მიმდინარე წელს საქართველოს ავიაციის ზრდის 86% ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უახლესი მონაცემები
2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს აეროპორტები 6.61 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8%-ით მეტია. ფრენების რაოდენობა 4.1%-ით გაიზარდა. ბაზრის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტია, რომელმაც საერთო დადებითი ცვლილების 86.4% უზრუნველყო. ამასთან, მესამე კვარტლის პოზიტიური დინამიკა, წლის პირველი ნახევრის შემცირებას აბალანსებს.
საქართველოს საავიაციო ბაზარი, 2026 წელს, ზრდის შედარებით ზომიერ ტემპზე გადავიდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, იანვარ–სექტემბერში, ქვეყნის აეროპორტებში, მგზავრთნაკადმა 6,608,847 ადამიანი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ მგზავრების რაოდენობას 1.83%-ით აღემატება და 6,489,760 მგზავრს შეადგენს.
მიუხედავად დადებითი საერთო შედეგისა, დინამიკა, აეროპორტების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება. თბილისის აეროპორტი კვლავ ინარჩუნებს ქვეყნის მთავარი საავიაციო ცენტრის პოზიციას, ბათუმი მგზავრთნაკადის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ ყალიბდება, ხოლო ქუთაისის აეროპორტში შემცირება ფიქსირდება.
ამასთან, იკვეთერბა საავიაციო ბაზრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი. კერძოდ, ფრენების რაოდენობა მგზავრთნაკადზე უფრო სწრაფად იზრდება, რაც ოპერაციული მასშტაბის გაფართოებასა და მგზავრთა ნაკადის ზრდას შორის განსხვავებაზე მიუთითებს.
ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა, მესამე კვარტალმა დინამიკა შეცვალა
2026 წლის პირველი ცხრა თვის შედეგების გასაანალიზებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წლის პირველი და მესამე კვარტლების დინამიკის ერთმანეთთან შეჯერება.
პირველ ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტებში, მგზავრთნაკადი 3,599,685 იყო, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 3,654,177 მგზავრი დაფიქსირდა. შესაბამისად, იანვარ–ივნისში მგზავრთა რაოდენობა 54,492-ით, ანუ 1.49%-ით შემცირდა.
ამავე პერიოდში, პრაქტიკულად უცვლელი დარჩა ფრენების რაოდენობაც. კერძოდ, 2026 წლის პირველ ექვს თვეში 17,282 რეისი შესრულდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 17,296 იყო.
სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა მესამე კვარტალში. ივლის–სექტემბერში, ქვეყნის აეროპორტები, 3,009,162 მგზავრს მოემსახურა, რაც 2025 წლის მესამე კვარტლის 2,835,583 მგზავრზე 173,579-ით, ანუ 6.12%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, 10.25%-ით, 11,640-დან 12,833-მდე გაიზარდა ფრენების რაოდენობაც.
ხაზგასასმელია ისიც, რომ მესამე კვარტალში მიღებულმა დადებითმა შედეგმა არა მხოლოდ პირველი ნახევრის კლება დააკომპენსირა, არამედ იანვარ–სექტემბრის ჯამური მაჩვენებელიც დადებით დინამიკაში გადაიყვანა.
ეს კი მიუთითებს, რომ 2026 წელს საქართველოს საავიაციო ბაზრის ზრდა, წლის განმავლობაში თანაბრად არ განაწილებულა. წლის პირველი ნახევარი შედარებით სუსტი იყო, ხოლო მესამე კვარტალში ზრდა დაჩქარდა.
ბათუმის აეროპორტი — მგზავრთნაკადის ზრდის მთავარი მამოძრავებელი
2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს უკავშირდება.
იანვარ–სექტემბერში ბათუმის აეროპორტი 1,098,015 მგზავრს მოემსახურა, რაც 10.34%-ით, ანუ, 102,916 მგზავრით აღემატებოდა წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.
შედარებისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი მხოლოდ 0.66%-ით გაიზარდა და 4,094,098 შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრთა რაოდენობა 0.84%-ით შემცირდა და 1,395,988 შეადგინა.
ბათუმის აეროპორტის განსაკუთრებული მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათელი ხდება საერთო ზრდაში მისი წილის გაანგარიშებისას. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, ქვეყნის აეროპორტებში, მგზავრთა ნაკადის წმინდა ზრდა 119,087 ადამიანი იყო. აქედან ბათუმზე 102,916 მოდიოდა, რაც საერთო ზრდის 86.4%-ია.
