English  עברית  ქართული  Русский  

"მაგნოლია 2026"-სთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა

"მაგნოლია 2026"-სთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა

აჭარაში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოსავლენად კვლევები მიმდინარეობს.
გამარჯვებულები 10 ნომინაციაში გამოვლინდებიან:

* საუკეთესო ბრენდული სასტუმრო აჭარაში
* საუკეთესო სასტუმრო აჭარაში
* საუკეთესო ჰოსტელი აჭარაში
* საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად აჭარაში
* ყველაზე პოპულარული რესტორანი აჭარაში
* საუკეთესო ტურისტული სააგენტო აჭარაში
* წლის საუკეთესო გიდი აჭარაში
* ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი აჭარაში
* წლის საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში
* წლის პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში

"მაგნოლია 2026"-ის გამარჯვებულების გამოსავლენად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოკითხვას ოთხი მიმართულებით ატარებს: უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევა, ონლაინ გამოკითხვა, ტურისტული სექტორის გამოკითხვა და ობიექტების რეიტინგული ქულები ონლაინ პლატფორმებზე.

უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევისას, აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები მათთვის საუკეთესო ტურისტულ ობიექტს, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით დაასახელებენ. ონლაინ გამოკითხვის შემთხვევაში კი, ვიზიტორებს ობიექტების შეფასება ტურისტულ ობიექტებზე არსებული სპეციალური QR კოდის საშუალებით ელექტრონულად შეუძლიათ.

ობიექტების შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ტურისტული სექტორის კვლევა. გიდების, ტურისტული სააგენტოების, კვებისა და განთავსების ობიექტების გამოკითხვა სპეციალურად შედგენილი კითხვარით მიმდინარეობს.
საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოვლენისას ასევე გათვალისწინებულია მათი რეიტინგული ქულები Facebook-ზე, Booking.com-ზე, Tripedvisor-სა და Google-ში.

"მაგნოლია 2026"-ის დაჯილდოების ღონისძიება დეკემბრის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.