English  עברית  ქართული  Русский  

უცხოელების დასაქმება საქართველოში: ვის ეწურება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვადა?

უცხოელების დასაქმება საქართველოში: ვის ეწურება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვადა?

საქართველოში დასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში აქტიური სტატუსით იყვნენ რეგისტრირებული, შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე აქვთ. ახალი რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ დასაქმებულებს დაეკისრებათ.

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისა და თვითდასაქმების სამართლებრივი რეჟიმი შეიცვალა. 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა "შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ახალი მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელების შრომითი და სამეწარმეო საქმიანობა შესაბამისი შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებას უკავშირდება.

ცვლილებების მიზანი შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო რეგულირების გაძლიერება, უცხოელთა დასაქმების პროცესის მოწესრიგება და საქართველოში მოქმედი შრომითი ურთიერთობების ერთიანი სისტემის ფარგლებში მოქცევაა.

ვის ეხება გარდამავალი პერიოდის დასრულება?

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული 2027 წლის 1 იანვრის ვადა კონკრეტულ კატეგორიას ეხება. კერძოდ, ესენი არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა რეგისტრაციის სტატუსიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით აქტიური იყო.

ამ პირებმა გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე უნდა მოიპოვონ:

  • შრომითი საქმიანობის უფლება;

  • შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

მოთხოვნა ვრცელდება იმ უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან და კანონით განსაზღვრული გამონაკლისების კატეგორიაში არ შედიან.

მნიშვნელოვანია, რომ 2027 წლის 1 იანვრის გარდამავალი ვადა არ წარმოადგენს ყველა უცხოელისთვის მოქმედ საერთო ვადას. ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოში უკვე მოქმედი თვითდასაქმებული უცხოელების მიმართ აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.

ვის სჭირდება შრომითი საქმიანობის უფლება?

რეგულაცია მოიცავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს, რომლებიც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებენ შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას.

მათ შორის არიან:

  • ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები;

  • ადგილობრივ დამსაქმებელთან დისტანციურად დასაქმებული უცხოელები, როდესაც საქმიანობა კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისში არ ხვდება;

  • საქართველოში თვითდასაქმებული უცხოელები;

  • უცხოელი დამოუკიდებელი კონტრაქტორები;

  • ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელები;

  • საქართველოში მოქმედი საწარმოების უცხოელი პარტნიორები, თუ მათი საქმიანობა კანონით განსაზღვრულ შრომით ან სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტული შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან და კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე. თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში კი უფლება განსაზღვრულ საქმიანობას ან საქმიანობის სფეროს უკავშირდება.

უფლების სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია. ასევე, სამუშაო პოზიციის ან საქმიანობის სფეროს შეცვლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლების ხელახლა მოპოვებაა საჭირო. ამასთან, თუ დასაქმებულის ხელშეკრულებაში იცვლება მხოლოდ პოზიციის დონე, ანაზღაურება ან სამუშაო განრიგი, ახალი უფლების მოპოვება საჭირო აღარ არის.

ვისზე არ ვრცელდება ახალი მოთხოვნები?

კანონმდებლობა ითვალისწინებს გამონაკლისებს. მათ შორის, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მოთხოვნა არ ვრცელდება:

  • საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე;

  • ლტოლვილებზე და დამატებითი ან დროებითი დაცვის მქონე პირებზე;

  • საქართველოში რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებლებზე;

  • საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე;

  • საერთაშორისო ორგანიზაციების კანონიერ წარმომადგენლობებში დასაქმებულებზე;

  • საქართველოში აკრედიტებულ უცხოური მედიის ჟურნალისტებზე;

  • მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე;

  • კანონითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებლებზე;

  • საჯარო დაწესებულებების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების სასარგებლოდ საქმიანობის განმახორციელებლებზე;

  • იმ უცხოელებზე, რომლებიც ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად მუშაობენ და საქმიანობა მათ საქართველოში შემოსვლას არ საჭიროებს.

გამონაკლისები ასევე მოიცავს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და კანონით განსაზღვრულ სხვა სპეციალურ კატეგორიებს.

როგორ უნდა მოიპოვონ უცხოელებმა შრომითი საქმიანობის უფლება?

შრომითი საქმიანობის უფლებას გასცემს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმების შემთხვევაში პროცედურის დაწყება დამსაქმებლის ვალდებულებაა. ზოგადი წესით, მან უცხოელის დასაქმებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე ვაკანსია უნდა განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (Worknet).

