თბილისის სასტუმროებისთვის მიმდინარე წელი რეკორდულია - შალვა ალავერდაშვილი
სასტუმროების ფედერაციის თანადამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი, http://internationalinvestment.biz/-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ განთავსების სექტორისთვის მიმდინარე წელი რეკორდულია. ალავერდაშვილის ინფორმაციით, თბილისის სასტუმროებში, მაისიდან მოყოლებული, დატვირთულობა 90%-ზე ნაკლები არ ყოფილა, რაც წინა წლებთან შედარებით, ძალიან კარგი მაჩვენებელია.
- ბატონო შალვა, თქვენ რას უკავშირებთ იმ ფაქტს, რომ თბილისის სასტუმროებისთვის მიმდინარე წელი რეკორდულია და მაისის თვიდან მოყოლებული, დატვირთულობა 90%-ზე ნაკლები არ ყოფილა?
- დიახ, გიდასტურებთ, რომ წელს, მაისიდან მოყოლებული, ძალიან დადებითი წელი გვქონდა. პანდემიის შემდეგ ასეთი კარგი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა და ეს წელი წარმატებულ წლად შეიძლება ჩაითვალოს. ამის განმაპირობებელი ფაქტორი კი, ის იყო, რომ ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან დაემატა. ბევრი ვიზიტორი გადმომისამართდა დუბაიდან; ასევე, ტურისტები დაგვემატნენ შუა აზიის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან. ასე რომ, ვიზიტორების სიმრავლის კუთხით, წელს საუკეთესო წელი იყო.
- წლის განმავლობაში ვიზიტორთა მხრიდან ჩავარდნა თუ გქონდათ, რომელ თვეებში და რა იყო ამისი მიზეზი?
- წელს, ყველაზე რთული თვეები მარტსა და აპრილში გვქონდა, როდესაც რეგიონში ომი დაიწყო. 28 თებერვლიდან, ისრაელიდან, ტურისტების ჩამოსვლის მიმართულებით, მარტი სრულად ჩავარდა და აპრილის ნახევრამდე ჩავარდნილი პერიოდი გვქონდა. ეს გარემოება იმ დროს ტურიზმის ვითარებაზე საკმაოდ უარყოფითად აისახა, განსაკუთრებით - გუდაურზე. თუმცა, როგორც გითხარით, იანვარ-თებერვალში დადებითი მაჩვენებლები გვქონდა და ძალიან კარგი ვითარება იყო მაისის თვიდან.
- ფრაგმენტული სირთულეების მიუხედავად, შეგიძლიათ თქვათ, რომ სექტორი წელს დადებითი ფინანსური და საოპერაციო შედეგებით დახურავს?
- დიახ, როგორც გითხარით, წელს, პანდემიის შემდეგ, ვიზიტორთა სიუხვის მხრივ, ასეთი კარგი და შედეგიანი წელი არ გვქონია.
- და ბოლოს, ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ გასული წლის და სამომავლოდ რა მოლოდინები გაქვთ?
- სამომავლოდ, რეგიონში, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ომი აღარ დაიწყება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული [სასტუმროების მუშაობა]. საკმაოდ ბევრი ჯავშანი გვაქვს ისრაელიდან, თუმცა, შესაძლოა, იგივე მოხდეს, რაც გასულ წელს. იმ შემთხვევაში კი, თუ ისრაელში საომარი მოქმედებები განახლდება, გუდაური ძალიან ბევრ სტუმარს დაკარგავს. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას რეგიონში.
