ka

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში $150 მლნ-ზე მეტი ჩაიდება — რას ითვალისწინებს პროექტი?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში $150 მლნ-ზე მეტი ჩაიდება — რას ითვალისწინებს პროექტი?

თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იგეგმება. გაფართოების ფარგლებში, სამგზავრო ტერმინალის ფართობი დამატებით 21 500 კვ.მ-ით გაიზრდება, ჩასხდომის ხიდების რაოდენობა ხუთიდან ათამდე მოიმატებს, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, აეროპორტი, წელიწადში 10 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფართოების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და დადგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტს აეროპორტის ოპერატორი კომპანია "ტავ ჯორჯია" ახორციელებს, რომლის საინვესტიციო ვალდებულება 150 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

25 ნოემბერს, მიმდინარე სამუშაოებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გაეცნო. პროექტის შესახებ ინფორმაცია მას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და "ტავ ჯორჯიას" გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მიაწოდეს.

ტერმინალის ფართობი დამატებით 21 500 კვ.მ-ით გაიზრდება

პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გაფართოებაა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ 25 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერმინალის საერთო ფართობს დამატებით 21 500 კვ.მ დაემატება.

სამუშაოები მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გაფრენის ზონების გაფართოებას, მგზავრთა მომსახურების სივრცეების გაუმჯობესებასა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გარდა ამისა, გაორმაგდება საჰაერო ხომალდთან მგზავრთა მისასვლელი ჩასასხდომი ხიდების რაოდენობა — არსებული ხუთის ნაცვლად აეროპორტში ათი ასეთი ხიდი იქნება.

TAV Airports-ის მიერ 2026 წლის იანვარში გამოქვეყნებული პროექტის საწყისი დეტალების მიხედვით, ტერმინალში ასევე გათვალისწინებულია 10 ახალი სარეგისტრაციო დახლი, საპასპორტო კონტროლის 24 დამატებითი პოზიცია და ბარგის მიღების ორი ახალი კონვეიერი. დაგეგმილია ასევე, არსებული სივრცეების განახლება, კომერციული ზონების განვითარება და ავტოსადგომის ტევადობის 500 ავტომობილით გაზრდა.

აეროდრომის ინფრასტრუქტურა და ახალი სადგომები

საინვესტიციო პროექტი მხოლოდ ტერმინალის გაფართოებით არ შემოიფარგლება. სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები აეროდრომის ინფრასტრუქტურის განახლებას და საჰაერო ხომალდების ახალი სადგომების მოწყობასაც ითვალისწინებს.

ეს კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აეროპორტის ოპერაციული შესაძლებლობების გასაზრდელად. მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება საჰაერო ხომალდების მომსახურების, პარკირების, სახმელეთო ოპერაციებისა და ინფრასტრუქტურის დატვირთვაც.

TAV Airports-ის იანვრის განცხადებაში აღნიშნული იყო შვიდი ახალი დისტანციური სადგომის მოწყობაც. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2026 წლის 25 ნოემბრის განცხადება დამატებით ადასტურებს, რომ ამჟამინდელი სამუშაოების ფარგლებში აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაც მიმდინარეობს.

წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება

პროექტის დასრულების შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური სამგზავრო გამტარუნარიანობა გაორმაგდება. კერძოდ, არსებული 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

ეს გაფართოება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მგზავრთა ნაკადის ზრდის ფონზე ხორციელდება. TAV Airports-ის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5.4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 13.7%-იანი ზრდაა.

კომპანიის ინფორმაციით, 2025 წელს, თბილისიდან, 63 ავიაკომპანია 71 მიმართულებით ასრულებდა ფრენებს. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს აეროპორტის საერთაშორისო ქსელის მასშტაბსა და მზარდ მოთხოვნას.

ამასთან, 2025 წელი რეკორდული იყო საქართველოს საავიაციო სექტორისთვისაც. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამმა საერთაშორისო აეროპორტმა ჯამურად 8.5 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, ხოლო შესრულებული ფრენების რაოდენობამ 37 ათასს გადააჭარბა.

მგზავრთა ნაკადის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება, როგორც დამატებითი ავიაკომპანიების მოზიდვისთვის, ისე არსებული მიმართულებების განვითარებისათვის.

TAV Georgia-ს ოპერირების ვადა 2031 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტი, 2026 წლის იანვარში, საქართველოს სახელმწიფოსა და TAV Georgia-ს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

შეთანხმების მიხედვით, TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს. მანამდე მოქმედი საკონცესიო პერიოდი 2027 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.

TAV Airports-ის განცხადებით, აეროპორტის განვითარებისთვის დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განისაზღვრა, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული შეთანხმების შედეგად სახელმწიფოს ფინანსური პირობებიც გაუმჯობესდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წლიური შემოსავალი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, არსებულთან შედარებით სამჯერ გაიზრდება, ხოლო სახელმწიფომ პროექტის ღირებულებიდან, დამატებით, 25 მილიონი აშშ დოლარი, ავანსის სახით უნდა მიიღოს.

ინფრასტრუქტურული გაფართოება საქართველოს საავიაციო კონკურენტუნარიანობისთვის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი გამტარუნარიანობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ავიაკავშირების განვითარების, ტურისტული ნაკადების მომსახურებისა და საქართველოს რეგიონულ საავიაციო სივრცეში პოზიციების გაძლიერებისთვის.

პროექტის ეკონომიკური მნიშვნელობა მხოლოდ დამატებითი მგზავრების მიღების შესაძლებლობით არ შემოიფარგლება. გაფართოებულმა ტერმინალმა და განახლებულმა აეროდრომის ინფრასტრუქტურამ, უნდა გააუმჯობესოს მგზავრთა ნაკადების მართვა, შეამციროს პიკური დატვირთვისას წარმოქმნილი ოპერაციული შეზღუდვები და გაზარდოს აეროპორტის შესაძლებლობა, მოემსახუროს მეტ ავიარეისსა და სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდებს.

ამასთან, სრულიად ბუნებრივია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება თავისთავად არ იძლევა ახალი ავიამიმართულებების ან მგზავრთნაკადის ზრდის გარანტიას. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიების კომერციულ გადაწყვეტილებებზე, საჰაერო კავშირების გაფართოებაზე, ტურისტულ მოთხოვნასა და აეროპორტის ოპერაციულ ეფექტიანობაზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი. მისი განხორციელება არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაზრდას და საქართველოს საავიაციო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის დამატებითი რესურსის შექმნას ისახავს მიზნად.


წყაროები:

აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?

განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.

იხილეთ ასევე

ბიზნესი / უძრავი ქონება / ინვესტიციები / ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი / ანალიტიკა / კვლევები / რეიტინგები / მიმოხილვები / სიახლეები / საქართველო / უძრავი ქონება — საქართველო / ტურიზმი — საქართველო

10.8-დან 85.7 ათასამდე ვიზიტორი და 9.5-დან 72.8 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავალი — კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი რიცხვებში

დღეს, 01:13