English  עברית  ქართული  Русский  

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება წლიურად 5.9%-ით გაძვირდა

2026 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით ზრდამ 1.5% შეადგინა.

საქსტატის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) უახლესი მონაცემებით, 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით კი, დედაქალაქში უძრავი ქონება 66.2%-ით არის გაძვირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მაჩვენებელს (+39.6%).

კერძო სახლები ბინებთან შედარებით სწრაფად ძვირდება - ანგარიშის მიხედვით, ფასების მატების ტემპი უფრო მაღალია კერძო სახლების სეგმენტში. კერძოდ, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, კერძო სახლები 2.7%-ით გაძვირდა, წლიურად კი - 7%-ით. 2020 წლის საშუალო დონესთან შედარებით ზრდამ კი, 72%-ს გადააჭარბა.

ბინების შემთხვევაში კვარტალურმა ზრდამ 1.2% შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი გაძვირება 5.6%-ია. რაც შეეხება 2020 წლის საშუალოსთან შედარებას, თბილისში ბინები 6 წელიწადში 63.1%-ით გაძვირდა.

2026 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში მედიანური ფასით მთაწმინდის რაიონი ლიდერობს, სადაც 1 კვ.მ-ის ღირებულებამ 7 000 ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს ვაკე და კრწანისი.