ბათუმში ბინების გაყიდვები პირველ კვარტალში 16%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 4%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალის კვლევა
თიბის კაპიტალის კვლევის თანახმად, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი, 2026 წელს, მოთხოვნის მაღალ დონეს ინარჩუნებს. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში ბათუმში 7 850 ბინა გაიყიდა. უფრო კონკრეტულად, პირველ კვარტალში გაყიდულია 3 880 ბინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-იანი ზრდაა, ხოლო მეორე კვარტალში გარიგებების რაოდენობამ 3 970 შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება.
რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას წლიურ ჭრილში, საჯარო რეესტრისა და თიბისი კაპიტალის მონაცემებით, 2025 წელს ბათუმში 16 640 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება და 2019-2025 წლების პერიოდში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია.
გაყიდვების ზრდის პარალელურად, ბათუმში, გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასიც. კერძოდ, 2026 წლის პირველ კვარტალში საშუალო ფასი 1 438 დოლარი იყო, მეორე კვარტალში კი 1 505 დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, მეორე კვარტლის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აღემატება.
რაც შეეხება ფასების დინამიკას წლიურ ჭრილში, 2019 წელს ერთი კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 838 აშშ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს 897 დოლარს მიაღწია, 2023 წელს უკვე 1 125 დოლარამდე იყო, ხოლო 2025 წელს საშუალო გასაყიდმა ფასმა უკვე 1 395 დოლარს მიაღწია.
