ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი იცვლება — ტერიტორია 25.6 ჰექტარით იზრდება, შემავსებელი მასალის მოცულობა კი თითქმის ორმაგდება
"ამბასადორი ბათუმი აილენდ"-მა ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განახლებული პროექტი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარადგინა. ცვლილებები ეხება ხელოვნური ტერიტორიების კონფიგურაციას, დამცავი ჯებირების ზომებსა და განლაგებას, შიდა აკვატორიის წყლის მიმოცვლას და პლაჟებსა და იახტების ნავმისადგომს. განახლებული სამშენებლო გრაფიკი სამუშაოების 2031 წლის ივლისამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში მშენებარე ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელების პირობები იცვლება. კომპანია "ამბასადორი ბათუმი აილენდმა" გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული ანგარიში წარუდგინა, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც ხელოვნური ტერიტორიების ახალი კონფიგურაცია, ისე დამცავი ჰიდროტექნიკური ნაგებობების, საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო პროცესის შეცვლილი პარამეტრები.
პროექტის ძირითადი კონცეფცია უცვლელი რჩება. კერძოდ, კვლავ გათვალისწინებულია ორი ხელოვნური ნახევარკუნძული, ცენტრალური ხელოვნური კუნძული და სამი დამცავი ჯებირი — დასავლეთის, აღმოსავლეთისა და ოფშორული. თუმცა, ახალი გადაწყვეტით იზრდება პროექტის საერთო სივრცითი არეალი, იცვლება ობიექტების ურთიერთგანლაგება და მნიშვნელოვნად ფართოვდება ღია ზღვასთან შიდა აკვატორიის დამაკავშირებელი გასასვლელები.
ცვლილებების მთავარი საინჟინრო მიზანია წყლის მიმოცვლის გაუმჯობესება და მდინარე კუბასწყლის წყალდიდობის ჩამონადენის უფრო თავისუფალი გატარება. ამის პარალელურად, პროექტის გაფართოება ზრდის ზღვის ფსკერის მუდმივად დაკავებულ ფართობსა და სამშენებლო მასალების საჭირო მოცულობას.
პროექტის სივრცითი მასშტაბი იზრდება
განახლებული გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, ზღვის ფსკერის მუდმივად დასაკავებელი საპროექტო არეალი თავდაპირველი 108.19 ჰექტრიდან 133.79 ჰექტრამდე იზრდება. მატება 25.60 ჰექტარს, ანუ დაახლოებით 23.7%-ს შეადგენს.
ცვლილებები პროექტის ძირითად კომპონენტებსაც მოიცავს:
ცვლილებებიდან ყველაზე დიდი სივრცითი ზრდა ოფშორულ დამცავ ჯებირზე მოდის. კერძოდ, მისი ფართობი 4.93-დან 19 ჰექტრამდე იზრდება. გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, პროექტის საერთო სივრცითი ზრდის დაახლოებით 55% სწორედ ამ ნაგებობის გაფართოებაზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ 133.79 ჰექტარი მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ხმელეთის ფართობი არ არის. ეს მაჩვენებელი ზღვის ფსკერის მუდმივად დაკავებულ მთლიან საპროექტო არეალს აღნიშნავს და ხელოვნურ ტერიტორიებთან ერთად ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ სივრცესაც მოიცავს.
ოფშორული დამცავი ჯებირი 566 მეტრით გრძელდება და ზღვისკენ გადაადგილდება
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ტალღებისგან დამცავი ნაგებობების კონსტრუქციასა და განლაგებას ეხება.
თავდაპირველი პროექტით, ოფშორული დამცავი ჯებირის სიგრძე 630 მეტრი იყო, განახლებული პროექტით კი, ის 1,196 მეტრამდე იზრდება. ამასთან, ნაგებობა თავდაპირველ პოზიციასთან შედარებით დაახლოებით 250 მეტრით ზღვის მიმართულებით გადაადგილდება და მისი ფართობი 4.93-დან 19 ჰექტრამდე იზრდება.
იცვლება, ასევე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამცავი ჯებირებიც. განახლებული პროექტით დასავლეთის დამცავი ჯებირის სიგრძე 1,230 მეტრი იქნება, აღმოსავლეთისა კი — 1,280 მეტრი. შესაბამისად, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, მათი სიგრძე, 130 და 180 მეტრით იზრდება.
