ტრანზაქციები შემცირდა, ბაზრის ზომა გაიზარდა - როგორია უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები სექტემბერში, ბათუმსა და თბილისში
ტრანზაქციების განაწილება და ბაზრის ზომა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე
Colliers-ის უახლესი მონაცემებით ბათუმში უძრავი ქონების ბაზრის ტრანზაქციები კვლავ კლებით, ხოლო ბაზრის ზომა კვლავ მატებით ხასიათდება. კერძოდ, 2026 წლის სექტემბერში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 10.4%-ით იკლო და 1,614 ერთული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 0.9%-ით - 107 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ტრანზაქციების განაწილებას მოქალაქეობის მიხედვით, უცხოელი მყიდველების წილმა, ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში, ჯამურად, 48% შეადგინა.
დიაგრამა 1. ტრანზაქციების რაოდენობა ბათუმში
წყარო: https://recov.colliers.ge/
Colliers-ის უახლესი მონაცემებითვე, განსხვავებული ტენდენციები დაფიქსირდა ძველ და ახალ პროექტებში განხორციელებულ ტრანზაქციებში. კერძოდ, ბათუმში, 2026 წლის სექტემბერში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, 11.6%-ით შემცირდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 8.8%-ით მოიმატა. ამასთან, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის კლება მხოლოდ პირველად ბაზარზე დაფიქსირდა (-38%), რაც გასულ წელს რამდენიმე პროექტში ერთიანად დარეგისტრირებული ტრანზაქციებით აიხსნება. რაც შეეხება მეორეულ ბაზარს, ამ შემთხვევაში მაჩვენებელმა 27.3%-ით მოიმატა.
დიაგრამა 2. ბაზრის ზომა ბათუმში
წყარო: https://recov.colliers.ge/
საშუალო შეწონილი ფასები ბათუმში
Colliers-ის უახლესი მონაცემებით, ბათუმში, 2026 წლის სექტემბერში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1 კვ.მ-ზე 1,408 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 10.7%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 9.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება მიზეზებს, პირველად ბაზარზე ფასის კლება 2025 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით აიხსნება. ამ პროექტის გარეშე კი, პირველად ბაზარზე, საშუალო შეწონილმა ფასმა 4.6%-ით მოიმატა.
დიაგრამა 3. საშუალო შეწონილი ფასები ბათუმში
წყარო: https://recov.colliers.ge/
ტრანზაქციების განაწილება და ბაზრის ზომა თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე
Colliers-ის უახლესი მონაცემების თანახმად, თბილისში გაიზარდა როგორც ტრანზაქციების რაოდენობა, ასევე, ბაზარიც. კერძოდ, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 4,245 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის სექტემბერის მაჩვენებელს 6.4%-ით აღემატება. რაც შეეხება ბაზრის ზომას, იგი 24.1%-ით, 376 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
დიაგრამა 4. ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში
წყარო: https://recov.colliers.ge/
Colliers-ის უახლესი მონაცემებითვე, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 9.8%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების, როგორც პირველად (6.3%), ისე მეორეულ ბაზრებზე (14.6%). რაც შეეხება ძველ პროექტებს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების რაოდენობა 4.7%-ით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში, ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის. რაც შეეხება უცხოეთის მოქალაქეებს, მათი წილი, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, მცირედით გაიზარდა და 12% შეადგინა.
დიაგრამა 5. ბაზრის ზომა თბილისში
წყარო: https://recov.colliers.ge/
საშუალო შეწონილი ფასები თბილისში
Colliers-ის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, 9.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 15%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, 12.3%-ით ქალაქის ცენტრში. აქვე აღსანიშნავია, რომ ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირადღირებული პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ფასების ზრდაში. რაც შეეხება უფრო ზოგად მონაცემებს, ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა, ხოლო მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი, ქალაქის მასშტაბით, 10%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2026 წლის სექტემბერში, თბილისში, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით, ქალაქის ცენტრში 16.8%-ით, ფართო ცენტრში 17.3%-ით, ხოლო გარეუბანში 10.9%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში კი ფასმა 14%-ით მოიმატა.
დიაგრამა 6. საშუალო შეწონილი ფასების თბილისში
წყარო: https://recov.colliers.ge/
