მშენებლობის ღირებულება საქართველოში, სექტემბერში, მკვეთრად გაიზარდა — რა იყო გაძვირების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორები?
არასაცხოვრებელი მშენებლობის ღირებულება წლიურად 10.2%-ით გაიზარდა, სამოქალაქო მშენებლობის სეგმენტმა კი საერთო ინდექსის მატებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა. სექტემბერში მშენებლობის გაძვირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ხელფასების ზრდა იყო, ხოლო წლიურ ჭრილში ყველაზე ძლიერი ზეწოლა ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯებიდან მოდიოდა.
საქართველოში მშენებლობის ღირებულების ზრდა, 2026 წლის სექტემბერში, დაჩქარდა. საქსტატის მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2.3%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0%-ით გაიზარდა. სექტემბრის მაჩვენებელი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ წლის განმავლობაში ინდექსის თვიური ცვლილება არაერთხელ უარყოფით ან ზომიერ დადებით ნიშნულზე იყო.
მონაცემები აჩვენებს, რომ სამშენებლო სექტორის ხარჯებზე ზეწოლა თანაბრად არ ნაწილდება. საცხოვრებელი მშენებლობის გაძვირება შედარებით ზომიერია, მაშინ, როდესაც არასაცხოვრებელ და სამოქალაქო მშენებლობაში გაცილებით მაღალი ზრდა ფიქსირდება. ამასთან, საერთო ღირებულების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მხოლოდ სამშენებლო მასალების ფასი, არამედ შრომის ანაზღაურება და ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯები.
სექტემბერში მშენებლობის გაძვირება დაჩქარდა
2026 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, აგვისტოსთან შედარებით, 2.3%-ით გაიზარდა. საქსტატის უფრო ზუსტი და დეტალური მონაცემებით, ცვლილებამ 2.33% შეადგინა.
სექტემბრის მაჩვენებელი განსაკუთრებით თვალშისაცემია წლის თვიური დინამიკის გათვალისწინებით. 2026 წლის იანვარში, ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 4.0%-ით შემცირდა, თებერვალში კლება 0.2% იყო, მარტში 1.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, აპრილში — 1.1%-იანი, მაისში — 0.5%-იანი, ივნისში — 0.9%-იანი, ხოლო ივლისში — 0.8%-იანი. რაც შეეხება მომდევნო ორ თვეს, აგვისტოში ინდექსი კვლავ 0.8%-ით შემცირდა, სექტემბერში კი 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ამრიგად, სექტემბრის ზრდა არა მხოლოდ აგვისტოს თვეში კლების შემდეგ აღდგენას, არამედ 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ, დადებით თვიურ ცვლილებას წარმოადგენს.
ეს დინამიკა მიუთითებს, რომ სამშენებლო დანახარჯები წლის განმავლობაში არათანაბრად იცვლებოდა და სექტემბერში ხარჯების ზრდის წნეხი გაძლიერდა.
ხელფასები — სექტემბრის გაძვირების მთავარი მამოძრავებელი
საქსტატის განმარტებით, სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, ძირითადად, სამშენებლო დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მატებით იყო განპირობებული.
საანგარიშო პერიოდში სამშენებლო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი, წინა თვესთან შედარებით, 7.3%-ით გაიზარდა. ამ ფაქტორმა მშენებლობის ღირებულების საერთო ინდექსის ცვლილებაში 1.45 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.
ეს ნიშნავს, რომ სექტემბერში დაფიქსირებული 2.33%-იანი საერთო ზრდის დაახლოებით 62%, სწორედ ხელფასების ცვლილებაზე მოდიოდა.
სხვა ხარჯობრივი კომპონენტების წვლილი შედარებით ნაკლები იყო. კერძოდ, ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის კატეგორიამ, თვიურ ზრდაში, 0.63 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა, სამშენებლო მასალებმა — 0.20-ის წვლილი, მანქანა-დანადგარებმა — 0.03-ის წვლილი, ხოლო სხვა ხარჯებმა — 0.02 პროცენტული პუნქტის წვლილი.
ამდენად, სექტემბრის გაძვირების სტრუქტურაში შრომის ღირებულება წამყვანი ფაქტორი იყო. ეს გარემოება კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომელთა პროექტების ბიუჯეტზე, ადამიანური რესურსების ანაზღაურება, პირდაპირ აისახება.
