თბილისი Google-ის 2026 წლის ყველაზე ტრენდულ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა
Google-ის საძიებო სისტემაში, ტერმინით - "2026 წლის ყველაზე ტრენდული მიმართულება" - ძიებისას, თბილისი მსოფლიოს წამყვან პოპულარულ ქალაქებს შორის (ჩიკაგოსთან და მადეირასთან ერთად) მოხვდა, რაც ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასებით, მის კულტურულ და გასტრონომიულ მიმზიდველობას უსვამს ხაზს.
"ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება გამოფენები ევროპის და აზიის ქვეყნებში. სწორედ ქართული ტურიზმის პოპულარიზაციამ იქონია დიდი გავლენა ამ შედეგზე, რომ დღეს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია მსოფლიოში საპატიო ადგილს იკავებს. საქართველოს ცნობადობა გაზრდილია და ქვეყანას სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ეს სასიკეთო გავლენას ახდენს, როგორც საქართველოს ეკონომიკაზე, ზოგადად, ასევე, კერძო სექტორზე. ტურისტულ კომპანიებს გაზრდილი შესაძლებლობა გვაქვს, ჩამოსულ სტუმრებს მეტი, საინტერესო ტურისტული მიმართულება შევთავაზოთ და დედაქალაქთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიც გავაცნოთ. ეს კი, მცირე ბიზნესს მეტ სტიმულს აძლევს, სხვადასხვა ტურისტული აქტივობა შექმნას და შემოსავალიც გაზარდოს. ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ინარჩუნებს უსაფრთხო რეგიონის სტატუსს, რაც აქ სტუმრობას და დასვენებას უფრო მიმზიდველს ხდის". - განაცხადა სიახლის კომენტირებისას ტურისტული კომპანია "დინა თრეველი"-ს დამფუძნებელმა, ნატო ქართველიშვილიშვილმა.
დედაქალაქში ტურიზმის ინდუსტრია ამ აღიარებას მიმდინარე წელს რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებით შეხვდა. კერძოდ, 23-25 ოქტომბერს დედაქალაქმა მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს - "Welcome Tbilisi - 2026"-ს უმასპინძლა. ღონისძიებამ სლოგანით, - "უძველესი ქალაქი, თანამედროვე ხედვა", ტურიზმის, ინვესტიციების, გასტრონომიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები გააერთიანა. 24-25 ნოემბერს კი,"ექსპო ჯორჯიაში", ქვეყნის მთავარი ტურისტული სამიტი - "ტურისტერი 2026" გაიმართება. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემები ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია და სტუმარ-მასპინძლობის ტექნოლოგიები იქნება.
და მაინც, ყველაზე პოპულარულია ტრადიციული დღესასწაულები, განსაკუთრებით კი, "თბილისობა". ასე იყო წელსაც, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში დედაქალაქმა "თბილისობა 2026“-ის სახალხო დღესასწაულს უმასპინძლა. ღონისძიებას ათასობით ადგილობრივი და უცხოელი სტუმარი ესწრებოდა.
ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი კვლავ რჩება ქვეყანაში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ყველაზე პოპულარულ ლოკაციად, სადაც ტურების წილი, შიდა ბაზარზეც, სტაბილურად მაღალია.