ამასთან, იცვლება დამცავი ჯებირების ვერტიკალური პროფილიც. თავდაპირველ გადაწყვეტაში დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამცავი ჯებირების ცალკეულ მონაკვეთებზე თხემის ნიშნულები +7.40–+7.60 მეტრს აღწევდა. განახლებული პროექტით კი ძირითადი მონაკვეთების ნიშნული +4.50 მეტრამდე მცირდება, ხოლო სანაპიროსთან საწყის მონაკვეთში +3.50 მეტრია გათვალისწინებული.
პროექტის ავტორების განმარტებით, ტალღებისგან დაცვის საჭირო დონე ჯებირების სიმაღლის გაზრდის ნაცვლად მათი განივი კვეთის გაფართოებით მიიღწევა. შესაბამისად, ნაგებობები უფრო დაბალი, მაგრამ ფართო და მასიური იქნება. ეს, ანგარიშის მიხედვით, ტალღის ენერგიის შთანთქმასა და ქალაქიდან ზღვის ხედის შედარებით ნაკლებად შეზღუდვას ემსახურება.
შემავსებელი მასალის საჭიროება თითქმის ორმაგდება
პროექტის გაფართოებას მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვება გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების მოცულობაშიც. კერძოდ, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ხელოვნური ტერიტორიებისა და შესაბამისი ნაგებობების მოსაწყობად საჭირო იყო დაახლოებით 3.52 მილიონი კუბური მეტრი შემავსებელი მასალა. განახლებული პროექტით კი, ეს მოცულობა 6.97 მილიონ კუბურ მეტრამდე იზრდება.
უფრო კონკრეტულად, გზშ-ის ანგარიშში მოცემული ზუსტი მონაცემებით, თავდაპირველი მოთხოვნა 3,518,488.60 კუბური მეტრი იყო, განახლებული კი 6,974,800 კუბურ მეტრია. სხვაობა 3.46 მილიონ კუბურ მეტრს, ანუ დაახლოებით 98.2%-ს შეადგენს.
ანგარიშის მიხედვით, იცვლება დამცავი ბეტონის ელემენტების გამოყენების სისტემაც. თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული 20,951 XBloc ელემენტის ნაცვლად, განახლებულ გადაწყვეტაში XBloc+, XBloc და კლდოვანი ჯავშნის კომბინირებული სისტემაა გამოყენებული. ბეტონის ელემენტების საერთო რაოდენობა 12,068-მდე, ხოლო მათი მოცულობა 74,497-დან 68,141 კუბურ მეტრამდე მცირდება.
ამრიგად, პროექტი, ერთდროულად, ითვალისწინებს როგორც შემავსებელი მასალის თითქმის გაორმაგებას, ისე დამცავი ბეტონის ელემენტების მოცულობის დაახლოებით 8.5%-ით შემცირებას.
წყლის მიმოცვლა — პროექტის ცვლილების მთავარი მიზეზი
განახლებული კონფიგურაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი შიდა აკვატორიაში წყლის ცირკულაციის პრობლემაა.
თავდაპირველი პროექტით, ცენტრალურ კუნძულსა და ნახევარკუნძულებს შორის წყლის გასასვლელები დაახლოებით 20 მეტრი სიგანის უნდა ყოფილიყო. თუმცა, გზშ-ის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰიდროდინამიკური მოდელირების მიხედვით, ასეთი კონფიგურაციით შიდა აკვატორიის ცალკეულ ნაწილებში წყლის მიმოცვლა სუსტი იქნებოდა. შედეგად, იზრდებოდა მდინარეებიდან შემოსული დამაბინძურებლებისა და ნატანის დაგროვების რისკი.
შესაბამისად, ახალი პროექტით, წყლის გამტარი ღიობები 50–100 მეტრამდე ფართოვდება, ხოლო შედარებით ცხრილში მათი საპროექტო სიგანე 100 მეტრით არის განსაზღვრული. ამ ცვლილების მიზანი შიდა აკვატორიასა და ღია ზღვას შორის ჰიდრავლიკური კავშირის გაუმჯობესებაა.
