English  עברית  ქართული  Русский  

კახეთში ტურისტული ვიზიტები 21.7%-ით გაიზარდა - როგორ იცვლება საქართველოს რეგიონული ტურისტული რუკა?

კახეთში ტურისტული ვიზიტები 21.7%-ით გაიზარდა - როგორ იცვლება საქართველოს რეგიონული ტურისტული რუკა?

თბილისი და აჭარა კვლავ უცხოელი ვიზიტორების მთავარ მიმართულებებად რჩება, თუმცა, 2026 წლის მონაცემები კახეთისა და სხვა რეგიონების მიმართ ინტერესის ზრდასაც აჩვენებს. ამასთან, მესამე კვარტლის რეკორდული შედეგის მიუხედავად, წლის პირველი ცხრა თვის საერთო მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ტურისტული ნაკადების საერთო დინამიკა საქართველოს რეგიონებში

საქართველოს რეგიონული ტურისტული ბაზარი, 2026 წელს, არაერთგვაროვანი დინამიკით ვითარდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ–სექტემბერში 15 წლისა და უფროსი ასაკის არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 916.6 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.1%-ით ნაკლებია.

ამასთან, მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა მესამე კვარტალში. ივლის–სექტემბერში, რეგიონების მიხედვით აღრიცხული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1.407 მილიონს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-იანი ზრდაა და საქსტატის ხელმისაწვდომი კვარტალური მონაცემების მთელ დროით მწკრივში მაქსიმალურია.

თუმცა, კვარტალური დინამიკა აჩვენებს, რომ ზრდა წლის განმავლობაში თანაბრად არ განაწილებულა. პირველ კვარტალში ვიზიტების რაოდენობა წლიურად 1.3%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი 8.7%-იანი შემცირება დაფიქსირდა. რაც შეეხება მესამე კვარტალს, ივლის-სექტემბრის დაფიქსირებულმა დადებითმა ტენდენციამ პირველი ნახევრის უარყოფითი დინამიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დააბალანსა.

შესაბამისად, 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები, ტურისტული მოთხოვნის საერთო გაფართოებაზე მეტად, სეზონური აქტივობის გაძლიერებასა და რეგიონებს შორის განსხვავებულ დინამიკაზე მიუთითებს.

თბილისი და აჭარა ტურისტული ბაზრის ძირითად ცენტრებს ინარჩუნებენ

რეგიონული განაწილების მიხედვით, თბილისი და აჭარა კვლავ უცხოელი ვიზიტორების ძირითადი მიმართულებებია.

2026 წლის პირველ ცხრა თვეში თბილისში ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 324.8 ათასი შეადგინა, აჭარაში კი - 246.5 ათასი. წლიურად ორივე რეგიონში ზრდა ზომიერი იყო: თბილისში 0.8%, აჭარაში - 0.6%. ორივე მიმართულების ერთობლივი წილი კი, რეგიონების მიხედვით აღრიცხული ვიზიტების, დაახლოებით 62.3%-ს შეადგენს.


ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის, როგორც ქვეყნის მთავარი ურბანული და საქმიანი ტურისტული ცენტრის, და აჭარის, როგორც შავი ზღვის სანაპირო ტურიზმის წამყვანი მიმართულების, მნიშვნელობას.

ამასთან, მესამე კვარტლის ტენენციები აჩვენებს, რომ აჭარა კვლავ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზაფხულის სეზონზე. ივლის–სექტემბერში რეგიონში ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 430.3 ათასი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.3%-ით მეტია. თბილისში კი, იმავე პერიოდში, საშუალო თვიური მაჩვენებელი 449.8 ათასს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 3.3%-იანი ზრდაა.

ამრიგად, ორივე რეგიონი, საქართველოს რეგიონულ ტურიზმში, კვლავ ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს. თუმცა, მათი განვითარების შემდგომი შესაძლებლობები განსხვავებულ ტურისტულ პროდუქტებს უკავშირდება: თბილისისთვის მნიშვნელოვანია ურბანული, კულტურული და საქმიანი ტურიზმი, აჭარისთვის კი - ზღვისპირა დასვენების შეთავაზების გაფართოება და სეზონურობის შემცირება.

კახეთი და სხვა რეგიონები ზრდის მიმართულებით გამოირჩევა

2026 წლის რეგიონულ სტატისტიკაში განსაკუთრებით საყურადღებოა კახეთის მაჩვენებელი. პირველ ცხრა თვეში რეგიონში ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 43.1 ათასს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.7%-ით მეტია.

კიდევ უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდა კატეგორიაში „სხვა რეგიონები“ - 23.2%. ამ მიმართულებით საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 54.6 ათასი შეადგინა. საერთო ჯამში კი ეს დინამიკა რეგიონული ტურისტული ინტერესის გაფართოების შესაძლო ნიშნად შეიძლება შეფასდეს.

რაც შეეხება კახეთს, ამ შემთხვევაში ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის, გასტრონომიული, კულტურული და სოფლის ტურიზმის განვითარების კონტექსტში. რეგიონს აქვს შესაძლებლობა, ტურისტული შეთავაზება მხოლოდ ცალკეულ სეზონურ პროდუქტებს არ დაუკავშიროს და უფრო მრავალფეროვანი მომსახურება განავითაროს.

