2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებმა 5.7 მილიარდი ლარი დახარჯეს-საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 11.1 პროცენტით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა.
მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) საქართველოში 2.2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა.
ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 58.8%, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა –1.35 მილიონი და 1.29 მილიონი.
ვიზიტების ტიპის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების 82.1% მხოლოდ ტურისტი იყო, 14.3% – მხოლოდ ექსკურსანტი, ხოლო 3.6% ორივე კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 596.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, ქვეყანაში 596.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც მთლიანი რაოდენობის 26.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე თურქეთი იყო 14.5%-იანი წილით, მესამეზე კი სომხეთი – 11%-ით. ვიზიტების რაოდენობის მიხედვითაც ლიდერობდნენ რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისად 695.8 ათასი, 398.1 ათასი და 316.2 ათასი ვიზიტი განახორციელეს.