თავდაპირველ გზშ-ში გათვალისწინებული იყო წყლის მიმოცვლის ხელშეწყობისთვის სატუმბი და წყლის მოძრაობის დამაჩქარებელი დანადგარების გამოყენებაც. თუმცა, განახლებული გადაწყვეტით პრიორიტეტი თავად სივრცითი განლაგების შეცვლას ენიჭება — ფართო გასასვლელემაი წყლის მოძრაობა მექანიკური დანადგარების მუდმივი გამოყენების გარეშეც უნდა უზრუნველყოს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Yüksel Proje-სა და ARTELIA-ს მიერ მომზადებული TELEMAC-3D მოდელირების შედეგების მიხედვით, შიდა აკვატორიის საკონტროლო წერტილებში წყლის 63%-იანი განახლების დრო 3.6–7.5 დღეა, ხოლო მთლიან შიდა აკვატორიაში ტრასერის 95%-იანი განზავება, ზამთრის საანგარიშო სცენარში 14 დღეში, ზაფხულის სცენარში კი 15 დღეში მიიღწევა.
ამასთან, ეს მონაცემები მოდელირების შედეგებია და არა წყლის ხარისხის გაუმჯობესების გარანტია. თავად ანგარიშშიც არის აღნიშნული, რომ წყლის მიმოცვლის პარამეტრებთან ერთად, ხარისხზე გავლენას მდინარეებიდან შემომავალი ბიოგენური და მიკრობული დაბინძურებაც ახდენს.
იცვლება მდინარეების წყლის გატარების სქემაც
ახალი კონფიგურაცია ითვალისწინებს მდინარეების ბარცხანასა და კუბასწყლის, ასევე უსახელო ხევის წყლის ნაკადების გადაადგილების სქემის ცვლილებას.
განახლებული პროექტით, მდინარე ბარცხანა შიდა აკვატორიაში აღარ ჩაედინება. მდინარე კუბასწყალი კი კვლავ შიდა აკვატორიის აღმოსავლეთ ნაწილში ჩაედინება, საიდანაც მისი წყალი გაფართოებული გასასვლელებით ღია ზღვაში გავა.
გათვალისწინებულია უსახელო ხევის სადერივაციო კოლექტორის სიგრძის 420-დან 482.55 მეტრამდე გაზრდაც. ახალი გადაწყვეტით მისი წყალი ნახევარკუნძულის საზღვრის გასწვრივ, შიდა აკვატორიის გვერდის ავლით, ღია ზღვაში უნდა ჩაიშვას.
კუბასწყალთან დაკავშირებით გზშ-ში, ასევე, განხილულია დაბინძურებული საბაზისო ჩამონადენის ცალკე დერივაციის შესაძლებლობა — წყალმიმღების, სატუმბი სადგურისა და მილსადენის მოწყობით. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ საპროექტო მომსახურების წინადადებაა. ანუ, შესაბამისი დაპროექტება ჯერ არ დაწყებულა და მისი განხორციელება, სავარაუდოდ, ცალკე შეთანხმებას დაექვემდებარება.
წყალდიდობის გატარების თვალსაზრისით, ანგარიშში გამოყენებულია მდინარე კუბასწყლის 100-წლიანი განმეორებადობის საანგარიშო ხარჯი — 161 კუბური მეტრი წამში. მოდელირება აჩვენებს, რომ 100-მეტრიანი ღიობების შენარჩუნების შემთხვევაში, საბაზისო სცენარში, წყლის დონე შიდა აკვატორიაში ზღვის საანგარიშო მაღალ დონეს მხოლოდ დაახლოებით ერთი სანტიმეტრით აჭარბებს.
ამავე კვლევაში ნაჩვენებია, რომ გასასვლელების დალექვით ან ხიდების ბურჯებით, მათი მნიშვნელოვნად შევიწროების შემთხვევაში, წყლის დონე შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს. შესაბამისად, პროექტის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია გასასვლელების გამტარუნარიანობის პერიოდული შემოწმება და გაწმენდა.
ორი ფართო პლაჟი და 108-ადგილიანი იახტების ნავმისადგომი
ცვლილებები შეეხება სანაპირო და საზღვაო ინფრასტრუქტურასაც. კერძოდ, თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო შედარებით ვიწრო, 3 მეტრი სიგანის პლაჟის ზოლები, რომელთა სიგრძე დაახლოებით 450 და 470 მეტრი იქნებოდა. განახლებული გადაწყვეტით კი, მათ ნაცვლად, ორი ფართო ხელოვნური პლაჟი მოეწყობა.
