საქართველოს რკინიგზამ თბილისი ცენტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება პირველი, მეორე და მესამე ბაქანი. უკვე დაწყებულია არსებული ბაქნების დემონტაჟი. მის ნაცვლად, ცენტრალის ტერიტორიაზე, ახალი, უფრო მაღალი, თანამედროვე ტიპის ბაქნები მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაქნებს შორის არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის, ასევე, თბილისი ცენტრალის შენობიდან ბაქანზე ჩამოსასვლელი კიბის გაუქმებას ითვალისწინებს.
ახალი პროექტის მიხედვით, საფეხმავლო კიბის ნაცვლად, სადგურზე 4 ახალი ესკალატორი დამონტაჟდება; განახლდება მგზავრების მოსაცდელი კუთხეებიც. რეაბილიტაციის პროცესში, ბაქანზე სახანძრო მაშუქი მოწყობილობები და საავარიო განათებაც დამონტაჟდება.
"საკმაოდ მოძველებული სადგურია და შესაბამისად, გვინდა, რომ გავაკეთოთ ახალი სადგური. ვაკეთებთ ყველა ბაქანს: პირველს, მეორეს და მესამეს. შესაბამისად, ამ პერიოდში გარკვეული შეფერხებები იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 10-11 თვის განმავლობაში სადგურის სრულ რეაბილიტაციას შევძლებთ და იქნება გაცილებით თანამედროვე და კომფორტული მგზავრებისთვის", - განაცხადა მედიასთან "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.
თბილისი ცენტრალის სრულად განახლების ჯამური ღირებულება დაახლოებით 7 მლნ ლარია. "საქართველოს რკინიგზა" თბილისი ცენტრალის სარემონტო სამუშაოების დასრულებას 2027 წლის შემოდგომაზე გეგმავს.
