ესპანეთში ტარტესოსის ცივილიზაციის უნიკალური ბრინჯაოს ეტლი აღმოაჩინეს
ესპანურ ესტრემადურაში, უძველესი დასახლების კასა-დელ-ტურუნიუელოს ტერიტორიაზე (გუარენიის მუნიციპალიტეტი), არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნის ბრინჯაოს საცერემონიო ეტლი აღმოაჩინეს – აღმოჩენა, რომელსაც პირინეის ნახევარკუნძულზე ანალოგი არ გააჩნია.
აღმოჩენა გაკეთდა მერიდის არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ ძეგლზე ჩატარებული რიგით მერვე არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში. ეტლი იპოვეს დასახლების რიტუალურ ზონაში – კორიდორ S3-ში, სადაც მანამდე უკვე იყო აღმოჩენილი ხარის ტყავის ფორმის სამსხვერპლო.
დღემდე მხოლოდ ეტლის ნახევარი შემორჩა – ორი ბორბალი და კორპუსის ნაწილი. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ხაზს უსვამენ დეკორატიული დამუშავების განსაკუთრებულ დონესა და ლითონდამუშავების რთულ ტექნიკას: ბრინჯაოს ელემენტები რკინის დეტალებთან ერთადაა აწყობილი.
ეტლის მხატვრული გაფორმება მოიცავს მდინარის ღვთაება აქელოოსის გამოსახულებებს (რომელიც ცნობილია ბერძნულ და ეტრუსკულ ტრადიციებში), ასევე გრიფონებს კონსტრუქციის ორივე კიდეზე. კორპუსს იკავებს მამაკაცის ორი ფიგურა ატლანტების პოზაში.
ამ საგნის პირდაპირი ანალოგები იბერიაში ნაპოვნი არ არის – ყველაზე ახლო პარალელები ცენტრალური იტალიის ეტრუსკულ ცივილიზაციაში გვხვდება. ეს ადასტურებს სავაჭრო ქსელების არსებობას, რომლებიც ტარტესოსს ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვადასხვა რეგიონთან აკავშირებდა.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეტლი შესაძლოა გამოიყენებოდა რიტუალურ ნადიმებში და დაკავშირებული იყო დასკვნით საცერემონიო ტრაპეზთან – აღმოჩენის გვერდით მდებარეობს დარბაზი, რომელიც საზეიმო-სანადიმო სივრცედ არის იდენტიფიცირებული.
იმავე ექსპედიციის დროს ძეგლზე უცხოური წარმოშობის სხვა საგნებიც აღმოაჩინეს: ატიკური კერამიკა საბერძნეთიდან, ეგვიპტური ალაბასტრის ჭურჭელი და სპილოს ძვლის ნაკეთობები მეომრების, ცხოველებისა და მცენარეების გამოსახულებებით.
არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, კასა-დელ-ტურუნიუელო შესაძლოა ესტრემადურის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცეს. ეს პროვინცია უკვე იზიდავს სიძველეებისა და ისტორიული ტურიზმის მოყვარულებს.
