საქართველოში მომდევნო 5-7 წელიწადში, დამატებით, 600 კმ მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება — რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის?
საქართველო მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში საავტომობილო გზების ქსელის გაფართოებას გეგმავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის, განცხადებით, ამ პერიოდში, დამატებით, 600 კილომეტრი მაგისტრალი უნდა აშენდეს. პარალელურად, სახელმწიფო ქართული საგზაო კომპანიების გაძლიერებას და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მათი მონაწილეობის გაზრდას ცდილობს. თუმცა, მინისტრის შეფასებით, ძლიერი ადგილობრივი საგზაო კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში ჯერ კიდევ მცირეა.
600 კილომეტრი ახალი მაგისტრალი — ინფრასტრუქტურული განვითარების მომდევნო ეტაპი
მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში, დამატებით, 600 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ , კონფერენციაზე — "ბიზნეს გარემო საქართველოში: დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - განაცხადა.
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბებისა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობაა.
"ჩვენი ორი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში ძლიერი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის განვითარება და ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბების ხელშეწყობა" — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი კომენტარის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბის ზრდა ადგილობრივი სამშენებლო სექტორის განვითარების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა, ბაზარზე ძლიერი ქართული საგზაო კომპანიების რაოდენობა კვლავ შეზღუდულია.
ქართული კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო ტენდერებში
მინისტრის განცხადებით, უკვე განხორციელდა ცვლილებები, რომელთა შედეგად, ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.
ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი კახეთის შემოვლითი გზის პროექტის ორ ლოტზე გამოცხადებული ტენდერების შეფასების კრიტერიუმებია. კერძოდ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად განსაზღვრული იქნება ქართული კომპანიების 50%-იანი მონაწილეობა, ქვეკონტრაქტორის სახით.
ეს მიდგომა ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობის გაზრდას და ქართული კომპანიებისთვის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობის შექმნას ისახავს მიზნად.
წყალმომარაგება და წყალარინება — ათწლიანი პროგრამა
საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, რევაზ სოხაძემ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმებზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, იწყება ათწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს დიდ ქალაქებსა და ტურისტულ დაბებში წყალარინების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები მოეწყობა.
პარალელურად, გაგრძელდება სოფლების წყალმომარაგების პროექტებიც. მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ყველა მუნიციპალური ცენტრი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მუნიციპალიტეტებისთვის, სადაც წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება როგორც მოსახლეობის საჭიროებებს, ისე ტურისტული სექტორის განვითარებას უკავშირდება.
ტენდერების ფასები და ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას ხარისხის კონტროლსა და სატენდერო ფასების სამართლიანად განსაზღვრას უთმობს.
რევაზ სოხაძის განცხადებით, სატენდერო ღირებულებების დადგენისას საბაზრო ფასები იქნება გათვალისწინებული, ხოლო ხარისხის კონტროლის მექანიზმების გაძლიერება უწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა კერძო სექტორთან აქტიური დიალოგის მნიშვნელობას. მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა, ერთი მხრივ, დაიცვას საჯარო ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესთან გონივრული ბალანსი შეინარჩუნოს.
მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგი
როგორც აღვნიშნეთ, რევაზ სოხაძემ აღნიშნული გეგმები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე "ბიზნეს გარემო საქართველოში — დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" გამართული პანელური დისკუსიის ფარგლებში, წარადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასვრცელა.
