English  עברית  ქართული  Русский  

FreeRide-ის მსოფლიო ტური სვანეთში ბრუნდება!

FreeRide-ის მსოფლიო ტური სვანეთში ბრუნდება!

საქართველოში, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. შეჯიბრებები სვანეთში 2027 წლის თებერვალში ჩატარდება, სადაც მონაწილეები კახიანის ფერდობზე, ზღვის დონიდან 3 170 მეტრის სიმაღლეზე დაეშვებიან.

2027 წლის სეზონი მსოფლიო ტურის დაარსებიდან მე-20 საიუბილეო წელია. კალენდარი სულ ექვს ეტაპს მოიცავს და მესტია კვლავ ისეთ ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტებთან ერთად იქნება წარმოდგენილი, როგორებიც საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, აშშ-სა და შვეიცარიაში მდებარეობს.

მთავარი ტურნირის პარალელურად, ფრირაიდის ეგიდით შეჯიბრებები საქართველოს სხვა სამთო კურორტებსაც მოიცავს — ახალგაზრდული და საკვალიფიკაციო ეტაპები იანვარში ბაკურიანში, თებერვალში მესტიაში, ხოლო მარტში გუდაურში გაიმართება. ეს ახალბედა მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, გამოავლინონ საკუთარი ძალები სპეციალურად შერჩეულ ფერდობებზე და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება მიიღონ.

სვანეთისა და მთლიანად საქართველოსთვის ეს ღონისძიებები მხოლოდ სპორტულ ასპარეზობას არ გულისხმობს — ისინი სპორტსმენების, გუნდების, გულშემატკივრებისა და საერთაშორისო სპორტული საზოგადოების ყურადღებას საქართველოს მთებისკენ მიაპყრობს.

ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, რაც ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ღონისძიების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოფს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენასა და ახალი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას. გარდა ამისა, ტურნირი განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვისაც, რაც ქვეყანაში ტურიზმის სექტორის განვითარებასა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.