ka

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სრულად ამოქმედება 2029 წლისთვის იგეგმება – დაღრმავებითი სამუშაოები დასრულებულია

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სრულად ამოქმედება 2029 წლისთვის იგეგმება – დაღრმავებითი სამუშაოები დასრულებულია

ამჟამად, ტალღმჭრელის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ფარგლებში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და პროექტის სრულ ოპერირებაში შესვლა 2029 წლისთვის არის დაგეგმილი. პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მის საგზაო და სარკინიგზო დაკავშირებადობაზე, რაც ნავსადგურის საქართველოს სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მიმდინარე სამუშაოები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის, განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე დაღრმავებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე კი, ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ანაკლიის პორტის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის მიზანია, 2029 წლისთვის ნავსადგური საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ქსელს დაუკავშირდეს და ერთიანი ეროვნული სატრანსპორტო სისტემის ნაწილი გახდეს.

"რკინიგზის მშენებლობის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, 2029 წლისთვის რკინიგზის ცენტრალურ ქსელს დაუერთდეს ანაკლიის ნავსადგური და მოვახდინოთ ერთიან ეროვნულ ქსელში მისი ჩართვა", – განაცხადა მედიასთან თამარ იოსელიანმა.

სატრანზიტო პოტენციალი და შუა დერეფნის მზარდი დატვირთვა

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ტვირთბრუნვის დინამიკაზე. მისი განცხადებით, 2026 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით, ზრდა ფიქსირდება, როგორც ტრანსპორტის ყველა სახეობაში, ისე ტვირთების ყველა კატეგორიაში. იოსელიანმა, ასევე, მოიშველია მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის პროგნოზითაც, 2040 წლისთვის შუა დერეფანში ტვირთბრუნვა ოთხჯერ გაიზრდება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სწორედ ამ პროგნოზირებულ დინამიკას უკავშირდება. მისი ფუნქცია იქნება შუა დერეფნის შავი ზღვის მიმართულებით დაკავშირება და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებაში მონაწილეობა.პორტის ამოქმედების ვადები, სახმელეთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის გაფართოების უფრო ფართო გეგმას უკავშირდება.

აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?

განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.

იხილეთ ასევე