თბილისში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება - ღონისძიება 16 ქვეყნის წარმომადგენლებს გააერთიანებს
თბილისი ნოემბერში უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. 17–19 ნოემბერს დედაქალაქში REALTY FORUM TBILISI INVEST 2026 გაიმართება, რომლის ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში 16 ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი წარმომადგენლის მონაწილეობაა დაგეგმილი.
ფორუმის ძირითადი მიმართულებები უძრავი ქონების ბაზარზე საინვესტიციო ტენდენციები, საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობა, დეველოპერული სექტორის განვითარება და საინვესტიციო პორტფელების მართვა იქნება.
ღონისძიება ინვესტორებს, დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ბროკერებს გააერთიანებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მიზანია სხვადასხვა ბაზრის მონაწილეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა.
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო ბაზრების პერსპექტივების, საინვესტიციო პროექტების ფინანსური მოდელების, რისკების მართვისა და კაპიტალის განაწილების საკითხების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და თბილისის საინვესტიციო პოტენციალს დაეთმობა.
ფორუმის პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს თბილისის საინვესტიციო ტურს, რომლის მონაწილეებსაც შესაძლებლობა ექნებათ, შერჩეულ დეველოპერულ პროექტებს ადგილზე გაეცნონ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ახალი სამშენებლო პროექტების გამოფენაც - New Development Expo, სადაც ორგანიზატორები სპეციალურ შეთავაზებებსა და 30%-მდე ფასდაკლებას აანონსებენ.
REALTY FORUM TBILISI INVEST 2026 თბილისში, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება.
