გუდაური ხელოვნური გათოვლიანების სისტემას და ღამის სათხილამურო ტრასებს ამატებს - ზამთრის სეზონისთვის კურორტი ახალ ინფრასტრუქტურას ამზადებს
გუდაური ზამთრის ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების დამატებითი სისტემები დამონტაჟდა. იგეგმება ღამის სრიალის ტრასების ამოქმედებაც. პარალელურად, მთის ტრასების სააგენტო მთავარი სათხილამურო ტრასების გახსნის თარიღების წინასწარ გამოცხადებას გეგმავს, რაც ტურისტულ ბიზნესს ჯავშნების უფრო ადრე მიღების შესაძლებლობას მისცემს.
ორგანიზაციის "დაიცავი მთის კურორტები" - დამფუძნებლის, გეგა სალუქვაძის შეფასებით, სეზონის დაწყების თარიღების წინასწარ განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განთავსების სექტორისთვის. მისი თქმით, სასტუმროებისა და კერძო საცხოვრებლების მფლობელებს, ამ შემთხვევაში, ტურისტების მიღების და დატვირთვის დაგეგმვა უფრო ადრეულ ეტაპზე შეეძლებათ.
სალუქვაძის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურის გაფართოებაა. კურორტზე სპეციალური ტიპის თოვლმფრქვევი მოწყობილობა დამონტაჟდა, რომელიც, მისივე განმარტებით, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 25 სათხილამურო კურორტზე გამოიყენება.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვის მიზანი ბუნებრივ ნალექზე დამოკიდებულების შემცირებაა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათხილამურო ბიზნესისთვის, რადგან თოვლის არასაკმარისი რაოდენობა წინა წლებში სეზონის მიმდინარეობასა და ტურისტული ობიექტების საქმიანობაზე უარყოფითად აისახებოდა.
"ჩვენი სეზონი აღარ იქნება მხოლოდ ნალექზე დამოკიდებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ბუნებრივ თოვლზე დამოკიდებულება იყო" - განაცხადა გეგა სალუქვაძემ "საქმიანი დილის" ეთერში.
მისივე შეფასებით, გუდაური, ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, გარკვეულწილად ჩამორჩებოდა ბაკურიანს, სადაც თავისუფალი სტილით თხილამურობაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა კურორტს შემდგომი განვითარებისთვის დარჩა.
გუდაურის კიდევ ერთი სიახლე ღამის სათხილამურო ტრასების დამატებაა. სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ეს შესაძლებლობა კურორტის შეთავაზებას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ღამის სრიალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვიზიტორებისთვისაც, რომლებსაც დღის განმავლობაში უამინდობის გამო სათხილამურო აქტივობების სრულად გამოყენება არ შეუძლიათ.
ინფრასტრუქტურის განახლება და მომსახურების შეთავაზების გაფართოება მთის კურორტებისთვის ტურისტული სეზონის გახანგრძლივებისა და ვიზიტორების მოზიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ბიზნესს საშუალებას აძლევს სეზონის მიმდინარეობა უფრო პროგნოზირებადი გახადოს და ბუნებრივი კლიმატური პირობებით გამოწვეული რისკები შეამციროს.
საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს, გუდაურში, მასშტაბური ღონისძიებით გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, წლევანდელი ზამთრის სეზონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნდა იყოს. სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურა და დამატებითი ტურისტული შესაძლებლობები დახვდებათ.
