ჩინეთში ააშენებენ სასტუმროს, რომელსაც სრულად რობოტები მოემსახურებიან
კომპანია Pudu Robotics-მა და Shenzhen Culture & Tourism Industry Development-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მსოფლიოში პირველი სრულად რობოტიზებული სასტუმროს შექმნის შესახებ. ობიექტი განთავსდება გუანდუნის პროვინციაში, შენჟენ-ჯუნშანის ხიდ-გვირაბის დასავლეთ ხელოვნურ კუნძულზე – გუანდუნი-ჰონგ-კონგი-მაკაოს დიდი ყურის რეგიონის უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტში.
სასტუმროში იქნება პრემიუმ კლასის 44 ნომერი. ყველა მომსახურებას – სტუმრების რეგისტრაციითა და ბარგის გადატანით დაწყებული, ოთახების დალაგებით, რესტორანში მომსახურებითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით დამთავრებული – სრულად შეასრულებენ ინტელექტუალური რობოტიზებული სისტემები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.
სასტუმროს მუშაობას მართავს Pudu Robotics-ის საკუთარი AI-პლატფორმა PuduFM 1.0, რომელიც ინტელექტუალურ მართვის სისტემა PuduAgent-თან ერთად ფუნქციონირებს. დამოუკიდებლად მოქმედების ნაცვლად, თითოეული რობოტი ურთიერთქმედებს ამ ცენტრალიზებული პლატფორმის მეშვეობით, რაც რამდენიმე სპეციალიზებულ რობოტს ამოცანების ერთდროულად კოორდინირების საშუალებას აძლევს.

ეს არქიტექტურა საშუალებას აძლევს სხვადასხვა ფორმ-ფაქტორისა და განსხვავებული ამოცანების მქონე რობოტებს, იმუშაონ ერთიანი ინტელექტუალური სისტემის ფარგლებში: მიმღების რობოტები ამოიცნობენ ჟესტებსა და სოციალურ ინტერაქციას, მიტანის რობოტები დამოუკიდებლად ახდენენ მარშრუტების ოპტიმიზაციას, ხოლო დამლაგებელი რობოტები დინამიკურად ერგებიან ცვალებად გარემოს.
რობოტიზებული პერსონალის შემადგენლობაში შევლენ საკვებისა და სასმელების შეკვეთების მომტანი FlashBot-ის რობოტები, სტუმრების ბარგის გადატანაზე პასუხისმგებელი PUDU T300 რობოტები, ასევე PUDU CC1 Pro და MT1 დამლაგებელი რობოტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით განსაზღვრავენ და ასუფთავებენ დაბინძურებულ ადგილებს სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე.
ასევე წარმოდგენილი იყო რობოტი-ბარისტა BellaBot Pro, რომელიც ამზადებს ყავას და სტუმრებთან ხმითა და სინათლის ეფექტებით ურთიერთქმედებს, და KettyBot Pro, რომელსაც მიაქვს წასახემსებლები და სასმელები და ამავდროულად ჩაშენებულ ეკრანზე აჩვენებს ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ.
«ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრემიალურ სასტუმრო სფეროში განხორციელებული ინტელექტის მასშტაბური დანერგვისკენ. ის ასევე იძლევა მომსახურების ახალი მოდელების გამოკვლევის შესაძლებლობას, სადაც ხელოვნური ინტელექტი და რობოტოტექნიკა ერთობლივად ქმნიან კომპლექსურ გამოცდილებას რეალურ სამყაროში», — განაცხადა Pudu Robotics-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა გუო კონგმა.
პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება 2030 წლამდე: სატესტო გაშვება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოსთვის, როდესაც ვიზიტორებისთვის გაიხსნება ნომრებისა და რობოტიზებული სერვისების ნაწილი. სასტუმროს სრულფასოვანი გახსნა 2027 წელს იგეგმება.
დღეისათვის Pudu Robotics-ს მიწოდებული აქვს 130 ათასზე მეტი რობოტი და წარმოდგენილია მსოფლიოს 85-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში.

