China Eastern Airlines შანხაი–თბილისის რეისების სიხშირეს გაზრდის - 2027 წლიდან ფრენების რაოდენობა კვირაში ხუთამდე გაიზრდება
ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ფართოვდება. ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines 2027 წლიდან შანხაი–თბილისის მიმართულებაზე ფრენების სიხშირის კვირაში სამიდან ხუთ რეისამდე გაზრდას გეგმავს. ავიაკავშირის გაფართოება საქართველოსთვის არა მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდის, არამედ, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და საინვესტიციო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, China Eastern Airlines-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ვან ცინგჩაოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მზარდი მოთხოვნა და ავიაკავშირის გაფართოების გეგმები
შანხაი–თბილისის პირდაპირი რეგულარული რეისები ავიაკომპანიამ 2026 წლის 15 ივლისს დაიწყო. ამ ეტაპზე მიმართულებაზე კვირაში სამი რეისი სრულდება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ახალი საჰაერო მარშრუტის შედეგები დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ მიმართულება მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა და მგზავრთა მხრიდან მოთხოვნა მზარდია.
თამარ იოსელიანის განცხადებით, ფრენების სიხშირის ზრდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
"ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას, ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ჩინეთთან პირდაპირი ფრენებით მგზავრთნაკადი იზრდება
საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოება მგზავრთნაკადის ზრდის სტატისტიკაშიც აისახება.
სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა წლიურად 76%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი, ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დამატებით 36% შეადგინა.
ეს მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ჩინეთის ბაზარი საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორებისთვის მზარდ მნიშვნელობას იძენს.
ამასთან, China Eastern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირის გაზრდისა და დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობის განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.
შანხაი - მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი
შანხაისთან პირდაპირი საჰაერო კავშირი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი საერთაშორისო ვაჭრობის, ბიზნესისა და ინვესტიციების მნიშვნელოვანი ჰაბია.
პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებამ შესაძლოა გაამარტივოს ბიზნესკავშირები, გაზარდოს საქმიანი ვიზიტების რაოდენობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ჩინეთის ბაზარზე.
შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს China Eastern Airlines-ის მგზავრებისთვის საქართველოს დამატებითი ტურისტული მიმართულებების შეთავაზება. საუბარი შეეხო საქართველოს რკინიგზისა და სახმელეთო ტრანსპორტის სერვისების გამოყენების შესაძლებლობასაც. შეხვედრას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძეც, ესწრებოდა.
ქართული მხარის განცხადებით, ქვეყანა ჩინეთთან საჰაერო კავშირების გაძლიერებასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის შედეგად შექმნილი ეკონომიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს.
ჩინეთის ტურისტული ბაზარი იზრდება
ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის ტენდენცია 2026 წლის სტატისტიკაშიც დასტურდება.
Business Insider Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის იანვარ–სექტემბერში საქართველომ ჩინეთიდან 119 081 საერთაშორისო ვიზიტი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23.6%-ით მეტია. მხოლოდ მესამე კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტების რაოდენობა 30.2%-ით გაიზარდა.
