ka

სვანეთის ტურისტული პოტენციალი პოპულარიზაციისა და დაბალი მსყიდველუნარიანობის გამოწვევების წინაშე

სვანეთის ტურისტული პოტენციალი პოპულარიზაციისა და დაბალი მსყიდველუნარიანობის გამოწვევების წინაშე

მიუხედავად იმისა, რომ სვანეთს ოთხივე სეზონზე ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რეგიონის ტურისტული სექტორი რამდენიმე გამოწვევას აწყდება — არასაკმარისი სახელმწიფო პოპულარიზაცია, ევროპელი ვიზიტორების შემცირებული წილი და ტურისტების დაბალი გადახდისუნარიანობა სასტუმროების შემოსავლებსა და საფასო პოლიტიკაზე აისახება.

სახელმწიფო პოპულარიზაციის დეფიციტი და ზამთრის კურორტების განვითარების პერსპექტივა

სვანეთის ტურისტული პოტენციალის ათვისება მხოლოდ ბუნებრივ რესურსებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე არ არის დამოკიდებული. რეგიონის სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ყურადღებას სახელმწიფო მარკეტინგული მხარდაჭერის ნაკლებობაზე ამახვილებენ და მიიჩნევენ, რომ სვანეთის, განსაკუთრებით კი, მისი ზამთრის კურორტების, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე პოზიციონირება გაცილებით აქტიურ კამპანიას საჭიროებს. მესტიაში მოქმედი ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონის, ანა გირგვლიანის შეფასებით, სვანეთის პოპულარიზაციის მიმართულებით სათანადო აქტივობა არ შეინიშნება. მისი თქმით, რეგიონს ოთხივე სეზონზე ტურისტების მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა, ზამთრის ტურისტული მიმართულების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მედიასთან გირგვლიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სვანეთის შესახებ სარეკლამო კამპანიები და ვიდეორგოლები პრაქტიკულად არ ჩანს. ამასთან, იგი ხაზს უსვამს განსხვავებას აჭარის ტურისტული პოპულარიზაციის მასშტაბებსა და სვანეთის მიმართ არსებულ მიდგომას შორის. მისივე შეფასებით, აჭარის ზაფხულის ტურისტული მიმართულების წარმატებული რეკლამირება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მსგავსი მხარდაჭერა სვანეთისთვისაც აუცილებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რეგიონში ორი ახალი და მნიშვნელოვანი ზამთრის კურორტია.

ოთხივე სეზონის ტურისტული მოდელი — გამოუყენებელი შესაძლებლობა

გირგვლიანის შეფასებით, სვანეთის კონკურენტული უპირატესობა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნება და განსხვავებული სეზონური ტურისტული პროდუქტებია. რეგიონს შეუძლია, ვიზიტორებს, როგორც ზამთრის სპორტული აქტივობები, ისე ზაფხულის ეკოტურიზმი და ბუნებაში დასვენება შესთავაზოს. სასტუმროს მეპატრონის აზრით, ზაფხულის სეზონზე სვანეთი გარკვეულწილად უკვე დამკვიდრებული ტურისტული მიმართულებაა, მაშინ, როდესაც ზამთრის კურორტების ცნობადობა ჯერ კიდევ დაბალია. შესაბამისად, ზამთრის ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია არა მხოლოდ სეზონური დატვირთვის ზრდის, არამედ, სასტუმრო ბიზნესის საქმიანობის მთელი წლის განმავლობაში დაბალანსების შესაძლებლობაცაა. მისი შეფასებით, სვანეთს აქვს რესურსი, ჩამოყალიბდეს ოთხივე სეზონზე მოქმედ ტურისტულ მიმართულებად, თუმცა, ამისთვის საჭიროა მიზანმიმართული მარკეტინგული პოლიტიკა და რეგიონის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა.

ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მსყიდველუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

სასტუმრო ბიზნესისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ტურისტების გადახდისუნარიანობის ცვლილებაა. ანა გირგვლიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში შეიცვალა ვიზიტორთა სტრუქტურაც — შემცირდა ევროპელი ტურისტების წილი, ხოლო ბაზარზე შედარებით დაბალბიუჯეტიანი ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, გასული სეზონი აქტიური იყო. სეზონი მაისის ბოლოს დაიწყო და სექტემბრის ჩათვლით სასტუმროს ბევრი სტუმარი ჰყავდა, თუმცა, ვიზიტორთა რაოდენობა შესაბამისი შემოსავლების ზრდაში სრულად არ ასახულა. გირგვლიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ონლაინდაჯავშნის პლატფორმა Booking-ზე განთავსებული ტარიფები წინა პერიოდთან შედარებით, არ შეუცვლია, ადგილზე მისულ სტუმრებს აღნიშნული ფასის გადახდა უჭირდათ. შედეგად, სასტუმროს მფლობელს მომხმარებლების შესანარჩუნებლად, ფასდაკლებების შეთავაზება უწევდა.

"არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ გადახდა არ შეუძლიათ თუ არ უნდათ, მაგრამ რეალობა ასეთი იყო", — აღნიშნავს სასტუმროს მეპატრონე.

ტურისტული სექტორისთვის მთავარი გამოწვევა — რაოდენობიდან ეკონომიკურ ეფექტიანობაზე გადასვლა

სვანეთის მაგალითი ტურიზმის სექტორში ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოაჩენს: ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს სასტუმრო ბიზნესის შემოსავლებისა და მომგებიანობის გაუმჯობესებას. ტურისტული მიმართულების ეკონომიკური ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზიტორთა ნაკადის ზრდა, არამედ, მათი მსყიდველუნარიანობა, საშუალო დანახარჯები, სასტუმროების დატვირთვა და სეზონურობის შემცირება.

აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?

განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.

იხილეთ ასევე

ბიზნესი / უძრავი ქონება / ინვესტიციები / ტურიზმი და სასტუმრო ბიზნესი / ანალიტიკა / კვლევები / რეიტინგები / მიმოხილვები / სიახლეები / საქართველო / უძრავი ქონება — საქართველო / ტურიზმი — საქართველო

10.8-დან 85.7 ათასამდე ვიზიტორი და 9.5-დან 72.8 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავალი — კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი რიცხვებში

დღეს, 01:13