English  עברית  ქართული  Русский  

თბილისის მიწისზედა საქალაქო მატარებლის პროექტის კვლევაზე 6 საერთაშორისო კონსორციუმი იბრძოლებს - ცნობილია ADB-ის მოკლე სია

თბილისის მიწისზედა საქალაქო მატარებლის პროექტის კვლევაზე 6 საერთაშორისო კონსორციუმი იბრძოლებს - ცნობილია ADB-ის მოკლე სია

თბილისისა და მისი შემოგარენის სარკინიგზო ქსელის განვითარების პროექტი სატენდერო პროცესის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) იმ ექვსი საერთაშორისო კომპანიის და კონსორციუმის სია გამოაქვეყნა, რომლებიც დედაქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიების დამაკავშირებელი მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისთვის იბრძოლებენ.

თბილისსა და მის შემოგარენში მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) განვითარების პროექტი მომდევნო ეტაპზე გადავიდა

თბილისის მცხეთასთან, ლილოსთან და რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერში გამარჯვებისთვის 6 კომპანია იბრძოლებს - ცნობილია რომელი კომპანიები მოხვდნენ ADB-ის "მოკლე სიაში".

ინტერესის გამოხატვის (EOI) ეტაპის დასრულებისა და წარმოდგენილი განაცხადების შეფასების შემდეგ, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში პრეტენდენტთა ეგრეთ წოდებული "შორთ ლისტი" (მოკლე სია) ოფიციალურად გამოქვეყნდა.

როგორც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული, საკონსულტაციო მომსახურებაზე მოწვევის წინადადებები 27 ოქტომბერს გაიცა, ხოლო "შორთ ლისტში" გადასულმა კომპანიებმა საბოლოო სატენდერო წინადადებები 2026 წლის 1 დეკემბრამდე (ფილიპინების დედაქალაქ მანილას დროით 16:00 საათი) უნდა წარადგინონ.

ვინ იბრძვის კვლევის მომზადებისთვის?

ADB-ის მიერ გამოქვეყნებული ფინალური სიის მიხედვით, შერჩევის ეტაპი ექვსმა საერთაშორისო ჯგუფმა და კონსორციუმმა გადალახა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის რამდენიმე გაერთიანებაში ქართული კომპანიებიც ფიგურირებენ.

უფრო კონკრეტულად კი, "მოკლე სიაში" მოხვდნენ:

1. Rina Consulting S.P.A. (იტალია) - ქართველი პარტნიორი: შპს „გერგილი“.
2. RITES Ltd. და ARG Project LLC (ინდოეთი) - ერთობლივი საწარმო (JV);
3. Aarvee Engineering Consultants Limited და CMC (ინდოეთი) - ერთობლივი საწარმო (JV);
4. BOTEK Bosphorus Technical Consulting Corp. (თურქეთი) და Balaji Railroad Systems (ინდოეთი) - ერთობლივი საწარმო (JV). ქართველი პარტნიორი: Georgian Engineering Business Groups;
5. MC Mobility Consultants და BERNARD Gruppe ZT GmbH (ავსტრია) - ერთობლივი საწარმო (JV);
6. YUKSEL PROJE A.S. (თურქეთი);

ტენდერის ვადები და პროექტის დეტალები

ADB-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება და სამუშაოების დაწყება 2026 წლის 30 დეკემბრიდან იგეგმება. მომსახურების ვადად 8 თვეა განსაზღვრული.

ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტის ძირითადი მიზნებია:

ეროვნულ სარკინიგზო ქსელსა და ურბანულ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემებს შორის მულტიმოდალური კავშირის გაუმჯობესება;

მგზავრთა მობილობის გაზრდა და რეგიონული ხელმისაწვდომობის გაძლიერება თბილისის შემოგარენში;

მდგრადი ურბანული და სატრანსპორტო განვითარების მხარდაჭერა, ეროვნული და მუნიციპალური პოლიტიკის ჩარჩოების შესაბამისად;

საერთაშორისო -საფინანსო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის შესაფერისი საბანკო მიზანშეწონილობის კვლევის უზრუნველყოფა.

პროექტი დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას ითვალისწინებს, რომელიც განსაზღვრავს რკინიგზის დერეფნების განვითარების საუკეთესო ალტერნატივებს თბილისის აგლომერაციაში (რუსთავი, მცხეთა, ლილოს აღმოსავლეთით, მარნეული, ფონიჭალა).

"ეს, ძირითადად, გულისხმობს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს ახალი რკინიგზის მონაკვეთების და/ან შემოვლითი გზების მშენებლობა, მაგალითად, აეროპორტიდან რუსთავის მონაკვეთზე" - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

ცნობისთვის, საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა. პროექტი ორგანიზაციის კრედიტით ხორციელდება და შესყიდვის ბიუჯეტი 393 ათასი აშშ დოლარია.

შეხსენებისთვის, ADB-ის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადების მიღების საბოლოო ვადა 2026 წლის 5 აგვისტოს ამოიწურა.

აღსანიშნავია, რომ შესყიდვის პროცესი რამდენჯერმე გადავადდა. თავდაპირველად განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2026 წლის 11 ივნისი (30 დღე) იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ კი ვადამ ჯერ 13 ივლისამდე, შემდეგ 20 ივლისამდე, მოგვიანებით 27 ივლისამდე და ბოლოს 3 აგვისტომდე გადაიწია.