დასავლეთის პლაჟის გეგმური სიგრძე 830 მეტრია, აღმოსავლეთის — 810 მეტრი. ორივე პლაჟის წარმომადგენლობით ფართო მონაკვეთებში სიგანე 70–75 მეტრამდე იქნება.
იცვლება იახტების ნავმისადგომის პროექტიც. განახლებული გეგმით ის 108 ადგილისთვის იქნება გათვლილი და 20–40 მეტრი სიგრძის იახტებს მოემსახურება. ადგილები ოთხ ზომით კატეგორიად ნაწილდება, მათ შორის, 35–40 მეტრი სიგრძის სუპერიახტებისთვის 26 ადგილია გათვალისწინებული.
ამასთან, ნავმისადგომის შიდა აკვატორია ოფშორული ჯებირებით იქნება დაცული, ხოლო ღია ზღვიდან შესვლა ორი სანავიგაციო გასასვლელით მოხდება.
რაც შეეხება ტალღურ აღშფოთებას, PHAROS მოდელის მიხედვით, ნავმისადგომის შიდა ნაწილში ტალღური პირობები ძირითადად 0.40 მეტრზე ნაკლებია, თუმცა, აღმოსავლეთის შესასვლელთან, ცალკეულ საანგარიშო სცენარებში, 0.41–0.42 მეტრიც ფიქსირდება. კვლევაში ასევე მითითებულია, რომ ნავმისადგომის შიგნით ადგილობრივი ქარის მიერ უშუალოდ წარმოქმნილი მოკლე ტალღები მოდელში გათვალისწინებული არ არის.
ამ ყველაფერთან ერთად, კუნძულთან სატრანსპორტო კავშირისთვის გათვალისწინებულია ორი ხიდის მოწყობაც. თითოეული ხიდის სიგრძე 90–95 მეტრი, სიგანე კი 24–27 მეტრი იქნება. ხიდები ნაყარი დამბების ნაცვლად გამოიყენება, რათა წყლის მოძრაობა არ შეიზღუდოს.
სამშენებლო ინფრასტრუქტურა და გარემოსდაცვითი რისკები
განახლებული პროექტით იცვლება სამშენებლო ბანაკის ორგანიზებაც. მუშათა საცხოვრებელი, ბეტონის საწარმო და XBloc+ ელემენტების წარმოების ხაზი, საპროექტო ტერიტორიის გარეთ, ქალაქის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდეს. შესაბამისად, მზა ელემენტების სამშენებლო უბნებზე მიწოდება ავტოტრანსპორტით იგეგმება.
ამასთან, საპროექტო ტერიტორიაზე საწვავის სტაციონარული რეზერვუარების ნაცვლად 15,000-ლიტრიანი მობილური გასამართი სადგური იქნება გამოყენებული, ხოლო სანიტარული ჩამდინარე წყლები სეპტიკებში შეგროვდება და მისი გატანა ლიცენზირებული ოპერატორის მიერ მოხდება.
გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, პროექტის გაფართოების მთავარი დამატებითი უარყოფითი შედეგი ზღვის ფსკერის რბილი ჰაბიტატების დაკარგვაა. განახლებული გეგმით მუდმივად დასაკავებელი ზღვის ფსკერის ფართობი 133.79 ჰექტარს შეადგენს. ამას სამშენებლო სამუშაოების პერიოდში დამატებით დაახლოებით 0.51 ჰექტრის დროებითი დარღვევაც ემატება.
გზშ-ის ავტორების შეფასებით, ფსკერის უშუალოდ დაფარულ უბნებში არსებული რბილი ფსკერის შემადგენელი ელემენტები პრაქტიკულად იკარგება. ეს ზემოქმედება ლოკალური, მუდმივი და შეუქცევადია და მიუხედავად იმისა, რომ ჯებირების ქვისა და ბეტონის კონსტრუქციები ახალ მყარ სუბსტრატს ქმნის, რომელზეც ორგანიზმების ახალი კოლონიები შეიძლება ჩამოყალიბდეს, ანგარიშში, ეს, დაკარგული რბილი ფსკერის ჰაბიტატის სრულ კომპენსაციად არ მიიჩნევა. უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, დამატებითი ფსკერული ჰაბიტატის დაკარგვის ზემოქმედება საშუალო მნიშვნელობით ფასდება და შესაბამის საკომპენსაციო ღონისძიებებს საჭიროებს.
