Cipriani Batumi-სტუმარმასპინძლობის იტალიური ლუქს-სეგმენტის ბრენდი საქართველოში
პრემიუმ კლასის 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რეზიდენციები, საცხოვრებელი აპარტამენტები, უმაღლესი დონის სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები და ასევე გასართობი სივრცეები- Cipriani Batumi -ახალი განაცხადი ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე.
დეველოპერულ პროექტს „ორბი ჯგუფი„ და „ბლოკ ჯგუფი“ ერთობლივად ახორციელებენ.
Cipriani Batumi-ს პროექტის მთავარი ვარსკვლავური ამბასადორი და პირველი საპატიო მაცხოვრებელი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიოა, რომელიც პირველი ექსკლუზიური აპარტამენტის მფლობელი გახდა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, Cipriani-ს ხელმძღვანელმა ჯუზეპე ჩიპრიანიმ, ORBI Group-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ და BLOCK Group-ის მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა.
„ასეთი მასშტაბის ბრენდის შემოსვლა ქვეყანაში სტუმარმასპინძლობისა და პრემიუმ კლასის უძრავი ქონების განვითარების ახალ თამასას აწესებს“- განაცხადა პროექტის პერეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა.
„დღეს ჩვენ ერთად ვუყრით საფუძველს უმაღლესი კლასის საცხოვრებელ და სასტუმრო კომპლექსს, Cipriani Batumi-ს. ეს შეიძლება, თამამად ითქვას, რომ არის ახალი სიტყვა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ჩვენს ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ეს არის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელიც 1931 წელს, ვენეციაში დაფუძნდა და ის მომსახურების დახვეწილი ხარისხით მსოფლიოს 19 ქალაქშია წარმოდგენილი. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის, ლონდონის, მონტე-კარლოს, დუბაის, მაიამისა და სხვა ქალაქების გვერდით, დღეს, ბათუმშიც იქნება მსოფლიო მასშტაბის ეს ბრენდი.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ევროპის მასშტაბით გვაქვს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი ამ ხუთი წლის განმავლობაში არის 9.3 % და ეს ციფრი უკვე თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბუნებრივია, ასეთი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და გაზრდას“.- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
,,მსოფლიოს წამყვანი მეგაპოლისების გვერდით Cipriani-ს ფოკუსში ბათუმის გამოჩენა ჩვენი ქალაქის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს ბრენდი მთელ მსოფლიოში უმაღლესი სტანდარტების მომსახურებასთან და წარმატებასთან ასოცირდება. დღეს ეს იტალიური გამოცდილება აჭარაში შემოდის და ბათუმს ახალ, გამორჩეულ ხასიათს შესძენს.
ამ პროექტისთვის ბათუმის შერჩევა შემთხვევითი არ არის. ჩვენი რეგიონის მზარდი ცნობადობა და განვითარება ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის სწორი კოორდინაცია ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - დღევანდელი დღე კი ამის ნათელი მაგალითია". - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
"Cipriani Batumi იქნება სრულფასოვანი დანიშნულების ადგილი, უმაღლესი დონის რეზიდენციები, სასტუმრო, რესტორნები, სპა და გასართობი სივრცეები. რონალდინიოს მიერ პირველი რეზიდენციის მიღება არის ნდობის საჯარო დადასტურება - ეს აჩვენებს, რომ ბათუმი და საქართველო მზად არის ასეთი პროექტებისთვის. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს ვიწყებთ". - აღნიშნა "ბლოკ ჯგუფის" მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა.
„დღევანდელი გამოწვევებისა და საერთაშორისო კრიზისის ფონზე დღეს აღვნიშნავდეთ Cipriani-ს პროექტის პრეზენტაციას ბათუმში, ეს არის ნამდვილად დიდი გმირობა ჩვენი ქვეყნისთვის“-აღნიშნა „ორბი ჯგუფის“ დამფუძნებელმა.
„საქართველომ დაიკავა ოაზისის ფუნქცია ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში, სადაც განვითარება ყველაზე დიდი პრიორიტეტია“.-აღნიშნა, პროექტის პრეზენტაციაზე, ირაკლი კვერღელიძემ.
Cipriani არის მსოფლიოში ცნობილი იტალიური სტუმარმასპინძლობისა და ფეშენებელური ცხოვრების სტილის ბრენდი, რომელიც 1931 წელს ჯუზეპე ჩიპრიანის მიერ ვენეციაში, დაარსდა. ბრენდი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს, რომელიც მოიცავს უმაღლესი კლასის რესტორნებს, ელიტარულ კლუბებს, სასტუმროებსა და პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს, მსოფლიოს უმსხვილეს მეგაპოლისებში.