თბილისის აეროპორტის წვლილი, საერთო ზრდაში, ამჯერად, მხოლოდ 22.6%-ს შეადგენდა. ქუთაისის აეროპორტის წვლილი კი უარყოფითი -9.9%-ი იყო. რაც შეეხება დანარჩენ მცირე აეროპორტების მაჩვენებლებს, მათ, საერთო ზრდაში უმნიშვნელო, მაგრამ დადებითი წვლილი შეიტანეს.
ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საავიაციო ბაზრის დადებითი შედეგი, მეტწილად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებამ განაპირობა.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ მიმდინარე პერიოდით არ შემოიფარგლება. 2025 წელს ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 29.25%-ით გაიზარდა და 1,230,200 შეადგინა. რაც შეეხება სხვა აეროპორტებს, თბილისის აეროპორტში ზრდამ 13.98%, ქუთაისში კი 5.92% შეადგინა.
შესაბამისად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მაჩვენებლების ზრდა უკვე რამდენიმე საანგარიშო პერიოდში იკვეთება და მხოლოდ ერთი კვარტლის შედეგს არ წარმოადგენს.
აეროპორტების წილები იცვლილება — ბათუმი თბილისსა და ქუთაისს უახლოვდება
მგზავრთნაკადის აბსოლუტურ მოცულობაში, თბილისის აეროპორტი კვლავ უდავო ლიდერია, თუმცა, მონაცემთა ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგების აეროპორტებს შორის განაწილება ეტაპობრივად იცვლება.
კერძოდ, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ქვეყნის მთლიანი მგზავრთნაკადის 61.95% მოდიოდა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის წილი - 16.61% იყო, ხოლო ქუთაისის - 21.12%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება 2025 წელს, იგივე პერიოდში განაწილება განსხვავებული იყო: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წილი იყო 62.67%, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისა — 15.33%, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა — 21.69%.
ამრიგად, ერთი წლის განმავლობაში ბათუმის წილი 1.28 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო თბილისის მაჩვენებელი 0.72 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რაც შეეხება ქუთაისს, მისი მაჩვენებელი, ასევე შემცირდა, 0.57 პროცენტული პუნქტით.
ამ ცვლილებას კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემები. აღნიშნულ პერიოდში ბათუმის აეროპორტის წილი საერთო მგზავრთნაკადში 22.81%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის მესამე კვარტალში 19.21% იყო. ამავე პერიოდში თბილისის წილი 60.24%-დან 58.44%-მდე შემცირდა, ქუთაისის კი 20.25%-დან 18.42%-მდე.
ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ბათუმის აეროპორტი საქართველოს საავიაციო სისტემაში მზარდ მნიშვნელობას იძენს. თუმცა, თბილისი კვლავ ინარჩუნებს უმსხვილესი ჰაბის პოზიციას. რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, წილის შემცირება მის კონკურენტულ და ოპერაციულ დინამიკაზე დამატებით დაკვირვებას მოითხოვს.
ქუთაისის აეროპორტში განსხვავებული დინამიკა იკვეთება
საქართველოს საავიაციო ბაზრის საერთო ზრდის ფონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდგომარეობა განსხვავებულია.
2026 წლის პირველ ცხრა თვეში მგზავრთნაკადი 1,407,819-დან 1,395,988-მდე შემცირდა, რაც 11,831 მგზავრით, ანუ 0.84%-ით კლებას ნიშნავს. თუმცა, უფრო მაღალი მაჩვენებლით შემცირდა ფრენების რაოდენობა. კერძოდ, 4,141-დან 3,889-მდე, ანუ 6.09%-ით.
ეს ტენდენცია ტენდენცია შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. კერძოდ, მგზავრთნაკადი 3.47%-ით, ფრენების რაოდენობა კი 4.78%-ით შემცირდა.
ეს განსხვავება საყურადღებოა, რადგან ქუთაისის აეროპორტში ფრენების რაოდენობის კლება მგზავრთნაკადის შემცირებას აღემატება. ერთი აღრიცხული ფრენის საშუალო მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელი კი ამ პერიოდში შედარებით გაიზარდა.
თუმცა, არსებული მონაცემები არ იძლევა საშუალებას, დადგინდეს, უკავშირდება თუ არა ეს ცვლილება თვითმფრინავების უფრო ეფექტიან დატვირთვას, მარშრუტების სტრუქტურის ცვლილებას, ავიაკომპანიების განრიგის ოპტიმიზაციას თუ სხვა ფაქტორებს.