თუ სააგენტო ამ პერიოდში ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი ადგილობრივი კანდიდატის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის შეთავაზებას, დამსაქმებელს შეუძლია უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით მიმართოს სააგენტოს.

თვითდასაქმებული უცხოელი განაცხადს უშუალოდ წარადგენს. პროცედურა ითვალისწინებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენასა და სააგენტოსთან სავალდებულო ვიდეოგასაუბრებას.

განაცხადები და შესაბამისი დოკუმენტები წარდგენილია შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით:

www.labourmigration.moh.gov.ge

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დოკუმენტაციის სრულად მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით განხილვის შემთხვევაში ვადა არაუმეტეს 10 სამუშაო დღეა.

რა ღირს შრომითი საქმიანობის უფლების მიღება?

საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურია:

  • სტანდარტული მომსახურება — 200 ლარი, გადაწყვეტილების მისაღებად არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა;

  • დაჩქარებული მომსახურება — 400 ლარი, გადაწყვეტილების მისაღებად არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;

  • შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება — 200 ლარი.

დასაქმებულ უცხოელზე უფლების გაცემის მომსახურების საფასურს ადგილობრივი დამსაქმებელი იხდის, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში გადასახადს უშუალოდ თავად უცხოელი ფარავს.

შრომითი საქმიანობის უფლება, ბინადრობის ნებართვისგან დამოუკიდებლად, საკმარისი არ არის

ახალი რეგულაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ისიც, რომ შრომითი საქმიანობის უფლების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს საქართველოში ცხოვრების უფლების ავტომატურად მოპოვებას.

თუ უცხოელი ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მან უნდა მიმართოს საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად.

თუ უცხოელი უკვე საქართველოში იმყოფება, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც უკვე აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბინადრობის რომელიმე ნებართვა, ან რომლებიც სრულად დისტანციურად მუშაობენ და საქმიანობისთვის საქართველოში შემოსვლა არ სჭირდებათ.

ჩვეულებრივ შემთხვევაში შრომითი საქმიანობის უფლება თავდაპირველად 6 თვიდან 1 წლამდე ვადით გაიცემა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის კი მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც უფლება შეიძლება მაქსიმუმ 3 წლით გაიცეს.

რა ჯარიმებია გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის?

"შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონი, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე დასაქმებისთვის, ფინანსურ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს როგორც დამსაქმებლისთვის, ისე უცხოელი დასაქმებულისთვის.

შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე უცხოელის დასაქმების შემთხვევაში, ადგილობრივი დამსაქმებელი თითოეულ ასეთ დასაქმებულზე 2 000 ლარით ჯარიმდება. ამავე ოდენობის ჯარიმა ეკისრება თავად უცხოელ შრომით იმიგრანტსაც.

თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შესაბამისი უფლების გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაშიც ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს.

სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება, ხოლო კანონით განსაზღვრული შემდგომი განმეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მკაცრდება.

საინვესტიციო და ბიზნესგარემოსთვის ახალი მოთხოვნების მნიშვნელობა

შრომითი მიგრაციის რეგულაციების გამკაცრება საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის უცხოელი თანამშრომლების დასაქმების პროცესს დამატებით ადმინისტრაციულ მოთხოვნებს უყენებს.

ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც უცხოელ სპეციალისტებს, მენეჯერებსა და დამოუკიდებელ კონტრაქტორებს ქირაობენ. აგრეთვე, იმ საწარმოებისთვის, რომელთა საქმიანობაშიც უცხოელი პარტნიორები მონაწილეობენ.

ახალი წესების პირობებში დამსაქმებლებს უწევთ უცხოელი თანამშრომლების სამართლებრივი სტატუსის, დასაქმების საფუძვლებისა და შრომითი საქმიანობის უფლების შესაბამისობის შემოწმება. ამასთან, იზრდება ადმინისტრაციული პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად მომზადების მნიშვნელობა.

2027 წლის 1 იანვრამდე დარჩენილი გარდამავალი პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებშიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე დასაქმებული იყვნენ შრომითი მიგრაციის ერთიან ბაზაში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შესაბამისად, გარდამავალი ვადის ამოწურვამდე შესაბამისი ნებართვებისა და ბინადრობის დოკუმენტაციის მოწესრიგება ბიზნესისთვის არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება, არამედ ფინანსური და საოპერაციო რისკების შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.


უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გადაამოწმეთ ოფიციალური წყაროები: საქართველოს კანონი "შრომითი მიგრაციის შესახებ" — საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება — შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 ივლისის №321 დადგენილება — №70 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ; შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემა — labourmigration.moh.gov.ge