წლიური გაძვირების მთავარი წყარო ტრანსპორტირება, საწვავი და ელექტროენერგია იყო
განსხვავებულ სურათს აჩვენებს წლიური მონაცემები. 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების მიმდინარე ინდექსი 6.0%-ით გაიზარდა, თუმცა, ამ ზრდის ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიაზე მოდიოდა.
აღნიშნული კატეგორიის ინდექსი, წლიურად, 25.9%-ით გაიზარდა, რამაც საერთო ინდექსის მატებაში 2.99 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი შრომის ანაზღაურება იყო. მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წლიურად, 5.4%-ით გაიზარდა, მისი წვლილი კი საერთო ინდექსის მატებაში 1.75 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.
შედეგად, ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის, აგრეთვე, ხელფასების ცვლილებაზე წლიური ინდექსის მატების დაახლოებით 79.5% მოდიოდა.
დანარჩენი ხარჯობრივი კატეგორიების გავლენა შედარებით შეზღუდული იყო: სამშენებლო მასალების ინდექსი წლიურად 1.0%-ით გაიზარდა, მანქანა-დანადგარების — 5.0%-ით, ხოლო სხვა ხარჯების — 5.6%-ით.
განსაკუთრებით საყურადღებოა სამშენებლო მასალების მხოლოდ 1.0%-იანი წლიური ზრდა. ეს გვიჩვენებს, რომ სექტორის საერთო დანახარჯების მატება, მხოლოდ მასალების გაძვირებით არ აიხსნება. მნიშვნელოვანი წნეხი მოდის, ასევე, სამშენებლო პროცესის თანმდევ საოპერაციო და შრომით დანახარჯებზე.
არასაცხოვრებელი მშენებლობა ყველაზე მეტად ძვირდება
მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, სექტორებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები იკვეთება.
კერძოდ, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი მშენებლობის ღირებულება 0.7%-ით გაიზარდა, არასაცხოვრებელი მშენებლობის ღირებულება — 10.2%-ით, ხოლო სამოქალაქო მშენებლობის ღირებულება — 9.4%-ით.
ამრიგად, არასაცხოვრებელი მშენებლობის სეგმენტში, წლიური გაძვირება, საცხოვრებელი მშენებლობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.
განსხვავება მსგავსია თვიურ ჭრილშიც. უფრო კონკრეტულად, სექტემბერში საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, არასაცხოვრებლის — 5.9%-ით, ხოლო სამოქალაქო მშენებლობის — 2.3%-ით.
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ მშენებლობის ხარჯების ზრდა, სექტორების მიხედვით, არათანაბარია. განსაკუთრებით მაღალი დანახარჯების წნეხი კი, არასაცხოვრებელ მშენებლობაში იკვეთება.
თუმცა, საერთო ინდექსის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წვლილი სწორედ სამოქალაქო მშენებლობის სეგმენტს აქვს შეტანილი. წლიური ზრდის 5.96 პროცენტული პუნქტიდან, 3.98 პროცენტული პუნქტი, სამოქალაქო მშენებლობაზე მოდიოდა. ამავე მონაცემებით, არასაცხოვრებელი სეგმენტის წვლილი 1.61 პროცენტული პუნქტი იყო, საცხოვრებელი მშენებლობისა კი — 0.36.
ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან სეგმენტში დაფიქსირებული გაძვირების ტემპი და მთლიან ინდექსში მისი წვლილი ერთი და იგივე არ არის. უფრო კონკრეტულად, საერთო მაჩვენებელზე გავლენას სეგმენტების წონაც განსაზღვრავს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არასაცხოვრებელ მშენებლობაში ფასების უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა, საერთო ინდექსის მატებაში, გაცილებით დიდი წვლილი, სამოქალაქო მშენებლობას აქვს შეტანილი.
სამშენებლო ხარჯები 2022 წლის თებერვალთან შედარებით 32.2%-ით არის გაზრდილი
მოკლევადიანი დინამიკის გარდა, მნიშვნელოვანია სამშენებლო დანახარჯების გრძელვადიან ცვლილებაზე დაკვირვებაც.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, 32.2%-ით იყო გაზრდილი.
ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ სამშენებლო საქმიანობას, მნიშვნელოვნად აკუმულირებული დანახარჯობრივი ზრდის პირობებში უწევს ფუნქციონირება. და, მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის დასაწყისში წლიური ზრდის ტემპი შედარებით დაბალ ნიშნულზე იყო, სექტემბერში იგი კვლავ 6.0%-მდე გაიზარდა.
