საქართველოს საიმიჯო ბანერები დიდ ბრიტანეთში
დიდი ბრიტანეთის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ბანერები განთავსდა. კამპანიის მიზანია, ბრიტანულ ბაზარზე საქართველო წარმოჩნდეს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულება.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად განაგრძობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-სა და ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, ჩინეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ისრაელსა და სხვა სამიზნე ბაზრებზე, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებს.
დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ბოლო ცხრა თვეში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი – 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა, ზრდა გასული წლის სამ კვარტალთან შედარებით 20.1%-ია.
ვიზიტების რაოდენობასთან ერთად რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემოსავლებშიც, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ცხრა თვეში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი – 665.4 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, რაც 29.1%-ით (+150.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
