IBTM World Barcelona 2026-საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში – IBTM World Barcelona 2026 მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეროვნულ სტენდთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
სამი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს MICE ტურიზმის პოტენციალს, ტურისტულ პროდუქტებსა და საქმიანი ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას ისახავდა მიზნად.
IBTM World Barcelona საქმიანი ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა. წლევანდელ გამოფენაში 2 500-ზე მეტი კომპანია და ტურისტული მიმართულება, ასევე 12 000-ზე მეტი დარგის სპეციალისტი მონაწილეობდა.
ესპანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 22,1%-ით გაიზარდა
2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ესპანეთიდან საქართველოში ჯამურად 21 259 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.
აღნიშნული მაჩვენებელი 22,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. შესაბამისად, ესპანეთის სამეფოდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3 841-ით გაიზარდა.
მონაცემები ცხადჰყოფს ესპანეთის ტურისტული ბაზრიდან საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესსა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდის პოზიტიურ დინამიკას.