ამ ტენდენციას ნათლად ასახავს წლიური მაჩვენებლის დინამიკა. კერძოდ, 2026 წლის მარტში, ინდექსის ზრდა, 2.0%-მდე შემცირდა, აპრილში - 3.8% შეადგინა, მაისში — 4.1%, ივნისში — 3.9%, ივლისში — 4.3%, აგვისტოში კი 3.4%-მდე შემცირდა. რაც შეეხება სექტემბერს, როგორც უკვე ვნახეთ, მაჩვენებელი 6.0%-მდე გაიზარდა.
შესაბამისად, სექტემბრის მონაცემები სამშენებლო ხარჯების ზრდის ხელახალ დაჩქარებაზე მიუთითებს.
რას ნიშნავს ეს სამშენებლო და საინვესტიციო სექტორისთვის?
მშენებლობის ღირებულების ინდექსის დინამიკა მნიშვნელოვანია, როგორც დეველოპერული კომპანიებისთვის, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის.
პირველ რიგში, ხელფასების ზრდის გავლენა აჩვენებს, რომ სამშენებლო პროექტების ხარჯების დაგეგმვისას, შრომითი რესურსების ღირებულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. სექტემბერში ხელფასებზე მოსული მაღალი წვლილი ადასტურებს, რომ ამ კომპონენტს პროექტების საბოლოო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
მეორე მიმართულებაა ტრანსპორტირება, საწვავი და ელექტროენერგია. აღნიშნული კატეგორიის 25.9%-იანი წლიური გაძვირება და საერთო ინდექსში შეტანილი 2.99 პროცენტული პუნქტის წვლილი აჩვენებს, რომ სამშენებლო პროცესის საოპერაციო დანახარჯები, ხარჯების სტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
მესამე საკითხია სექტორული განსხვავებები. საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი და სამოქალაქო მშენებლობისთვის ერთიანი დანახარჯობრივი შეფასების გამოყენება სათანადო სურათს ვერ მოგვცემს. თითოეული მიმართულების პროექტები განსხვავებული ხარჯობრივი სტრუქტურითა და გაძვირების ტემპით ხასიათდება.
ინვესტორებისთვის, ეს მონაცემები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტების ფინანსური მოდელირების, კაპიტალური დანახარჯების პროგნოზირებისა და შესაძლო ხარჯობრივი რისკების შეფასებისას. სექტემბრის შედეგები მიუთითებს, რომ წინა პერიოდების დანახარჯებზე დაყრდნობით მომზადებული ბიუჯეტები შესაძლოა განახლებას საჭიროებდეს.
ამასთან, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, ავტომატურად არ ნიშნავს საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასების იმავე ტემპით მატებას. ინდექსი ასახავს მშენებლობის დანახარჯების ცვლილებას და არ ზომავს მიწის ფასს, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს ან დეველოპერულ მოგებას. ამ ფაქტორების შეფასებისთვის დამატებითი საბაზრო მონაცემებია საჭირო.
დასკვნა — სექტორისთვის მთავარი გამოწვევა დანახარჯების სტრუქტურაშია
2026 წლის სექტემბრის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში მშენებლობის ღირებულების ზრდა კვლავ აქტუალური გამოწვევაა. თუმცა, გაძვირების სტრუქტურა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მხოლოდ საერთო პროცენტული მაჩვენებელი.
თვიურ ჭრილში, მთავარი მამოძრავებელი, ხელფასების 7.3%-იანი ზრდა იყო. წლიურ ჭრილში კი, ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის 25.9%-იან გაძვირებას ჰქონდა. ამასთან, არასაცხოვრებელი მშენებლობა ყველაზე სწრაფად ძვირდება, ხოლო საერთო ინდექსის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი სამოქალაქო მშენებლობას შეაქვს.
სამშენებლო სექტორისთვის, ეს, ნიშნავს, რომ მომდევნო პროექტების ეკონომიკური შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შრომითი რესურსების ღირებულებას, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო დანახარჯებს და კონკრეტული სეგმენტების განსხვავებულ ხარჯობრივ სტრუქტურას.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) — "მშენებლობის ღირებულების ინდექსი საქართველოში, 2026 წლის სექტემბერი", გამოქვეყნებულია 2026 წლის 6 ნოემბერს.
InternationalInvestment.biz - ქართული რედაქცია




