თბილისის უბნები- სად არის ყველაზე მაღალი ფასები და სად იყიდება ყველაზე მეტი ბინა?
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე აქტიური უბნები გაყიდვების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი, საბურთალო და სამგორია. Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, რომელიც 2026 წლის სექტემბრის მონაცემებს ეფუძნება, დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზარზე, ფასების მიხედვით, მკვეთრად გამოიყოფა ვაკე, მთაწმინდა და ჩუღურეთი, სადაც კვადრატული მეტრის ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება თბილისის სხვა უბნების მაჩვენებლებს.
გაყიდვების რაოდენობით პირველ ადგილზე დიდი დიღომია — 962 გაყიდული ბინა. საშუალო გასაყიდი ფასი 1,144 დოლარია კვადრატულ მეტრზე, ხოლო საშუალო ქირა — 9.6 დოლარი. ეს უბანი გამოირჩევა გაყიდვების ყველაზე მაღალი მოცულობით და შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით, რაც მას მასობრივი მოთხოვნის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აქცევს.
მეორე ადგილზეა საბურთალო — 707 გაყიდვით. საშუალო გასაყიდი ფასი 1,770 დოლარია კვადრატულ მეტრზე, ხოლო საშუალო ქირა — 13.2 დოლარი. საბურთალო განსაკუთრებით საინტერესო იმითაც არის, რომ გაყიდვების მაღალი რაოდენობის პარალელურად ინარჩუნებს შედარებით მაღალ ფასებსა და ქირის ღირებულებას. ეს მაჩვენებელი ცხადჰყოფს, მის როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო მიმართულებით აქტიურობას.
მესამე ადგილზეა სამგორი — 638 გაყიდვით. საშუალო გასაყიდი ფასი 1,172 დოლარია კვადრატულ მეტრზე, ქირა კი 9.4 დოლარი. დიდი დიღმის მსგავსად, სამგორიც შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა და გაყიდვების მაღალი მოცულობა ფიქსირდება.
შემდეგ მოდის გლდანი — 482 გაყიდვით, ისანი — 328 გაყიდვით, ნაძალადევი — 317 გაყიდვით და დიდუბე — 266 გაყიდვით. აღნიშნული უბნები გაყიდვების საშუალო და მაღალი აქტივობით გამოირჩევა და ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
ფასების თვალსაზრისით, ყველაზე ძვირადღირებული უბანი ვაკეა, სადაც საშუალო გასაყიდი ფასი 3,372 დოლარია კვადრატულ მეტრზე, ხოლო ქირა — 16.1 დოლარი. ვაკეში 136 გაყიდვა დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა მთაწმინდა — 2,719 დოლარით და 118 გაყიდვით. მესამე ადგილზე ჩუღურეთია — 2,337 დოლარით და 124 გაყიდვით.
რაც შეეხება კრწანისს, აქ, — 1,690 დოლარი ფიქსირდება კვადრატულ მეტრზე, 199 გაყიდვით. დიდუბეში საშუალო ფასი კი 1,509 დოლარია, გაყიდვების რაოდენობა კი 266-ს შეადგენს.
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, სექტემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდი გაყიდვების მოცულობა კვლავ შედარებით ხელმისაწვდომ უბნებზე ვრცელდება. საერთო სურათით, ბაზარზე ორი ძირითადი მიმართულება იკვეთება: ერთი მხრივ, ხელმისაწვდომი ფასის მქონე უბნები, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა მაღალია, ხოლო მეორე მხრივ, ძვირდაღირებული უბნები, სადაც ერთი კვადრატული მეტრის ფასი და ქირის შემოსავალი მნიშვნელოვნად მაღალია.