სხვა რეგიონების ერთობლივი მაჩვენებლის ზრდაზე კი შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი თბილისისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებს სცდება.

რეგიონული დინამიკა ერთგვაროვანი არ არის

აღსანიშნავია, რომ ზრდის პარალელურად, რამდენიმე რეგიონში ვიზიტების რაოდენობის შემცირებაც დაფიქსირდა. კერძოდ, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, იმერეთში, მაჩვენებელი 7.4%-ით შემცირდა, მცხეთა-მთიანეთში - 8.5%-ით, ქვემო ქართლში 19%-ით, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ვიზიტების რაოდენობა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და მხოლოდ 0.7%-ით გაიზარდა.


რეგიონებს შორის განსხვავებული დინამიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის ტურისტული ბაზრის განვითარება მხოლოდ ეროვნული მაჩვენებლით სრულად ვერ შეფასდება. საჭიროა თითოეული მიმართულების ტურისტული პროდუქტების, სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის, განთავსების ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის ცალკეული ანალიზი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რეგიონული ტურიზმის განვითარება მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობის ზრდას არ დაეყრდნოს. ეკონომიკური შედეგების შესაფასებლად აუცილებელია შემოსავლების, ვიზიტების ხანგრძლივობისა და ტურისტული ობიექტების დატვირთულობის გათვალისწინებაც.

პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარება

გრძელვადიანი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს რეგიონული ტურისტული ბაზარი პანდემიის შემდგომ აღდგენას განაგრძობს.

2019 წელს უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 902.3 ათასი იყო. 2022 წელს მაჩვენებელი 604.5 ათასამდე შემცირდა, რის შემდეგაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. შესაბამისად, 2023 წელს საშუალო თვიურმა რაოდენობამ 752.1 ათასი შეადგინა, 2024 წელს - 793.8 ათასი, ხოლო 2025 წელს - 866.5 ათასი.


აქვე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა, თუმცა, 2019 წლის დონეს ჯერ კიდევ 4%-ით ჩამორჩებოდა.

რაც შეეხება 2026 წელს, მესამე კვარტალში საშუალო თვიურმა მაჩვენებელმა 1.407 მილიონს მიაღწია და 2019 წლის იგივე კვარტლის მონაცემს დაახლოებით 0.6%-ით გადააჭარბა. ეს კი ნიშნავს, რომ სეზონური ტურისტული აქტივობა, უკვე აღემატება პანდემიამდელ დონეს.

რა მნიშვნელობა აქვს რეგიონულ ტენდენციებს საინვესტიციო ბაზრისთვის?

2026 წლის მონაცემები საქართველოს ტურისტული ბაზრისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას გამოკვეთს.

პირველი - ტურისტული მოთხოვნის გეოგრაფიული კონცენტრაცია - თბილისსა და აჭარაზე ვიზიტების დიდი წილი მიუთითებს, რომ განთავსების, კვების, ტრანსპორტისა და სხვა ტურისტული მომსახურების ბაზრები კვლავ მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ამ ორ მიმართულებაზე.

მეორე - რეგიონული დივერსიფიკაციის შესაძლებლობა - კახეთისა და სხვა რეგიონების ზრდა, ქმნის საფუძველს, მეტი ყურადღება დაეთმოს ალტერნატიული ტურისტული პროდუქტების განვითარებას, მათ შორის ღვინის, გასტრონომიული, კულტურული, ეკოტურიზმისა და მთის ტურიზმის მიმართულებებით.

მესამე - სეზონურობა - მესამე კვარტალში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ზაფხულის სეზონი კვლავ წამყვანია. აჭარისა და სხვა სეზონურად დატვირთული მიმართულებებისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნის ფორმირება ოთხივე სეზონზე, რაც განთავსების ობიექტებისა და ტურისტული მომსახურების უფრო თანაბარ დატვირთვას შეუწყობს ხელს.

რეგიონული ტურიზმის განვითარების შემდეგი ეტაპი

2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი რაოდენობრივი ზრდის თვალსაზრისით არაერთგვაროვან ეტაპზეა. მესამე კვარტლის რეკორდული შედეგი დადებითი სიგნალია, თუმცა, საერთო ცხრა თვის მაჩვენებლის სტაბილურობა მიუთითებს, რომ სეზონური ზრდა ჯერ კიდევ ვერ გარდაიქმნა მთელი წლის განმავლობაში თანაბარ გაფართოებად.

თბილისი და აჭარა კვლავ ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს, ხოლო კახეთისა და სხვა რეგიონების ზრდა ტურისტული ბაზრის გეოგრაფიული გაფართოების შესაძლებლობებზე მიანიშნებს.

საქართველოს რეგიონული ტურიზმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვა, არამედ მათი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებაზე გადანაწილება, ვიზიტების ხანგრძლივობის გაზრდა და ტურისტული მომსახურების ეკონომიკური ეფექტიანობის გაუმჯობესება.

სწორედ ამ ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს რეგიონული ტურიზმი ვიზიტების ზრდის უფრო მდგრად ეკონომიკურ და საინვესტიციო შედეგებად გარდაქმნას.