ქუთაისის აეროპორტის მომდევნო პერიოდების შედეგები მნიშვნელოვანი იქნება იმის შესაფასებლად, რას წარმოადგენს მიმდინარე კლება. არის ეს დროებითი ცვლილება, თუ უფრო ხანგრძლივი ტენდენციის დასაწყისი.
ფრენების რაოდენობა მგზავრთნაკადზე სწრაფად იზრდება
საქართველოს საავიაციო ბაზრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ფრენების რაოდენობასა და მგზავრთნაკადს შორის არსებული განსხვავებული ზრდის ტემპია.
2026 წლის პირველ ცხრა თვეში ფრენების რაოდენობა 28,936-დან 30,115-მდე, ანუ 4.07%-ით გაიზარდა, მგზავრთნაკადის ზრდა კი მხოლოდ 1.83% იყო.
მსგავსი განსხვავება ჩანს 2025 წლის სრული შედეგების შედარებაშიც. ამ წელს მგზავრთნაკადი 14.01%-ით გაიზარდა, ფრენების რაოდენობა კი — 17.49%-ით. რაც შეეხება 2026 წლის მესამე კვარტალს, ფრენების რაოდენობის 10.25%-იან ზრდას მგზავრთნაკადის 6.12%-იანი მატება შეესაბამება.
ამ განსხვავების დამატებითი შეფასებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ერთი აღრიცხული ფრენის საშუალო მგზავრთა რაოდენობა. 2024 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 229.1 იყო, ხოლო 2025 წელს — 222.3. რაც შეეხება 2026 წელს, პირველ ცხრა თვეში მაჩვენებელი 219.5-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა 224.3-ი. ხოლო, მესამე კვარტალში, მაჩვენებელი, 243.6-დან 234.5-მდე შემცირდა.
ეს თანაფარდობა არ წარმოადგენს თვითმფრინავის ადგილების დაკავებულობის კოეფიციენტს. მის საფუძველზე მხოლოდ მგზავრთა რაოდენობისა და აღრიცხული ფრენების საერთო თანაფარდობის შეფასებაა შესაძლებელი. რეალური დატვირთულობის დასადგენად საჭიროა თვითმფრინავების ტევადობისა და გაყიდული ადგილების შესახებ ინფორმაცია.
მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საავიაციო ოპერაციების რაოდენობრივი ზრდა მგზავრთნაკადის ზრდაზე სწრაფად მიმდინარეობს. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია სექტორის ეკონომიკური ეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურული რესურსების გამოყენების შესაფასებლად.
მარშრუტების ქსელში თბილისი დომინირებს, ბათუმი კი პოზიციებს აძლიერებს
ოქტომბრის მარშრუტების ცხრილი საქართველოს საავიაციო ბაზრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოაჩენს — ფრენების გეოგრაფიასა და მიმართულებების სიხშირეს.
ცხრილში წარმოდგენილია 153 მარშრუტის ჩანაწერი, 53 ავიაკომპანია და 126 განსხვავებული საწყისი აეროპორტისა და დანიშნულების კომბინაცია. მითითებული ყოველკვირეული სიხშირეების ჯამი კი 767-ს შეადგენს. მათგან თბილისის აეროპორტზე მოდის 485, ბათუმზე — 175, ხოლო ქუთაისზე — 107.
შესაბამისად, ჩამონათვალში მითითებული ყოველკვირეული სიხშირეების 63.2% თბილისზე, 22.8% ბათუმზე და 14% ქუთაისზე ნაწილდება.
მიმართულებების მიხედვით, ყველაზე მაღალი ჯამური სიხშირე სტამბოლს აქვს — 101 ყოველკვირეული სიხშირე. მას მოსდევს თელ-ავივი — 75 სიხშირით, მოსკოვი — 55 სიხშირით და ბაქო — 49 სიხშირით.
ცალკეული მარშრუტების მიხედვით, განსაკუთრებით გამოირჩევა თბილისი–სტამბოლის მიმართულება, რომელზეც სხვადასხვა ავიაკომპანიის ჯამური სიხშირე კვირაში 74-ს შეადგენს. ბათუმი–თელ-ავივის მიმართულებით ეს მაჩვენებელი 39-ია, თბილისი–ბაქოს მიმართულებით — 42, ხოლო თბილისი–მოსკოვის მიმართულებით — 38.
ავიაკომპანიებს შორის მარშრუტების ცხრილში მითითებული ყოველკვირეული სიხშირეებით ლიდერობენ Red Wings (102 სიხშირე), Wizz Air Hungary (73 სიხშირე), Georgian Airways (64 სიხშირე), Turkish Airlines (60 სიხშირე), Azerbaijan Airlines (49 სიხშირე), Azimuth Airlines (44 სიხშირე) და Pegasus Airlines (41 სიხშირე).
