აღმოაჩინე აჭარა-ფესტივალები, ემოციები და ოთხივე სეზონის სტიმულირების ერთიანი სტრატეგია
აჭარა აღარ ასოცირდება მხოლოდ ზაფხულსა და ზღვაზე დასვენების შესაძლებლობად. ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული არაერთი მარკეტინგული კამპანია, თემატური ფესტივალები და სერვისის ხარისხის განვითარება რეგიონს ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად აქცევს. ის, რაც წლების წინ ტურიზმის სექტორის მთავარ გამოწვევად ითვლებოდა, დღეს კონკრეტული სტრატეგიითა და ციფრული ინსტრუმენტებით სისტემურად იცვლება.
შიდა ტურიზმის სტიმულირების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ბოლოს კამპანია „გამომყევი აჭარაში“ იყო, რომელთა წვდომის რაოდენობამაც სოციალურ ქსელებში 1 მილიარდს გადააჭარბა. სამი თვის განმავლობაში კონტენტ-კრეატორებმა 12 000-ზე მეტი პოსტი შექმნეს და აჭარის 200-მდე ლოკაცია თუ ტურისტული სერვისი გააცნეს აუდიტორიას.
ამ კამპანიის მთავარი ღირებულება კი ის იყო, რომ მან ვიზიტორების ყურადღება სანაპირო ზოლიდან მთიანი აჭარისკენ მიმართა.
„მნიშვნელოვანია, რომ ესაა იმ კონტენტ-კრეატორების სამთვიანი შრომის შედეგი, რომლებმაც თავიანთი აქტიურობით ყველა სოციალურ პლატფორმაზე, ყოველგვარი რეკლამის გარეშე მიაღწიეს ამ მასშტაბის ორგანულ წვდომებს. წელს, კამპანიაში 120-ზე მეტი კონტენტ კრეატორი დარეგისტრირდა, თუმცა აქტიურად 60-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო პროექტში. საბოლოოდ, ყველაზე კარგი შედეგები იმ კონტენტ-კრეატორებმა აჩვენეს, რომლებიც აქტიურად მოგზაურობდნენ აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. შედეგად, მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12, 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს, მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიარდით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს, ადგილსა და პროდუქტს გაუწიეს პოპულარიზაცია. მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო რეგიონის მრავალფეროვანი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. კამპანიამ მოიცვა ყველა სოციალური ქსელი, ყველაზე მეტი პოსტი კი ტიკ-ტოკზე გამოქვეყნდა“. -აცხადებს, თინათინ ზოიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
დღეს აჭარის ტურისტული კალენდარი მთელ წელზეა გადანაწილებული. გაზაფხულს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი და ეკომარშრუტები ხსნის, ზაფხულს საზღვაო კურორტები და მუსიკალური ივენთები, შემოდგომას „ნარინჯისფერი რთველი“ და „განდაგანა“, ხოლო ზამთარს კი სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“, ამ უკანასკნელისთვის მზადება კი უკვე დაწყებულია.
„კურორტი წელსაც ბევრი სიახლით შეხვდება ვიზიტორს. კურორტს მუდმივად ემატება სერვისები და ინფრასტრუქტურა. თითქმის დასრულდა კურორტამდე მისასვლელი გზის ინფრასტრუქტურული სამუშოები, დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის კურორტს ტურისტებისთვის. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ გამორჩეულია თოვლის ხარისხით, სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით. ის განსაკუთრებით მიმზიდველია პროფესიონალი და გაუკვალავში თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის. ამ ეტაპზე კურორტზე 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასებს ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო ემსახურება. კურორტზე განთავსებულია რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები, თხილამურების, ბურანების გასაქირავებელი ობიექტები და პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტი, მოწყობილია მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისთვის. აქტიურად ვემზადებით ზამთრის სეზონის გახსნის ღონისიებისთვის გოდერძიზე. დაგეგმილია ძალიან ლამაზი, მასშტაბური ზამთრის ფესტივალი“-თინათინ ზოიძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
სტუმრების მოზიდვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი ხარისხიანი დახვედრა და სერვისის სტანდარტების მუდმივი კონტროლი. მომსახურების ხარისხის უწყვეტი მონიტორინგისა და კერძო სექტორის მოტივირების პრაქტიკული მექანიზმია რეგიონული ტურისტული დაჯილდოება „მაგნოლია“, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, ბიზნესისთვის ერთგვარ ხარისხის ნიშნად და მთავარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა. საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, გიდებისა თუ საოჯახო მარნების გამოვლენა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე კვლევებსა და თავად ვიზიტორთა შეფასებებს ეყრდნობა.
