English  עברית  ქართული  Русский  

წყალტუბო ტურისტების მოზიდვის ახალ სტრატეგიას საჭიროებს - კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

წყალტუბო ტურისტების მოზიდვის ახალ სტრატეგიას საჭიროებს - კურორტზე ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა

წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება და ვიზიტორების ხანგრძლივობის გაზრდა კურორტის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პოსტკოვიდურ პერიოდში ტურისტების რაოდენობის შემცირების პარალელურად, დღის წესრიგში ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნებისა და ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი დადგა.

წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, თეონა ქობულაძის შეფასებით, კურორტზე კვლავ მაღალია ინტერესი სპა და სამკურნალო ტურიზმის მიმართულებით, თუმცა, ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ნაწილი წყალტუბოში მხოლოდ ერთი ან ორი ღამით ჩერდება.

ქობულაძის განცხადებით, არსებული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები დამსვენებლებს მასპინძლობს, თუმცა, მხოლოდ სამკურნალო ტურიზმი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ კურორტმა მთელი წლის განმავლობაში მეტი ვიზიტორი მოიზიდოს და მათი ყოფნის ხანგრძლივობა გაზარდოს.

მისივე შეფასებით, წყალტუბოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ტურისტული შეთავაზებების გაფართოება და ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა სათავგადასავლო და აგროტურიზმი. ამ პროცესში კურორტის მიმდებარე სოფლების ტურისტული რესურსების გამოყენებაც განიხილება.

გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში საუბრისას, თეონა ქობულაძემ აღნიშნა, რომ წყალტუბოსთვის მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტი და განახლებული პარკი საკმარისი არ არის. საჭიროა ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, რომელიც ვიზიტორებს უფრო ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის მოტივაციას მისცემს.

მისი შეფასებით, ამისთვის აუცილებელია ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მიზნობრივი მარკეტინგული პოლიტიკის დაგეგმვა და ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც კურორტს, როგორც ტურისტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის.

ამ განცხადებამდე, მედიასთან გაკეთებულ ინტერვიუში, თეონა ქობულაძე ყოფილი სანატორიუმების რეაბილიტაციის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმების სასტუმროებად განვითარება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. თუმცა, მხოლოდ შენობების აღდგენა კურორტის ეკონომიკური განვითარებისთვის საკმარისი არ იქნება.

მისი შეფასებით, ინვესტიციებს თან უნდა ახლდეს დამატებითი ტურისტული და გასართობი სივრცეების შექმნა და შემეცნებითი ობიექტების განვითარება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის საბიუჯეტო დოკუმენტებში, ტურიზმის განვითარების მიმართულებით გათვალისწინებულია კურორტის პოპულარიზაცია, მიზნობრივ ბაზრებზე რეკლამირება, მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტების საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება, - ამის შესახებ სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” იტყობინება.

8 ნოემბერს კი, ამ თემაზე, BM.GE-მ თეონა ქობულაძის კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. ქობულაძის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 42 სოფელია, რომელთა ნაწილსაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტის 11 მაღალმთიან სოფელს ოპტიკურ ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, ასევე, არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი.

ამავე განცხადებაში, მან, ტურისტული სექტორის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში გასართობი, დასასვენებელი და შემეცნებითი სერვისების ნაკლებობაა.

2026 წლის ოქტომბერში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების ჯამური საწყისი საპრივატიზებო ფასი 49.2 მილიონი ლარია, ინვესტორების მიერ განსახორციელებელი მინიმალური ინვესტიცია კი - 314.013 მილიონი ლარი.

თუმცა, როგორც თეონა ქობულაძე განმარტავს, ამ ინვესტიციების ეფექტიანობა მხოლოდ სასტუმროების მშენებლობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. საჭიროა კურორტის ტურისტული ეკოსისტემის განვითარებაც.

შეძლებს თუ არა წყალტუბო ისტორიული სამკურნალო კურორტის თანამედროვე, მრავალპროფილურ ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ დროს, უფრო ზუსტად კი, კონკრეტულ ვადებში გონივრულად დაგეგმილ და განხორციელებულ ცვლილებებს შეუძლია.