ევროკავშირი ETIAS-ის ამოქმედებას EES-ის სასაზღვრო კონტროლის სისტემის პრობლემების გამო დებს
ევროკავშირი დებს მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის (ETIAS) ამოქმედებას, რომელიც უვიზო ქვეყნების მოქალაქეებისთვის შესვლის სავალდებულო ელექტრონულ ნებართვას ითვალისწინებს. მიზეზი უკვე მოქმედი EES სისტემის ტექნიკური პრობლემები გახდა, იუწყება Financial Times.
რა ბედი ელის ETIAS-ს
სააგენტო EU-Lisa-მ, რომელიც ETIAS-ის შემუშავებასა და დანერგვაზეა პასუხისმგებელი, დაასკვნა, რომ სისტემის ამოქმედება 2026 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ივნისის შუა რიცხვებში ორგანიზაციაში ვადების გადატანა განიხილეს, ხოლო სექტემბერში გეგმავენ ხელახლა განიხილონ ეს საკითხი და შეათანხმონ განახლებული გრაფიკი. ETIAS-ის ტესტირების დასრულების შემდეგ ამოქმედების ახალი თარიღის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სისტემა კვლავ საჭიროებს ტექნიკურ დახვეწას. და ჯერ აუცილებელია Entry/Exit System (EES)-ის მუშაობაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, ვიდრე კიდევ ერთი ციფრული მექანიზმის შემოღება მოხდება, რამაც შეიძლება სასაზღვრო სამსახურებზე დატვირთვა გაზარდოს.
ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში მაგნუს ბრუნერმა ავიაკომპანიების ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ შეფერხებები დაკავშირებულია არა მხოლოდ EES-ის მუშაობასთან, არამედ პერსონალისა და ინფრასტრუქტურის დეფიციტთან ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში.
ETIAS-ის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2018 წელს მიიღო. სისტემა განკუთვნილია იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ხანმოკლე მოგზაურობისთვის შენგენის ვიზა არ ესაჭიროებათ. გამგზავრებამდე მოგზაურებს მოუწევთ ელექტრონული ნებართვის გაფორმება 20 ევროს ოდენობის საფასურის გადახდით. შემდეგ მათი მონაცემები ავტომატურად გადამოწმდება უსაფრთხოებისა და მიგრაციული კონტროლის ევროპულ ბაზებში. ადრე ETIAS-ის ამოქმედების ბოლო ოფიციალურ ვადად 2026 წლის ბოლო სახელდებოდა.
რა ხდება EES სისტემასთან დაკავშირებით
შესვლის/გასვლის ციფრული სისტემა EES რვა წლის განმავლობაში მუშავდებოდა სასაზღვრო კონტროლის იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც 2015 და 2016 წლებში ბრიუსელსა და პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გამოვლინდა. დანერგვა არაერთხელ გადაიდო, ნაწილობრივ EES 2025 წლის ოქტომბერში გაუშვეს, ხოლო სრულად — 2026 წლის აპრილში. სისტემამ პასპორტებში ბეჭდები საზღვრის გადაკვეთის ელექტრონული რეგისტრაციით ჩაანაცვლა. პირველი შესვლისას ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს უღებენ ფოტოს და ართმევენ თითის ანაბეჭდებს. შემდგომში მათი ბიომეტრიული მონაცემები გამოიყენება საზღვრის ყოველი მომდევნო გადაკვეთისას.
IATA იტყობინებოდა შეფერხებებისა და გაცდენილი გადაჯდომების შესახებ პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბელგიაში. ავიაკომპანია Ryanair აფრთხილებდა პოპულარული ტურისტული მიმართულებების აეროპორტებში, მათ შორის ალიკანტეში, მალაგასა და პალმაში რიგების პრობლემების შესახებ. ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებად რჩება ფრანგული ტექნოლოგიების მუშაობა ევროგვირაბის მარშრუტზე.