ეს შვიდი ავიაკომპანია ცხრილში წარმოდგენილი ყოველკვირეული სიხშირეების დაახლოებით 56.5%-ს აერთიანებს.
საერთო ჯამში კი მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ქსელში მაღალი კონცენტრაციაა, როგორც წამყვან მიმართულებებზე, ისე რამდენიმე მსხვილ ავიაკომპანიაზე. ამასთან, თბილისის საერთაშირისო აეროპორტი, კვლავ ყველაზე ფართო ავიამიმოსვლის ქსელს ინარჩუნებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი უკვე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მიმართულებების ცენტრად გვევლინება.
რას ნიშნავს არსებული ცვლილებები საავიაციო ბაზრისთვის?
2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებაში რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევასა და შესაძლებლობას წარმოაჩენს.
პირველი — ბაზრის ზრდა გეოგრაფიულად არათანაბარია. ქვეყნის საერთო შედეგი დიდწილად ბათუმის აეროპორტის დინამიკაზეა დამოკიდებული. ეს ერთდროულად ქმნის განვითარების შესაძლებლობას ბათუმისთვის და ზრდის ბაზრის საერთო შედეგის დამოკიდებულებას ერთი აეროპორტის საქმიანობაზე.
მეორე — თბილისის აეროპორტის წამყვანი პოზიცია კვლავ შენარჩუნებულია. თუმცა, მგზავრთნაკადის საერთო ზრდაში მისი წვლილი ბათუმის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. ეს ცხადყოფს, რომ საავიაციო ბაზრის განვითარება მხოლოდ დედაქალაქის ჰაბის გაფართოებით აღარ განისაზღვრება.
მესამე — ქუთაისის აეროპორტის შედეგები ცალკე შეფასებას მოითხოვს. მგზავრთნაკადისა და ფრენების შემცირება საჭიროებს მარშრუტების, ავიაკომპანიების საქმიანობისა და მოთხოვნის სტრუქტურის უფრო დეტალურ შესწავლას.
მეოთხე — ფრენების რაოდენობის უფრო სწრაფი ზრდა, მგზავრთნაკადთან შედარებით, აჩენს კითხვებს ოპერაციული ეფექტიანობის შესახებ. პასუხის მისაღებად საჭიროა თვითმფრინავების საშუალო ტევადობის, ადგილების დაკავებულობის, ბილეთების ფასებისა და ავიაკომპანიების შემოსავლების მონაცემების განხილვა.
საბოლოოდ, საქართველოს საავიაციო ბაზრის საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პერსპექტივების შეფასებისას მხოლოდ მგზავრთნაკადის საერთო ზრდა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, სად იქმნება ეს ზრდა, რომელი მიმართულებები და ავიაკომპანიები უზრუნველყოფენ მას და რამდენად ეფექტიანად გამოიყენება არსებული ინფრასტრუქტურა.
2026 წლის პირველი ცხრა თვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს ავიაცია ზრდას აგრძელებს, მაგრამ მისი მამოძრავებელი ცენტრები და განვითარების ტემპები იცვლება. ბათუმის აეროპორტის გაძლიერება უკვე მკაფიო სტატისტიკური ტენდენციაა, ქუთაისის დინამიკა კი დამატებით ყურადღებას მოითხოვს.
მომდევნო საანგარიშო პერიოდებისთვის მთავარი კითხვა იქნება, შეძლებს თუ არა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ზრდის ტემპის შენარჩუნებას, აღადგენს თუ არა ქუთაისი მგზავრთნაკადის ზრდას და გადაიქცევა თუ არა ფრენების რაოდენობის მატება მგზავრთა უფრო სწრაფ ზრდად.
მონაცემთა წყარო: საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. სტატისტიკური შედარება მოიცავს 2024–2025 წლების სრულ მონაცემებს და 2025–2026 წლების პირველ ცხრა თვესა და მესამე კვარტალს. ოქტომბრის მარშრუტების ანალიზი ეფუძნება თანდართულ ცხრილში მითითებულ ავიაკომპანიებს, მიმართულებებსა და ყოველკვირეულ სიხშირეებს. მარშრუტების ცხრილში საანგარიშო წელი და მონაცემების აღების ზუსტი თარიღი მითითებული არ არის.
InternationalInvestment.biz - ქართული რედაქცია



