საქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა - რას წარმოადგენს უწყება და რა შედის მის მიზნებში?
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და მხარდაჭერა, რაც ქართულ ეკონომიკას მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციით წაახალისებს - საქართველოში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კორპორაცია - ბიზნესის განვითარების უწყება შეიქმნა.
რას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და რას ისახავს მიზნად?
კორპორაცია, რომელსაც ირაკლი გაბრიაძე ხელმძღვანელობს, სახელმწიფო მხარდაჭერის მექამიზმების, მათ შორის, "აწარმოე საქართველოში" და სხვა პროგრამების გაერთიანებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გაბრიაძის განმარტებით, საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით, კორპორაცია დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას შეუწყობს ხელს.
რა კონკრეტული მანდატი ექნება კორპორაციას?
ახალი მანდატის ფარგლებში, კორპორაციას გაცილებით ფართო ფინანსური ბერკეტები ექნება, რაც უშუალოდ ბიზნესების კაპიტალებში შესვლას, პროექტების თანაპარტნიორობას, კომერციული ბანკების გვერდის ავლით სახელმწიფო კრედიტების გამოყოფას და კერძო კაპიტალის ფარგლებში ინვესტირებას გულისხმობს, რაც ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვას გაამარტივებს.
"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა" - ამის შესახებ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით კორპორაციის მანდატი გაფართოვდება. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმები დარჩება, თუმცა, სხვა სეგმენტების მექანიზმებიც დაემატება. მაგალითად, ისეთები, როგორიცაა პირდაპირი სესხები, პირდაპირი, წილობრივი მონაწილეობა, ჩართულობა და ინვესტიცია კაპიტალის ფონდებში, ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა.
"ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარენიბის არსებული ტემპები, რასაც სჭირდება ახალი, განახლებული მიდგომა და უფრო ფართო, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში. სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რათა ეს ჩართულობა და მეტი მხარდაჭერა შევთავაზოთ ბიზნესს." - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
რას ემსახურება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნა?
საქართველოს პრემიერ- მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი ყალიბდება. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე. მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს."
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი სტრუქტურის მიმართ მოლოდინები განსაკუთრებით მაღალია. მინისტრის განცხადებით, ეს რეფორმა აფართოებს როგორც მხარდაჭერის მასშტაბებს, ისე პასუხისმგებლობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში.
კორპორაციის ხელმძღვანელის ირაკლი გაბრიაძის თქმით, ახალი უწყება სხვადასხვა სახელმწიფო მექანიზმების კონსოლიდაციასა და ოპტიმიზაციას მოემსახურება, რაც ბიზნესისთვის უფრო კოორდინირებულ, მოქნილ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოს შექმნის.
