ბათუმის საინვესტიციო პოტენციალი-ქალაქის განვითარების პერსპექტივები და ოთხივე სეზონის ტურიზმის რეალური კონცეფცია
ზღვისპირა ქალაქი უკვე წლებია განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს გადის. ბოლო წლებში ბათუმში განხორციელებულმა და დაანონსებულმა მსხვილმა საინვესტიციო, ურბანულმა და ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების პერსპექტივები. ბრენდული სასტუმროები, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და რეკრეაციული ზონები, იახტკლუბები, ხელოვნური კუნძულის კონცეფცია და MICE ტურიზმის განვითარება ქალაქს ახალ შესაძლებლობებს უქმნის.
რამდენად შეძლებს ბათუმი ტრადიციული სეზონურობის დაძლევას და რამდენად რეალურია მისი ოთხივე სეზონზე აქტიურ ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება?
ტურიზმის ექსპერტი თემურ დიასამიძე მიიჩნევს, რომ ქალაქს სჭირდება დიდი, მულტიფუნქციური საგამოფენო ცენტრი, თანამედროვე საკონვენციო სივრცეები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას შექმნის. მისივე განმარტებით, ბათუმის საერთაშორისო MICE ცენტრად ჩამოყალიბებისთვის ასევე აუცილებელია მეტი პირდაპირი ავიარეისები და საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის მიზანმიმართული პოლიტიკა და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიები.
თემურ დიასამიძე განმარტავს, რომ ქალაქში ჯერ კიდევ ბევრი ინფრასტრუქტურული თუ მომსახურების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევა რჩება დასაძლევი, რომ სეზონურობის საკითხი მოგვარდეს. მათ შორის გასართობი ცენტრების, კლუბებისა და პრემიუმ კლასის ტურისტული პაკეტების განვითარებაა.
მაღალბიუჯეტიანი საერთაშორისო ტურისტების მოსაზიდად და მათი მოლოდინების გასამართლებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხი და სტუმარმასპინძლობის სექტორში გამართული სერვისები.
ტურიზმის ექსპერტის შეფასებით, კერძო სექტორს ამ მიმართულებით საჭირო გამოცდილებისა და ადაპტაციის რესურსი აქვს, შესაბამისად, ახალ მოთხოვნებთან გამკლავება მათთვის, მნიშვნელოვან სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.
„საერთაშორისო ბრენდების უმრავლესობა სასტუმროს გახსნამდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული სტანდარტების დანერგვასა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
რა თქმა უნდა, თბილისის ფარგლებს გარეთ, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს. თუმცა ვფიქრობ, ეს გამოწვევები მართვადია და სათანადო დაგეგმვის, ინვესტიციებისა და პროფესიული განვითარების შემთხვევაში მათი ეტაპობრივად დაძლევა შესაძლებელია“.
ბათუმის ირგვლივ სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება ახალი ტენდენცია — ტურისტებისა და ინვესტორების ინტერესი ხმაურიანი და გადატვირთული ცენტრალური უბნებიდან უფრო მშვიდ, ეკოლოგიურად მიმზიდველ და რეკრეაციულ ზონებზე გადადის. თემურ დიასამიძე მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია ქალაქის ტურისტული და საინვესტიციო გეოგრაფიის ცვლილებაზე მიუთითებს და განვითარების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
„ეს ძალიან კარგი ტენდენციაა და, ჩემი აზრით, რეალურად დიდი მომავლის მქონე მიმართულებაა. ბათუმისა და მთლიანად აჭარის ტურისტული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ისეთი საკურორტო ზონების განვითარება უნდა იყოს, რომლებიც სტუმრებს არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ მთელი წლის განმავლობაში მოიზიდავს“.
ტურიზმის ექსპერტი ბათუმის გარდა მაღალმთიანი აჭარის როლზეც ამახვილებს ყურადღებას და კურორტ გოდერძის პოტენციალს უსვამს ხაზს. მისივე შეფასებით, გოდერძი მხოლოდ ზამთრის ტურიზმით არ შემოიფარგლება. თვლის, რომ სათანადო ინფრასტრუქტურა და ტურისტული პროდუქტები კურორტს მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველ ლოკაციად აქცევს.
„აჭარის მთიანეთში უკვე განხორციელდა არაერთი საინტერესო და წარმატებული მცირე პროექტი, თუმცა ამ მიმართულებას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს“.
ტურიზმის ექსპერტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხარისხის პროექტები არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის მიმდებარე ტერიტორიების ცნობადობას და ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის დატვირთვასა და განვითარებასაც.
აპირებთ უძრავი ქონების შეძენას საზღვარგარეთ?
განიხილეთ ქვეყანა, ბიუჯეტი და ამოცანები კონსულტანტთან.