რომელსაც შეუძლია მე-11 სართულზეც კი შემოფრინდეს. საშიში იყო მიწისძვრის დროსაც, რომელიც ზამთარში მოხდა. თუმცა, ბიძგები დასრულდა სიტყვასიტყვით რამდენიმე წამში.

მეუღლეები ამბობენ, რომ 2022 წლის მარტში თბილისში სიტუაცია შეიცვალა. საცხოვრებლის ქირაობაზე აჟიოტაჟის ფონზე, ოროთახიანი ბინის მფლობელმა, რომელსაც ისინი ქირაობენ, გადასახადი გაზარდა. საბედნიეროდ, მხოლოდ 50 დოლარით. ახლა თვეში 500 დოლარს იხდიან.

– ადრე ყველაზე იაფი ქვეყანა მათ შორის, სადაც მიცხოვრია, იყო ბულგარეთი – პროდუქტებზე, ქირაზე, კომუნალურებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ფასების გათვალისწინებით, – ამბობს ვალერი. – მეორე ადგილზე იყო საქართველო, მესამეზე ბელარუსი. ახლა საქართველო ლიდერობს სიძვირით. ყველაზე მარტივი მაგალითი: სოფიაში ჩვენ საცხოვრებელს ვქირაობდით 350 ევროდ. ამასთან ბინა უფრო წესიერი იყო, ვიდრე ის, სადაც ახლა ვცხოვრობთ. ბულგარეთში იაფია ხილიც, ხორციც.

სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ-არხების ჩატებში აქვეყნებენ პოსტებს რუსებისა და ბელარუსების მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლინებებზე. მეუღლეებს ეს არ უგრძვნიათ. ყველა ძველებურად კეთილგანწყობილია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ერთხელ ლიფტში გაჩნდა ფურცელი, რომელშიც განმარტებული იყო, რომ საქართველოში ადგილობრივ ენაზე ან ინგლისურად უნდა ისაუბრონ და ზოგიერთებს აქ არ მიესალმებიან. ის სწრაფად გაქრა.

– ზოგადად და მთლიანობაში ქვეყანა მოგვწონს, – აღნიშნა ვალერიმ. – ადამიანები უმეტესწილად მეგობრულები, სასიამოვნოები არიან. ერთი წლის განმავლობაში გაჩნდა უამრავი კარგი ნაცნობი, მათ შორის ქართველებს შორის, რადგან მე მათი მეგობრის მეგობარი ვარ და, შესაბამისად, ასევე დაშვებული ვარ ახლობელთა წრეში. მიუხედავად ამისა, გვსურს დავბრუნდეთ სახლში, ბელარუსში, იქ არიან მშობლები, მეგობრები. ოღონდ ახლა არ არის ამისთვის ყველაზე შესაფერისი დრო. ჩვენ გვაქვს საცხოვრებელი ბულგარეთშიც. ამ ვარიანტს განვიხილავთ, თუ ქვეყანაში შენარჩუნდება პენსიონერებისთვის ბინადრობის უფლების (ВНЖ) მარტივად მიღების პროგრამა. იქ, სხვათა შორის, სასიამოვნოა გამოზამთრება, და ზაფხულიც უფრო რბილია, ვიდრე საქართველოში.

საცხოვრებელი კრიპტოში


International Investment-ის რედაქცია ესაუბრა კონსალტინგური კომპანია Apriori Georgia-ს წარმომადგენლებსაც, რომელიც ეხმარება ჩამოსულებს მოწყობაში, ბიზნესის გადმოტანაში, ლეგალიზებაში, და ასევე უწევს დახმარებას საცხოვრებლის შეძენაში. კომპანიის პარტნიორი კარა ბიუელი აღნიშნავს, რომ გაზაფხულზე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე. თანაც ზოგიერთი ბინებს დისტანციურად ყიდულობს, გაეცნობა რა მხოლოდ პროექტის პრეზენტაციას, ანუ ბინის ფიზიკურად დათვალიერების გარეშე.

ხალხი ცდილობს კაპიტალის გადატანას რუსეთიდან საქართველოში, მიიჩნევს რა ამ ქვეყანას უფრო საიმედოდ და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის მქონედ. საქართველოს ერთ-ერთმა მსხვილმა დეველოპერმა გადახდის მიღება კრიპტოვალუტითაც კი დაიწყო. თუმცა, მიგრაციის დიდი ტალღის გამო მნიშვნელოვანი დატვირთვა გაჩნდა საბანკო სექტორზე. გაიზარდა მოთხოვნა რუსულენოვან საბავშვო ბაღებზე, სკოლებზე, სექციებსა და წრეებზე. იხსნება ახალი კომპანიები – დასუფთავების, ავეჯის დამზადებისა და რემონტის და სხვა, რომლებიც ორიენტირებულია სწორედ რუსულენოვან დამკვეთებზე.

– ბევრ უცხოელს სურს იცხოვროს აუცილებლად თბილისში, – აღნიშნავს კარა. – დედაქალაქში ყველაზე დიდი საქმიანი აქტივობაა, მაგრამ ფასებიც აქ უფრო მაღალია. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით ყურადღება მიაქციონ ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ბათუმი ან ქუთაისი.

2022 წლის ყოველ თვესთან ერთად საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში იზრდება. მარტის ზრდის ციფრებმა 200%-ს გადააჭარბა. დეტალური სტატისტიკა ჩვენ გამოვაქვეყნეთ უფრო ადრე აქ.

International Investment-ის ექსპერტები აღნიშნავენ ქვეყნის ყველა დარგის სწრაფ განვითარებას და პანდემიამდელ დონეზე დაბრუნების ტენდენციას. უცხოელი მეწარმეების მოზიდვას აფასებენ როგორც პოზიტიურ და სწორ ნაბიჯს. ეს ხომ ახალი ინვესტიციები, სამუშაო ადგილები და სერვისის სხვა დონეა. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ხელსაყრელ პირობებს ბიზნესისთვის — ქვეყანაში დაბალი გადასახადებია და არ არის ბიუროკრატია.

ტატიანა ბოროდინა