Swissôtel Kobuleti Beach Resort — $300 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთში
ქობულეთში პრემიუმკლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსი — Swissôtel Kobuleti Beach Resort შენდება, რომლის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტს დეველოპერული კომპანია „არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი ერთობლივად ახორციელებენ.
მასშტაბური პროექტი მიზნად ისახავს ქობულეთის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო და დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნასა და შავი ზღვის სანაპიროზე პრემიუმ კლასის ტურისტული მიმართულების ჩამოყალიბებას.
სამი მასშტაბური შენობისგან შემდგარი კომპლექსი-ქობულეთის განაშენიანების ახალი არქიტექტურული პროექტი
Swissôtel Kobuleti Beach Resort ქობულეთის საკურორტო ზონაში, ბათუმთან ახლოს შენდება.
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი სამი მონუმენტური შენობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსი იქნება. პროექტი გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, რაც მას როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტად, ისე უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობად წარმოაჩენს.
კომპლექსის კონცეფცია სტუმრებისთვის სრულფასოვანი დასვენების, გართობისა და გამაჯანსაღებელი სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე მოეწყობა შიდა და გარე საცურაო აუზები, საკონფერენციო სივრცეები, ლობი, ლაუნჯი და ბარი. პროექტის ინფრასტრუქტურაში ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა კონცეფციისა და ბრენდის რესტორნები, მათ შორის იტალიური რესტორანი და კაზინო.
არქიტექტურა, ზღვის ხედები და ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონია
კომპლექსის არქიტექტურულ დაგეგმარებაზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება მისი კონცეფციის ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიული ინტეგრაციაა.
დაგეგმარების მიხედვით, აპარტამენტებიდან ზღვის ხედები იშლება, რაც პროექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად სახელდება. არქიტექტურული გადაწყვეტა ითვალისწინებს გარემოს თავისებურებებსა და სანაპირო ლანდშაფტის გამოყენებას, რათა შეიქმნას თანამედროვე, კომფორტული და პრემიუმკლასის დასასვენებელი სივრცე.
საერთაშორისო ბრენდი და შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის სტანდარტი
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდის — Swissôtel-ის მონაწილეობაა. მისი ჩართულობა კომპლექსის კონცეფციაში საერთაშორისო სასტუმრო სტანდარტების, მომსახურების ხარისხისა და ბრენდირებული სტუმარმასპინძლობის გამოცდილების დანერგვას გულისხმობს.
Swissôtel შვეიცარიული წარმოშობის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომლის კონცეფციაც თანამედროვე კომფორტს, დახვეწილ დიზაინსა და შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის ტრადიციებს აერთიანებს. ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
ვინ დგას 300-მილიონიანი პროექტის უკან?
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის განვითარებაში სამი მნიშვნელოვანი პარტნიორი მონაწილეობს — „არქი“, NEXT-ი და Swissôtel-ი. თითოეული მათგანი პროექტში საკუთარ გამოცდილებასა და საერთაშორისო კავშირებს აერთიანებს.
„არქი“ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიად პოზიციონირებს. კომპანია 2006 წელს დაფუძნდა. მის პორტფელში 55-ზე მეტი დასრულებული პროექტია, ხოლო კომპანიის მიერ განხორციელებულ საცხოვრებელ პროექტებში 30-ზე მეტი ქვეყნის 70 000-ზე მეტი მაცხოვრებელი და ინვესტორი ერთიანდება.
პროექტის მეორე დეველოპერული პარტნიორი NEXT-ია — საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც არაერთ ქვეყანაში პრემიუმკლასის ზღვისპირა უძრავ ქონებას, ხუთვარსკვლავიან ბრენდირებულ რეზიდენციებსა და მრავალფუნქციურ პროექტებს ავითარებს. კომპანიის პარტნიორებს შორის არიან Wyndham Hotels & Resorts და Radisson Hotel Group.
NEXT-ის პორტფელი აერთიანებს 270 მილიონი დოლარის ჯამური მოცულობის ინვესტიციებს.
საქართველო საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე მყარად მკვიდრდება-საქართველოს პრემიერ-მინისტრი
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები ადასტურებს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი გარემოა-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროექტის მნიშვნელობასა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქვეყანა საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე მყარად მკვიდრდება, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.
რას ნიშნავს ახალი პროექტი ქობულეთისა და აჭარის ტურიზმისთვის?
საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსა და ბრენდირებული რეზიდენციების არსებობა რეგიონს ახალი ტიპის ვიზიტორებისა და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.
პროექტის მნიშვნელობა მხოლოდ სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობით არ შემოიფარგლება. მსგავსი მასშტაბის ობიექტების განვითარება პოტენციურად ზრდის მოთხოვნას ადგილობრივ მომსახურებაზე, კვების ობიექტებზე, ტრანსპორტზე, ტურისტულ სერვისებსა და სხვა დაკავშირებულ სექტორებზე. ამასთან, კომპლექსის ფუნქციონირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობასაც გააჩენს.
