English  עברית  ქართული  Русский  

როგორ იცვლება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მოგზაურობის მიზნები - 2026 წლის ტენდენციები და გრძელვადიანი დინამიკა

როგორ იცვლება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მოგზაურობის მიზნები - 2026 წლის ტენდენციები და გრძელვადიანი დინამიკა

2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა თითქმის უცვლელია. თუმცა, მოგზაურობის მიზნების მიხედვით განსხვავებული ტენდენციები იკვეთება. იზრდება დასვენებისა და რეკრეაციის, ასევე მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელებული ვიზიტები, მაშინ, როდესაც ტრანზიტისა და შოპინგის მიმართულებები შემცირებულია. გრძელვადიანი მონაცემები კი აჩვენებს, რომ საქართველოს ტურისტული ბაზრის სტრუქტურა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა.

საქართველოს ტურისტული ბაზრის შეფასებისას ვიზიტების საერთო რაოდენობა მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა მიზნით ჩამოდიან საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორები, როგორ იცვლება მათი მოგზაურობის მოტივაცია და რომელი მიმართულებები ქმნის ტურისტულ მოთხოვნას.

2026 წლის პირველი ცხრა თვე: დასვენებისა და რეკრეაციის მიმართულება ლიდერობს

2026 წლის პირველ სამ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელებულ მოგზაურობებზე მოდიოდა.

ამ კატეგორიის საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 316.3 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-იანი ზრდაა.

მეორე ადგილზეა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელებული ვიზიტები. აღნიშნული კატეგორიის საშუალო თვიური რაოდენობა 143.7 ათასი იყო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება.

შედარებით განსხვავებული სურათი იკვეთება ტრანზიტისა და შოპინგის მიმართულებებში. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, ტრანზიტის მიზნით განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 66.1 ათასი იყო, რაც წლიურ ჭრილში 13.7%-იანი შემცირებაა. შოპინგის მიზნით განხორციელებული ვიზიტების მაჩვენებელი კი 23.0 ათასს შეადგენდა, რაც 7.6%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით განხორციელებულ ვიზიტებს, საშუალო თვიური რაოდენობა 34.5 ათასამდე გაიზარდა, რაც 3.6%-იანი მატებაა.

აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ 2026 წელს საქართველოს არარეზიდენტ ვიზიტორთა ბაზრის ძირითად მამოძრავებელ მიმართულებებად დასვენება და სოციალური კავშირებით განპირობებული მოგზაურობები რჩება.

მესამე კვარტალი: ზაფხულის სეზონმა ვიზიტების მიზნების ხასიათი შეცვალა

2026 წლის კვარტალური მონაცემები, ვიზიტის მიზნებშიც, საქართველოს ტურისტული ბაზრის სეზონურ ხასიათს წარმოაჩენს.

კერძოდ, მესამე კვარტალში დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 509.0 ათასი შეადგინა, რაც საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 58.8%-ია. რაც შეეხება სხვა მიზნებს, მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 186.8 ათასი იყო, ხოლო ტრანზიტის მიზნით განხორციელებული ვიზიტების - 96.4 ათასი.

ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ბიზნესისთვის, რადგან დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მოთხოვნის მნიშვნელოვანი წილი კვლავ ზაფხულის სეზონზეა კონცენტრირებული.

საქმიანი ტურიზმი: აღდგენის მნიშვნელოვანი პოტენციალი

2026 წლის მონაცემებში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით განხორციელებული ვიზიტებია.

პირველ სამ კვარტალში ამ კატეგორიის საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 34.5 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6%-იანი ზრდაა. კონკრეტულად მესამე კვარტალში კი, წლიურმა ზრდამ, 12.3% შეადგინა.

თუმცა, გრძელვადიანი მონაცემები აჩვენებს, რომ საქმიანი ტურიზმის მიმართულება პანდემიამდელ დონეს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

კერძოდ, 2019 წელს პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 69.3 ათასი იყო, 2025 წელს კი 35.0 ათასი. შესაბამისად, შემცირება 49.5%-ს შეადგენს.