საფრანგეთმა ინფრასტრუქტურაში 93 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა ჯერ ყველაფერი რეალიზებული არ არის. კერძოდ, არ არის გაშვებული სისტემა, რომელმაც მესაზღვრეებს უნდა მისცეს საშუალება გამოიყენონ პლანშეტები თითის ანაბეჭდებისა და სახის გამოსახულებების უშუალოდ მგზავრებსა და მძღოლებზე გადასამოწმებლად. Frontex-ის მიერ შემუშავებული მობილური აპლიკაცია მოგზაურობამდე მონაცემების წინასწარი რეგისტრაციისთვის სრულად მხოლოდ შვედეთში მუშაობს და ნაწილობრივ პორტუგალიაში.
ევროკავშირის უმსხვილესმა საავიაციო ორგანიზაციებმა ევროკომისიას შესთავაზეს EES-ის მუშაობის შეჩერება საზღვრებზე მაქსიმალური დატვირთვის პერიოდებში. ორგანიზაციებმა გააფრთხილეს, რომ ვითარება შესაძლოა გაუარესდეს ივლისსა და აგვისტოში, როდესაც ევროპული აეროპორტები წინა თვეებთან შედარებით დაახლოებით 40 მლნ მგზავრით მეტს ელიან. ექსპერტების აზრით, ხანგრძლივი რიგები რისკებს უქმნის ტურისტულ სეზონს და შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროპის მიმზიდველობაზე, როგორც საერთაშორისო მოგზაურობების მიმართულებაზე.
ევროკომისია EES-ის მუშაობის გაგრძელების მომხრეა
Guardian წერს, რომ ევროკომისიამ აღიარა სისტემის ხარვეზები, მაგრამ უარი თქვა EES-ის მოქმედების შეჩერებაზე. ევროკავშირის ხელისუფლების მონაცემებით, საზღვრის გადაკვეთის 1 500 პუნქტიდან სერიოზულ სირთულეებს მხოლოდ დაახლოებით 20 წააწყდა. განცხადებულია, რომ სისტემის ნაწილობრივი შეჩერება ცალკეულ ქვეყნებში შეუძლებელია, რადგან ამან შეიძლება სირთულეები შეუქმნას მოგზაურებს. მაგალითად, მგზავრმა, რომელიც შენგენის ზონაში მოქმედი EES-ის მქონე საზღვრით შევიდა, ხოლო დატოვა ის ახალი სისტემის არმქონე პუნქტით, შეიძლება შეცდომები მიიღოს ყოფნის ნებადართული ვადის დათვლისას.
ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ EES უკვე ასრულებს იმ ამოცანებს, რისთვისაც შეიქმნა. გაშვების მომენტიდან სისტემამ შენგენის ზონაში და მის ფარგლებს გარეთ 110 მლნ მგზავრობა დაარეგისტრირა. დაახლოებით 44 500 ადამიანს უარი ეთქვა შესვლაზე, ძირითად მიზეზებს შორის იყო მოგზაურობის მიზნის ან ყოფნის უფლების დამადასტურებელი საბუთის არქონა. დაახლოებით 9 000 შემთხვევა დაკავშირებული იყო ყოფნის ნებადართული ვადის — ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში 90 დღის — გადაცილებასთან. 1 000-ზე მეტმა ადამიანმა ვერ შეძლო საზღვრის გადაკვეთა შიდა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ეჭვის გამო, კიდევ დაახლოებით 300 შეაჩერეს ყალბი პასპორტების ან სხვა დოკუმენტების გამოყენებისას.
ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც დაკავშირებულია IT სისტემებთან, პროცესების ავტომატიზაციასთან და წინასწარი რეგისტრაციის აპლიკაციის დანერგვასთან. ლისაბონში უკვე შეამცირეს რიგები იქ დამატებითი თანამშრომლების გაგზავნით, ხოლო ბრიუსელის აეროპორტში სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის 50 ახალი თანამშრომელი განთავსდა, განაცხადეს ჩინოვნიკებმა. გარდა ამისა, აეროპორტებს შეახსენეს დაფინანსების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ გადატვირთულ სასაზღვრო პუნქტებზე დამატებითი პერსონალის მოსაზიდად.
