საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ყოფნის ხანგრძლივობა იზრდება - 2026 წლის ტენდენცია
2026 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მიერ ერთი ვიზიტის ფარგლებში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა. თუმცა, ზრდის ტემპი თანდათან შენელდა. მესამე კვარტალში მაჩვენებელმა 6.44 ღამეს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე 2.2%-ით მეტია.
2026 წელი: ვიზიტების ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა, ზრდის ტემპი ნელდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ სამ კვარტალში, უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ერთი ვიზიტის ფარგლებში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა გასული წლის იგივე პერიოდების მაჩვენებლებს აღემატებოდა.
ყველაზე მაღალი წლიური ზრდა პირველ კვარტალში დაფიქსირდა. იანვარ–მარტში ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობამ 5.87 ღამე შეადგინა, მაშინ, როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.50 ღამე იყო. შესაბამისად, ზრდამ 6.8% შეადგინა.
მეორე კვარტალში საშუალო მაჩვენებელი 5.48 ღამემდე შემცირდა, თუმცა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კვლავ 3.5%-ით მეტი იყო. 2025 წლის აპრილ–ივნისში ერთი ვიზიტის ფარგლებში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 5.30-ს შეადგენდა.
მესამე კვარტალში მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და 6.44 ღამეს მიაღწია. წლიური ზრდა 2.2% იყო - 2025 წლის ივლის–სექტემბერში უცხოელი ვიზიტორები საქართველოში, ერთი ვიზიტის ფარგლებში, საშუალოდ 6.31 ღამეს ატარებდნენ.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წელს ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობა სამივე კვარტალში გაიზარდა, თუმცა, წლიური მატების ტემპი თანმიმდევრულად შენელდა. შესაბამისად, მიმდინარე ტენდენცია ზრდადია, მაგრამ მისი ინტენსივობა, პირველ კვარტალთან შედარებით, ნაკლებია.
ზაფხულის სეზონი კვლავ ყველაზე ხანგრძლივი ვიზიტებით გამოირჩევა
კვარტალური დინამიკა საქართველოში ტურისტული აქტივობის სეზონურ ხასიათსაც აჩვენებს. 2026 წლის მესამე კვარტალში, ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა, მეორე კვარტლის მაჩვენებელს 17.5%-ით აღემატებოდა.
ივლის–სექტემბერში დაფიქსირებული 6.44 ღამე წლის პირველი სამი კვარტლის ყველაზე მაღალი შედეგია და მსგავსი სეზონური სურათი წინა წლებშიც შეინიშნებოდა. კერძოდ, 2024 და 2025 წლებში ყველაზე მაღალი საშუალო ხანგრძლივობა ასევე მესამე კვარტალში დაფიქსირდა.
ამასთან, 2026 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელი ბოლო სამი წლის შესაბამისი პერიოდების შედეგებზე მაღალია. 2024 წლის მესამე კვარტალში ის 6.18 ღამეს, ხოლო 2025 წელს 6.31 ღამეს შეადგენდა. თუმცა, მიუხედავად ზრდისა, ის ჩამორჩება 2022 წლის მესამე კვარტლის 6.76 ღამემდე მაჩვენებელს.
აქვე აღსანიშნავია, რომ სეზონურობის გათვალისწინება მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და განთავსების ობიექტების დაგეგმვისას. საშუალო ყოფნის ხანგრძლივობის ზრდა შეიძლება მოთხოვნის სტრუქტურის ცვლილებაზე მიუთითებდეს, თუმცა, ბიზნესის შედეგების შესაფასებლად, მასთან ერთად, აუცილებელია ვიზიტორთა რაოდენობის, ნომრების დატვირთვისა და ვიზიტზე საშუალო დანახარჯის დინამიკის განხილვაც.
ხანგრძლივი ვიზიტები და შემცირებული დანახარჯები - განსხვავებული ეკონომიკური სურათი
ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს ტურისტული სექტორის შემოსავლების ან ერთ ვიზიტორზე დანახარჯის ზრდას.
ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც 2026 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ დაახლოებით 2.6 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით მეტია. ამავე პერიოდში 4.7%-ით გაიზარდა ტურისტული ტიპის, ღამისთევით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც. თუმცა, მესამე კვარტალში ვიზიტების ფარგლებში გაწეული ჯამური დანახარჯები 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც წლიურად 8.2%-იანი კლებაა. ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯი კი 11.1%-ით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა.
ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასტუმროებისა და ტურისტული უძრავი ქონების ბაზრისთვის. ვიზიტორის მიერ ქვეყანაში მეტი ღამის გატარება ნიშნავს უფრო ხანგრძლივი განთავსების მოთხოვნას, თუმცა, შემოსავლის ზრდას მხოლოდ ვიზიტის ხანგრძლივობა ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანი ფაქტორებია ვიზიტორის დანახარჯების სტრუქტურა, განთავსების ტიპი, ფასები და სეზონური დატვირთვა. შესაბამისად, ტურისტული ბიზნესის საინვესტიციო შეფასებისას ვიზიტების ხანგრძლივობის მაჩვენებელი სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებთან ერთად უნდა განიხილებოდეს.
წლიური ტენდენცია: 2022 წლის პიკის შემდეგ ზომიერი აღდგენა
ტენდენციის უფრო მკაფიო სურათს იძლება წლიური მონაცემები. კერძოდ, 2015–2019 წლებში საქართველოში ერთი ვიზიტის ფარგლებში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა ძირითადად ზრდით ხასიათდებოდა. უფრო კონკრეტულად, 2015 წელს მაჩვენებელი 3.37 ღამეს შეადგენდა, 2016 წელს 3.85-მდე გაიზარდა, 2017 წელს 4.17-ს მიაღწია, ხოლო 2018 წელს 4.19 ღამე დაფიქსირდა. რაც შეეხება 2019 წელს, მცირე კლება აღინიშნა და საშუალო ხანგრძლივობა 4.11 ღამემდე შემცირდა.
პანდემიის შემდგომ პირველ წლებში მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, 2022 წელს ერთი ვიზიტის ფარგლებში გათეული ღამეების საშუალო მაჩვენებელმა 6.25 ღამეს მიაღწია, რაც ხელმისაწვდომ წლიურ მონაცემებში ყველაზე მაღალი შედეგია. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს, 2023 წელს საშუალო ხანგრძლივობა 5.40 ღამემდე შემცირდა, რაც 2022 წელთან შედარებით 13.6%-იანი კლება იყო. მომდევნო ორ წელიწადში კი ზრდა განახლდა: 2024 წელს მაჩვენებელი 5.54 ღამეს, 2025 წელს კი 5.63 ღამეს გაუტოლდა.
როგორც დიაგრამაზე ჩანს, 2025 წლის შედეგი 2019 წლის მაჩვენებელს 36.9%-ით აღემატება. ამასთან, ის 2022 წლის პიკურ მაჩვენებელზე დაახლოებით 9.9%-ით ნაკლებია, ხოლო 2015 წელთან შედარებით, ერთი ვიზიტის ფარგლებში გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 66.8%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, წლიური მონაცემები ორ ძირითად ეტაპს გამოყოფს: 2015–2019 წლებში ზრდა შედარებით თანმიმდევრული იყო, 2022 წლის მკვეთრი მატების შემდეგ კი, 2023 წელს, კორექტირება დაფიქსირდა, რასაც 2024–2025 წლებში ზომიერი აღდგენა მოჰყვა.
რა მიმართულებით იცვლება ტურისტული მოთხოვნა?
2026 წლის პირველი სამი კვარტლის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ამასთან, წლიური მატების ტემპის შენელება და ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯის შემცირება მიუთითებს, რომ ტურისტული ბაზრის შეფასებისას მხოლოდ ვიზიტების რაოდენობა ან მათი ხანგრძლივობა საკმარისი ინდიკატორი არ არის. ანუ, ტურისტული და სასტუმრო ბიზნესის განვითარების, ასევე, უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალის შეფასებისთვის, მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ვიზიტორთა ნაკადის ზრდა, არამედ ქვეყანაში გატარებული დროის ეკონომიკურ აქტივობად გარდაქმნა.
გრძელვადიანი მონაცემები ადასტურებს, რომ უცხოელი ვიზიტორების საშუალო ყოფნის ხანგრძლივობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია. 2026 წლის შედეგები კი აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია გრძელდება, თუმცა, მისი მდგრადობის შესაფასებლად საჭიროა წლის საბოლოო მონაცემებსა და მომდევნო პერიოდების დინამიკაზე დაკვირვება.