ეს გარემოება საქართველოსთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საქმიანი ტურიზმის, საერთაშორისო კონფერენციების, გამოფენებისა და სხვა ბიზნესღონისძიებების მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, ამ სეგმენტის განვითარებას შეუძლია ტურისტული მოთხოვნის სეზონური კონცენტრაციის შემცირებას შეუწყოს ხელი.

დასვენება და სოციალური ვიზიტები პანდემიამდელ ნიშნულს აჭარბებს

ჩვენს მიერ განხილული გრძელვადიანი მონაცემების ერთ-ერთი მთავარი მიგნება მოგზაურობის მიზნების სტრუქტურის ცვლილებაა.

2019 წელს დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 280.0 ათასი იყო, 2025 წელს კი 287.5 ათასს მიაღწია. შესაბამისად, ზრდამ 2.7% შეადგინა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიმართულებით. კერძოდ, 2019 წლის 122.4 ათასიდან მაჩვენებელი 2025 წელს 136.8 ათასამდე გაიზარდა, რაც 11.7%-იან მატებას ნიშნავს.

შედეგად, 2025 წელს ამ ორი კატეგორიის ერთობლივი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში დაახლოებით 74.2% იყო, მაშინ, როდესაც 2019 წელს 62.5%-ს შეადგენდა.

თუმცა, საპირისპირო ტენდენცია იკვეთება რამდენიმე სხვა მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს, 2019 წელთან შედარებით, ტრანზიტის მიზნით განხორციელებული ვიზიტები 28.6%-ით, შოპინგის მიზნით განხორციელებული ვიზიტები კი 35.4%-ით ნაკლები იყო.

რაც შეეხება პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების მაჩვენებელს, ის თითქმის განახევრდა და 69.3 ათასიდან 35.0 ათასამდე შემცირდა.

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურისტული ბაზრის აღდგენა სხვადასხვა სეგმენტში არათანაბრად მიმდინარეობს. დასვენებისა და სოციალური ვიზიტების მიმართულებებმა პანდემიამდელ მაჩვენებლებს უკვე გადააჭარბა, ხოლო საქმიანი, ტრანზიტული და შოპინგის მიმართულებები კვლავ ჩამორჩება.

რას აჩვენებს ეს ტენდენციები ტურისტული სექტორისთვის?

საქსტატის მონაცემების ერთობლივი შეფასება რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას იძლევა. კერძოდ:

პირველი - საქართველოს არარეზიდენტ ვიზიტორთა ბაზარი სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული დასვენებასა და რეკრეაციაზე. შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურის, განთავსების ობიექტებისა და დასვენებასთან დაკავშირებული მომსახურებების განვითარება კვლავ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიმართულებად რჩება.

მეორე - ვიზიტების სეზონურობა კვლავ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ზაფხულის სეზონზე მოთხოვნის მაღალი კონცენტრაცია ზრდის არასეზონური ტურისტული პროდუქტების განვითარების მნიშვნელობას.

მესამე - საქმიანი ტურიზმის მიმართულებით არსებული ჩამორჩენა განვითარების პოტენციალზე მიუთითებს. საერთაშორისო ღონისძიებებისა და ბიზნესშეხვედრების მოზიდვა შეიძლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდეს როგორც ტურისტული მოთხოვნის დივერსიფიკაციისთვის, ისე მომსახურების სექტორის განვითარებისათვის.

მეოთხე - ვიზიტების საერთო რაოდენობის ზრდა თავისთავად არ ნიშნავს ტურისტული ბაზრის ყველა მიმართულების სრულ აღდგენას.

საბოლოოდ, 2026 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს არარეზიდენტ ვიზიტორთა ბაზარი რაოდენობრივად სტაბილურია, თუმცა, მისი სტრუქტურა კვლავ იცვლება. დასვენება და სოციალური კავშირებით განპირობებული მოგზაურობები წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს, ხოლო საქმიანი, ტრანზიტული და შოპინგის მიმართულებები დამატებითი განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.

ამრიგად, საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი ამოცანა არის არა მხოლოდ ვიზიტების რაოდენობის ზრდა, არამედ ტურისტული მოთხოვნის დივერსიფიკაცია, სეზონურობის შემცირება და თითოეული ვიზიტის ეკონომიკური ეფექტიანობის გაუმჯობესება.