English  עברית  ქართული  Русский  

საქართველო სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას 7  მილიარდიანი საინვესტიციო გეგმით აპირებს — რა პროექტები უნდა დასრულდეს 2031 წლამდე

საქართველო სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებას 7  მილიარდიანი საინვესტიციო გეგმით აპირებს — რა პროექტები უნდა დასრულდეს 2031 წლამდე

საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მასშტაბურ განვითარებას გეგმავს. მომდევნო წლებში, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. პრიორიტეტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო დერეფნის დასრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის ამოქმედება, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სარკინიგზო შესაძლებლობების გაფართოება. მთავრობის გეგმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი 2029-2031 წლებში უნდა განხორციელდეს.

საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლების გათვლით, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის ეფექტიანად გამოყენება და შუა დერეფნის მზარდ სავაჭრო მარშრუტად ჩამოყალიბება საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის. დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დაგეგმილი პროექტები საავტომობილო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას მოიცავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე — "ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის" - განაცხადა.

შუა დერეფანი და საქართველოს მზარდი სატრანზიტო როლი

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, შუა დერეფანი უკვე გლობალური სავაჭრო მარშრუტების განუყოფელი ნაწილია, რაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას ზრდის. მთავრობის მიზანია, არსებული სატრანზიტო პოტენციალი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაფართოებით გააძლიეროს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტვირთების გადაადგილების სისწრაფეს, გამტარუნარიანობასა და სხვადასხვა სატრანსპორტო მიმართულების ერთმანეთთან ინტეგრაციას ენიჭება.

საავტომობილო ინფრასტრუქტურა — ავტობანის დასრულება 2031 წლისთვის

გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგზაო ინფრასტრუქტურაა. მთავრობის განცხადებით, 2031 წლისთვის ავტობანის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულებაა დაგეგმილი. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ამბიციური, თუმცა რეალისტური მიზანია, რომლის განხორციელებაზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს. ავტობანის პროექტის დასრულება ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებისა და სატრანზიტო ნაკადების მომსახურების შესაძლებლობების ზრდისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ანაკლიის პორტი — პირველი ფაზის დასრულება 2029 წელს

საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მთავრობის მთავარი პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია.პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2029 წლისთვის დასრულდება.პროექტი საქართველოს საზღვაო ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და შავი ზღვის რეგიონში ქვეყნის სატრანზიტო პოზიციების გაძლიერებას უკავშირდება.ანაკლიის პორტის განვითარება, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული ჯაჭვისთვის, რადგან მისი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვების კოორდინაციაზე.

აეროპორტები — ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი

2031 წლის ბოლოსთვის, საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, მთავრობა რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურის გაფართოება მიმდინარეობს, ბათუმის აეროპორტთან დაკავშირებით კი, ახალი გეგმებია დაანონსებული. ამასთან, დაგეგმილია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ვაზიანში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტის დასრულების ვადად 2031 წლის ბოლო განისაზღვრა.ახალი აეროპორტის მშენებლობა ქვეყნის საჰაერო კავშირის განვითარების გრძელვადიანი გეგმის ნაწილია.

რკინიგზა — გამტარუნარიანობის ზრდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რკინიგზაა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მიმართულებითაც არსებობს ამბიციური გეგმები, რომელთა განხორციელებამ რკინიგზის შესაძლებლობები თვისებრივად უნდა გააძლიეროს.სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

ხუთწლიანი პერსპექტივა — ინფრასტრუქტურული ცვლილებები და ეკონომიკური ეფექტი

მთავრობის ხედვით, დაგეგმილი ინვესტიციები და ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეცვლის.„ყველა მიმართულებით, რაც უკავშირდება დაკავშირებადობას, ტრანზიტს, გვაქვს ამბიციური გეგმები და აბსოლუტურად თანმიმდევრობით მივყვებით ამ გეგმის განხორციელებას. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თვისებრივად გაძლიერებული იქნება ამ თვალსაზრისით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ. თუმცა ინფრასტრუქტურული გეგმის ეკონომიკური შედეგი მხოლოდ მშენებლობების დასრულებით არ განისაზღვრება. გადამწყვეტი იქნება პროექტების დროულად განხორციელება, მათი რეალური გამტარუნარიანობა და სატრანსპორტო სისტემებს შორის ეფექტიანი კავშირი. საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა იქნება, შეძლებს თუ არა ქვეყანა მზარდი სატრანზიტო შესაძლებლობების რეალურ ეკონომიკურ სარგებლად გარდაქმნას — მეტი ტვირთის მოზიდვის, ლოგისტიკური მომსახურების გაფართოებისა და რეგიონულ სავაჭრო ქსელებში პოზიციების გაძლიერების გზით.