„ღონისძიება რეგიონში 2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად ახდენს ტურისტულ სექტორში საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების წახალისებას, განავითარონ ბიზნესი და გააუმჯობესონ სერვისი რეგიონში. გასული წლის მსგავსად, ღონისძიების გამარჯვებულების გამოსავლენად მიმდინარეობს კვლევები რამდენიმე მიმართულებით. ესენია უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევა, ონლაინ გამოკითხვა, ტურისტული სექტორის გამოკითხვა და ობიექტების რეიტინგული ქულები ონლაინ პლატფორმებზე. უცხოელი და შიდა ტურისტების კმაყოფილების კვლევისას, აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები პირისპირ გამოკითხვის მეთოდით კვლევისას, მათთვის საუკეთესო ტურისტულ ობიექტს ასახელებენ. ონლაინ გამოკითხვის შემთხვევაში კი, ვიზიტორებს ობიექტების შეფასება ტურისტულ ობიექტებზე არსებული სპეციალური QR კოდის საშუალებით ელექტრონულად შეუძლიათ. ობიექტების შეფასების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ტურისტული სექტორის გამოკითხვაა, რომლის დროსაც სპეციალური კითხვარებით გიდების, ტურისტული სააგენტოების, კვების და განთავსების ობიექტების გამოკითხვა მიმდინარეობს. საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების გამოვლენისას ასევე გათვალისწინებულია მათი რეიტინგული ქულები Facebook-ზე, Booking.com-ზე, Tripedvisor-სა და Google-ში. როგორც იცით, გამარჯვებულები კვლევის შედეგების გათვალისწინებით 10 ნომინაციაში დასახელდებიან. ეს აღიარება არის სტიმული გამარჯვებულებისთვის და იმათთვისაც, ვისაც ასევე სურს გამარჯვება, ყოვეწლიურად იზრუნონ თავიანთი ტურისტულის სერვისებისა და პროდუქტების გაუმჯობესებაზე“-ამბობს თინათინ ზოიძე.
სერვისის მაღალი სტანდარტი კვალიფიციური კადრების გარეშე ვერ იარსებებს, ამიტომ აჭარაში პარალელურად მოქმედებს ტრენინგებისა და გადამზადების პროგრამა, რომელიც კერძო სექტორს მომსახურების სფეროში თანამედროვე ტრენინგებითა და პრაქტიკული უნარებით ამარაგებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რეგიონი პასუხობდეს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ამიტომაც სხვადასხვა უწყებასთან ერთად იგეგმება და ხორციელდება პრაქტიკული სატრენინგო ღონისძიებები და მასტერკლასები ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის. ჯამში წლის განმავლობაში ხდება 1000-ზე მეტი პირის გადამზადება (დამლაგებლები, სასტუმროს ადმინისტრაცია, მზარეულები, გიდები, ბარმენები და სხვა). ხორციელდება ისეთი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს სექტორის კიდევ უფრო მოტივირებას და წახალისებას. მაგალითად როგორიცაა პროექტი „კარგი მასპინძელი“, ობიექტების განიშნულიანება, მარშრუტების მარკირება, გაცნობითი ტურები გიდებისა და სააგენტოებისთვის და ბევრი სხვა“-აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე-თინათინ ზოიძე.
