English  עברית  ქართული  Русский  

„WTM London” – საქართველო მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

„WTM London” – საქართველო მსოფლიოში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ლონდოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალური პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციის, ტექნოლოგიების, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში საქართველოდან 20-მდე ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მონაწილეობენ.

რეგიონის პოპულარიზაციისთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საერთაშორისო მედიის, ორგანიზაციებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან 35-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს.

საქართველოს დელეგაციამ უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა, მსოფლიოში ისეთ ცნობილ კომპანიებთან როგორიცაა: Bloomberg, National Geographic traveler, Warner bros. Discovery, Rixos, Skyscanner, European Best Destinations...

გამოფენის ვიზიტორებს საქართველოს სტენდთან საშუალება ჰქონდათ, საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ, ქვეყანაში მოგზაურობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

,,WTM London” ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში წამყვან ღონისძიებად ითვლება. გამოფენა აერთიანებს მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 5 500-ზე მეტ სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელებს.