English  עברית  ქართული  Русский  
იხილეთ ასევე
Swissôtel Kobuleti Beach Resort — $300 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთშიSwissôtel Kobuleti Beach Resort — $300 მილიონიანი ინვესტიცია ქობულეთში საქართველოში მომდევნო 5-7 წელიწადში, დამატებით, 600 კმ მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება — რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის?საქართველოში მომდევნო 5-7 წელიწადში, დამატებით, 600 კმ მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება — რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის? IBTM World Barcelona 2026-საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზეIBTM World Barcelona 2026-საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი წლიურად 6.1%-ით გაიზარდა — კიდევ რა ტენდენციებზე მიუთითებს III კვარტლის სტატისტიკა?საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი წლიურად 6.1%-ით გაიზარდა — კიდევ რა ტენდენციებზე მიუთითებს III კვარტლის სტატისტიკა? წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი კვლავ მყიდველის გარეშე დარჩა — რატომ ვერ იზიდავს კურორტი ინვესტორებს?წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი კვლავ მყიდველის გარეშე დარჩა — რატომ ვერ იზიდავს კურორტი ინვესტორებს? გოდერძი განვითარების ახალ ეტაპზე — ახალი ინვესტიციები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ოთხსეზონიანი ტურიზმიგოდერძი განვითარების ახალ ეტაპზე — ახალი ინვესტიციები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ოთხსეზონიანი ტურიზმი

2025 წლის მდგომარეობით საქართველოში 2 783 განთავსების ობიექტია — როგორია ოთახებისა და საწოლი ადგილების განაწილება?

2025 წლის მდგომარეობით საქართველოში 2 783 განთავსების ობიექტია — როგორია ოთახებისა და საწოლი ადგილების განაწილება?

2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 2 783 განთავსების ობიექტი, 54 340 ოთახი და 120 247 საწოლი ადგილი იყო აღრიცხული. განთავსების ინფრასტრუქტურის რეგიონული განაწილება მნიშვნელოვან კონცენტრაციას აჩვენებს. კერძოდ, აჭარა და თბილისი ქვეყნის ობიექტების 42.2%-ს, ოთახების 60.1%-სა და საწოლი ადგილების 57.8%-ს აერთიანებენ. ამასთან, რეგიონებს შორის განსხვავება მხოლოდ ობიექტების რაოდენობით არ შემოიფარგლება — მნიშვნელოვნად განსხვავდება თითოეულ ობიექტზე არსებული საშუალო ტევადობაც.

საქართველოს განთავსების სექტორის რეგიონული სტრუქტურა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ტურისტული და განთავსების ინფრასტრუქტურა, ქვეყნის მასშტაბით, თანაბრად არ არის განაწილებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის წლიური მონაცემების მიხედვით, ბაზარზე წარმოდგენილი ობიექტების რაოდენობით აჭარა და თბილისი ლიდერობენ. თუმცა, მათი უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ოთახებისა და საწოლი ადგილების რაოდენობის მიხედვით.

უფრო კონკრეტულად, ქვეყნის მასშტაბით აღრიცხული 2 783 განთავსების ობიექტიდან 592 აჭარაში, 583 კი თბილისში მდებარეობს. შესაბამისად, ორივე რეგიონზე ცალ-ცალკე ქვეყნის ობიექტების დაახლოებით მეხუთედი მოდის. თუმცა, რეგიონული განაწილება, ოთახებისა და საწოლი ადგილების მიხედვით, განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს.

აჭარა განთავსების ინფრასტრუქტურის ტევადობით ლიდერობს

2025 წლის მონაცემებით, აჭარაში 592 განთავსების ობიექტი იყო აღრიცხული, რაც ქვეყნის საერთო რაოდენობის 21.3%-ს შეადგენს. ამავე მონაცემებით, რეგიონში 17 744 ოთახი და 39 067 საწოლი ადგილია წარმოდგენილი.

ამავდროულად, აჭარა ლიდერობს, როგორც განთავსების ობიექტების, ისე, ოთახებისა და საწოლი ადგილების რაოდენობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, მისი უპირატესობა, ინფრასტრუქტურის ტევადობის თვალსაზრისითაა.

უფრო კონკრეტულად, თბილისთან შედარებით აჭარაში მხოლოდ 9 ერთეულით მეტი განთავსების ობიექტია. თუმცა, ოთახების რაოდენობა 2 847 ერთეულით, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა 8 597 ერთეულით აღემატება დედაქალაქის მაჩვენებელს. პროცენტულად კი, აჭარაში ოთახების რაოდენობა, თბილისთან შედარებით, 19.1%-ით, საწოლი ადგილების რაოდენობა კი 28.2%-ით მეტია.

ეს განსხვავება მიუთითებს, რომ აჭარაში განთავსების ობიექტების საშუალო მასშტაბი მნიშვნელოვნად აღემატება თბილისის მაჩვენებელს. კერძოდ, აჭარაში ერთ ობიექტზე საშუალოდ 30 ოთახი და 66 საწოლი ადგილი მოდის, ხოლო თბილისში, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 25.6 და 52.3 ერთეულია.

ამასთან, აჭარაში ერთ ობიექტზე საშუალო ოთახების რაოდენობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 53.5%-ით, საწოლი ადგილების რაოდენობა კი 52.7%-ით აღემატება.

ამრიგად, აჭარის ლიდერობა მხოლოდ ობიექტების რაოდენობით არ განისაზღვრება. რეგიონი განთავსების ინფრასტრუქტურის საერთო ტევადობითაც გამოირჩევა.

თბილისი — განთავსების სექტორის მეორე მსხვილი ცენტრი

2025 წლის მდგომარეობით, თბილისში, 583 განთავსების ობიექტი, 14 897 ოთახი და 30 470 საწოლი ადგილი ფიქსირდება.

ქვეყნის საერთო მაჩვენებელში დედაქალაქის წილი ობიექტების რაოდენობით 20.9%-ს, ოთახების რაოდენობით 27.4%-ს, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობით 25.3%-ს შეადგენს. შესაბამისად, თბილისის მონაცემები აჩვენებს, რომ დედაქალაქის მნიშვნელობა, განთავსების ინფრასტრუქტურის მასშტაბით, გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ ობიექტების რაოდენობა მიანიშნებს.

რაც შეეხება გაერთიანებულ მაჩვენებელებს, აჭარასთან ერთად, თბილისზე, ქვეყნის ოთახების 60.1% და საწოლი ადგილების 57.8% მოდის. ამავე ორ რეგიონში თავმოყრილია განთავსების ობიექტების 42.2%-ი.

ეს განსხვავება რეგიონული კონცენტრაციის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. კერძოდ, განთავსების ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა რეგიონებშიც არის წარმოდგენილი, თუმცა, საერთო ტევადობის უფრო დიდი წილი ორ წამყვან რეგიონზე მოდის.

რეგიონული განაწილება - განსხვავებები რაოდენობასა და ტევადობას შორის

აჭარისა და თბილისის შემდეგ განთავსების ობიექტების რაოდენობით კახეთი და იმერეთი გამოირჩევიან. კერძოდ, კახეთში 301 ობიექტია აღრიცხული, იმერეთში კი — 288. თუმცა, ოთახებისა და საწოლი ადგილების რაოდენობით მათი პოზიციები განსხვავებულია. უფრო კონკრეტულად, კახეთში 3 876 ოთახი და 9 144 საწოლი ადგილია, იმერეთში კი — 3 530 ოთახი და 7 732 საწოლი ადგილი.

ეს ნიშნავს, რომ კახეთი, ობიექტების შედარებით მაღალი რაოდენობის მიუხედავად, ოთახებისა და საწოლი ადგილების მოცულობით აჭარასა და თბილისს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ამ ფონზე, განსაკუთრებით საინტერესოა სამცხე-ჯავახეთის მაჩვენებლები. რეგიონში 210 განთავსების ობიექტია, თუმცა, ოთახების რაოდენობა 3 932-ს, საწოლი ადგილების რაოდენობა კი 9 266-ს შეადგენს. შედეგად, სამცხე-ჯავახეთი ოთახებისა და საწოლი ადგილების რაოდენობით კახეთსა და იმერეთს უსწრებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე რეგიონზე ნაკლები განთავსების ობიექტი აქვს. ამავდროულად, ერთ ობიექტზე საშუალოდ 18.7 ოთახი და 44.1 საწოლი ადგილი მოდის. ეს მაჩვენებელი ქვეყნის საშუალო დონეს აღემატება და სამცხე-ჯავახეთს, განთავსების ინფრასტრუქტურის მოცულობით, შედარებით მსხვილ რეგიონულ ბაზრებს შორის აყენებს.

რაც შეეხება ქვეყნის სხვა მხარეებს, გურიაში 183 ობიექტი, 2 984 ოთახი და 7 824 საწოლი ადგილია წარმოდგენილი. განსაკუთრებით საყურადღებოა საწოლი ადგილებისა და ოთახების თანაფარდობა - ერთ ოთახზე, საშუალოდ, 2.62 საწოლი ადგილი მოდის, რაც განხილულ რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მცხეთა-მთიანეთში 200 ობიექტი, 2 751 ოთახი და 6 369 საწოლი ადგილია, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში შესაბამისი მაჩვენებლები 214, 2 294 და 4 963 ერთეულია.

რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით, მნიშვნელოვანი განსხვავებები იკვეთება ამ რეგიონებს შორისაც. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში ობიექტების რაოდენობა მცხეთა-მთიანეთის მაჩვენებელს აღემატება, თუმცა, ოთახებისა და საწოლი ადგილების რაოდენობით ჩამორჩება.

ეს მონაცემები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ობიექტების რაოდენობა, ცალკე აღებული რეგიონული განთავსების პოტენციალის სრულად შესაფასებლად, საკმარისი ინდიკატორი არ არის.

მცირე მოცულობის რეგიონული ბაზრები

განთავსების ინფრასტრუქტურის ყველაზე მცირე მოცულობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება. კერძოდ, რეგიონში 105 განთავსების ობიექტია აღრიცხული, თუმცა, ოთახების რაოდენობა მხოლოდ 637-ს, საწოლი ადგილების რაოდენობა კი 1 501-ს შეადგენს.

შედეგად, ერთ ობიექტზე საშუალოდ 6.1 ოთახი და 14.3 საწოლი ადგილი მოდის. ეს ორივე მაჩვენებელი კი, ქვეყნის საშუალო დონეზე მნიშვნელოვნად დაბალია.

განთავსების ობიექტების რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. უფრო კონკრეტულად, 53 ობიექტია რეგისტრირებული ქვემო ქართლში და 54 ობიექტი შიდა ქართლში.

თუმცა, ამ ორ რეგიონში ერთ ობიექტზე საშუალო ტევადობა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაჩვენებელს აღემატება. შესაბამისად, ქვემო ქართლში ერთ ობიექტზე საშუალოდ 18.7 ოთახი და 41.5 საწოლი ადგილი მოდის, ხოლო შიდა ქართლში კი — 13 ოთახი და 31.7 საწოლი ადგილი.

ამრიგად, მცირე რაოდენობის ობიექტები ავტომატურად არ ნიშნავს თითოეული ობიექტის მცირე მასშტაბს. რეგიონული ბაზრების შესადარებლად აუცილებელია, როგორც ობიექტების რაოდენობის, ისე მათი საშუალო ტევადობის გათვალისწინებაც.