ცალკე ყურადღება ეთმობა წყალქვეშა ხმაურსა და ვეშაპისნაირებზე ზემოქმედებას. 2025–2026 წლების პასიური აკუსტიკური მონიტორინგის ფარგლებში დაფიქსირდა დელფინებისა და ზღვის ღორების აქტივობის განსხვავებული დინამიკა სამშენებლო ზონასა და საკონტროლო სადგურზე. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ არსებული მონაცემები გრძელვადიან პოპულაციურ შედეგებზე საბოლოო დასკვნისთვის საკმარისი არ არის, თუმცა, მშენებლობის შესაძლო ქცევითი ეფექტი უკვე იკვეთება.
შესაბამისად, ზემოქმედების შესამცირებლად რეკომენდებულია ხმაურიანი სამუშაოების შეჩერება ღამის საათებში, სასურველია 20:00 საათიდან, კვირაში ერთი სრული ხმაურისგან თავისუფალი დღის დაწესება და პასიური აკუსტიკური მონიტორინგის ქსელის ორი სადგურიდან ოთხამდე გაფართოება.
მშენებლობა 2031 წლის ივლისამდე გაგრძელდება
განახლებული გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ინდიკატორული გრაფიკით, დარჩენილი სამშენებლო სამუშაოები 2027 წლის იანვრიდან 2031 წლის ივლისამდე პერიოდს — ჯამში 55 თვეს მოიცავს.
ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი ოფშორული დამცავი ჯებირის მშენებლობაა, რომლისთვისაც 36 თვეა გათვალისწინებული — 2027 წლის ივნისიდან 2030 წლის მაისამდე.
ძირითადი საზღვაო ჩაყრის სამუშაოები აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდშია დაგეგმილი. ნოემბრიდან მარტამდე სამუშაოები ამინდის პირობებისა და ხელსაყრელი საზღვაო ფანჯრების მიხედვით, შემცირებული ინტენსივობით გაგრძელდება, შტორმული გაფრთხილების შემთხვევაში კი დროებით შეჩერდება.
ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ეს გრაფიკი საორიენტაციოა და მისი შესრულება დამოკიდებულია სამშენებლო მასალებისა და ბეტონის ელემენტების მიწოდებაზე, საზღვაო ამინდზე, ტექნიკური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებასა და დაფინანსებაზე. ამასთან, იგი განახლებული პროექტის ფარგლებში დარჩენილ სამუშაოებს ეხება და ექსპლუატაციის პირობების ცვლილების დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება.
უკვე შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშში მითითებულია, რომ 2026 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნახევარკუნძულებზე ჯამურად დაახლოებით 49.7 ჰექტარი იყო ფორმირებული. ამ ორი ნახევარკუნძულის ჯამური 84.04 ჰექტარი საპროექტო ფართობის 59.1%-ს შეადგენს და არ ასახავს მთლიანი განახლებული პროექტის შესრულების პროცენტს.
საჯარო განხილვა — შენიშვნების წარდგენის ვადა 23 დეკემბრამდეა
შპს "ამბასადორი ბათუმი აილენდის" ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე 2026 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა.
დაინტერესებულ პირებს განახლებული გზშ-ის ანგარიშსა და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა 2026 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
მიმართვა უნდა გაეგზავნოს საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს შემდეგ მისამართზე:
-
ელექტრონული ფოსტა: eia@mepa.gov.ge
-
საფოსტო მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150, 0112.
ელექტრონული წერილის გაგზავნისას ადრესატად უნდა მიეთითოს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
პროექტის განახლებული გზშ-ის ანგარიშის წარდგენა თავისთავად არ ნიშნავს ცვლილებების დამტკიცებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურა, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების შენიშვნები და მოსაზრებები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ამრიგად, ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის განახლება ერთდროულად ზრდის მისი განხორციელების სივრცით და სამშენებლო მასშტაბს და ცვლის იმ საინჟინრო გადაწყვეტებს, რომლებმაც შიდა აკვატორიის წყლის მიმოცვლა, მდინარეების ჩამონადენის გატარება და ტალღებისგან დაცვა უნდა უზრუნველყოს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი პროექტის გარემოსდაცვითი და ტექნიკური დასაბუთება საჯარო განხილვის ფარგლებში შეფასების საგანია.
აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?
განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.