განთავსების ობიექტების საშუალო ტევადობა — მთავარი სტრუქტურული განსხვავება

საქართველოს მასშტაბით ერთ განთავსების ობიექტზე საშუალოდ 19.5 ოთახი და 43.2 საწოლი ადგილი მოდის. რეგიონული მაჩვენებლების შედარება კი აჩვენებს, რომ ეს საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

კერძოდ, როგორც დიაგრმაზეც ვხედავთ, აჭარასა და თბილისში ერთ ობიექტზე საშუალო ტევადობა ქვეყნის საერთო მაჩვენებელს აღემატება. სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და გურიაშიც ცალკეული მაჩვენებლები ქვეყნის საშუალო დონესთან ახლოს, ან მასზე მაღლაა. ამის საპირისპიროდ კი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ერთ ობიექტზე ოთახებისა და საწოლი ადგილების საშუალო რაოდენობა შედარებით დაბალია.

საინტერესოა საწოლი ადგილებისა და ოთახების თანაფარდობაც. ქვეყნის მასშტაბით, ერთ ოთახზე, საშუალოდ, 2.21 საწოლი ადგილი მოდის. გურიაში ეს მაჩვენებელი 2.62-ია, შიდა ქართლში — 2.44, ხოლო კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 2.36. რაც შეეხება მთავარ რეგიონებს, თბილისში ერთ ოთახზე საშუალოდ 2.05 საწოლი ადგილი მოდის, აჭარაში კი — 2.20.

ეს მაჩვენებლები რეგიონებს შორის განთავსების ნომინალური ტევადობის განსხვავებაზე მიუთითებს. თუმცა, ცალკე აღებული არ გვაძლევს ინფორმაციას ოთახების ტიპების, ფაქტობრივი დატვირთვის ან სტუმართა განაწილების შესახებ.

განთავსების ინფრასტრუქტურის კონცენტრაცია — რას აჩვენებს რეგიონული სურათი?

მონაცემების ერთობლივი შეფასება რამდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას წარმოაჩენს.

პირველი — საქართველოს განთავსების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად არის კონცენტრირებული აჭარასა და თბილისში. ამ ორ რეგიონში ქვეყნის ობიექტების 42.2% მდებარეობს, თუმცა, ოთახებისა და საწოლი ადგილების საერთო მოცულობის თითქმის 60% სწორედ მათზე მოდის.

მეორე — რეგიონული ბაზრების პოზიციები იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ მაჩვენებელს ვაფასებთ. მაგალითად, კახეთი ობიექტების რაოდენობით იმერეთს უსწრებს, მაგრამ სამცხე-ჯავახეთი ორივე რეგიონს აღემატება ოთახებისა და საწოლი ადგილების რაოდენობით, მიუხედავად შედარებით მცირე ობიექტების რაოდენობისა.

მესამე — განთავსების ობიექტების საშუალო მასშტაბი რეგიონების მიხედვით არსებითად განსხვავდება. ეს გარემოება მნიშვნელოვანია სექტორის სტრუქტურული შეფასებისთვის, რადგან ერთნაირი რაოდენობის ობიექტები სულაც არ ნიშნავს განთავსების შესაძლებლობების თანაბარ მოცულობას.

მეოთხე — რეგიონების საერთო ტევადობა არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საწოლი ადგილების რაოდენობით. ბაზრის სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა ოთახების, ობიექტების რაოდენობისა და საშუალო ტევადობის ერთობლივი ანალიზიც.

ამრიგად, 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს განთავსების სექტორის მთავარი სტრუქტურული მახასიათებელი რეგიონული კონცენტრაციაა. აჭარა და თბილისი არა მხოლოდ ობიექტების რაოდენობით, არამედ ინფრასტრუქტურის საერთო ტევადობითაც ლიდერობენ. ამავე დროს, სხვა რეგიონების მონაცემები აჩვენებს, რომ ობიექტების რაოდენობასა და განთავსების შესაძლებლობებს შორის პირდაპირი შესაბამისობა არ არსებობს, რაც სექტორის რეგიონული ანალიზისას განსხვავებული ინდიკატორების ერთობლივად გამოყენების აუცილებლობას ქმნის.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი), განთავსების ობიექტების რაოდენობა რეგიონების მიხედვით, 2025 წლის წლიური მონაცემები. გამოთვლები შესრულებულია წყაროს რეგიონული და ეროვნული მაჩვენებლების საფუძველზე.

InternationalInvestment.biz - ქართული რედაქცია