English  עברית  ქართული  Русский  

საერთაშორისო შემოსავლები რეკორდულ ნიშნულზეა, უცხოური ბარათებით ოპერაციები კი 31%-ით გაიზარდა - როგორია ტურისტული აქტივობის ეკონომიკური შედეგები საქართველოში, ბოლო წლებსა და თვეებში

საერთაშორისო შემოსავლები რეკორდულ ნიშნულზეა, უცხოური ბარათებით ოპერაციები კი 31%-ით გაიზარდა - როგორია ტურისტული აქტივობის ეკონომიკური შედეგები საქართველოში, ბოლო წლებსა და თვეებში

2025 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $4.69 მლრდ. შეადგინა, ტურიზმის დამატებულმა ღირებულებამ კი ₾6.78 მლრდ.-ს მიაღწია. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა, უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა კი, იანვარ–აპრილში, 30.7%-ით იყო გაზრდილი.

საქართველოს ტურიზმის ეკონომიკური მაჩვენებლები, 2025 წელს, ზრდას აჩვენებს. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, ტურიზმის სფეროში შექმნილი დამატებული ღირებულება და უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციები მიუთითებს, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში მნიშვნელოვან ადგილს ინარჩუნებს.

ამასთან, მაჩვენებლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზრდის ტემპი ყველა მიმართულებით ერთნაირი არ არის. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დინამიკაში, 2026 წლის მესამე კვარტალში, აჩქარება ჩანს. ტურიზმის დამატებული ღირებულების ზრდა კი, ძირითადად, საჰაერო ტრანსპორტისა და განთავსების სექტორების გაფართოებას უკავშირდება.

შემოსავლები საერთაშორისო მოგზაურობიდან

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით $4.69 მლრდ. შეადგინა. ეს 2024 წლის მაჩვენებელს, $4.43 მლრდ.-ს დაახლოებით 6%-ით აღემატება.

აღნიშნულ ტენდენციას კიდევ უფრო მკაფიოდ აჩვენებს გრძელვადიანი დინამიკა. 2019 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი $3.27 მლრდ.-ს შეადგენდა. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, მაჩვენებელი დაახლოებით $542 მლნ.-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 83.4%-იანი ვარდნა იყო. მომდევნო წლებში კი შემოსავლები აღდგა და 2025 წლისთვის, 2019 წლის ნიშნულს დაახლოებით 43.5%-ით გადააჭარბა.

დიაგრამა 1. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დინამიკა, 2019–2026 წლები

2026 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურმა შემოსავალმა $3.80 მლრდ. შეადგინა, რაც საქართველოში ტურიზმიდან 9 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ისტორიულ მაქსიმუმად შეფასდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი, $3.64 მლრდ. იყო. შესაბამისად, წლიურმა ზრდამ 4.4% შეადგინა.

ზრდის არათანაბარ ხასიათზე მიუთითებს კვარტალური მონაცემები. 2026 წლის პირველ კვარტალში შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 0.5%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში კი 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება მესამე კვარტალს, მდგომარეობა გაუმჯობესდა: შემოსავალი $1.86 მლრდ.-ს გაუტოლდა, რაც 2025 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 11.9%-ით აღემატება.

დიაგრამა 2. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შედარება 2025 და 2026 წლების პირველ სამ კვარტალში

კვარტალური განაწილება მიუთითებს ტურიზმის სეზონურობაზეც. 2025 წელს, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული წლიური შემოსავლის დაახლოებით 35.5% მესამე კვარტალზე მოდიოდა. ეს ადასტურებს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი, წლის სხვა პერიოდებთან შედარებით, ქვეყნისთვის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პერიოდია.

ტურიზმის დამატებული ღირებულება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს, ტურიზმის სფეროში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ ₾6.78 მლრდ. შეადგინა. 2024 წელს, ეს მაჩვენებელი, ₾5.97 მლრდ. იყო. შესაბამისად, წლიურმა ზრდამ, ნომინალურ მაჩვენებლებში, 13.7% შეადგინა.

ტურიზმის წილი, მთლიან შიდა პროდუქტში, 2025 წელს 7.39% იყო, ხოლო 2024 წელს 7.37%. შესაბამისად, მიუხედავად დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდისა, მშპ-ში სექტორის წილი თითქმის უცვლელი დარჩა, რაც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ იგივე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავად მშპ-ის მოცულობაც.

პანდემიის გავლენა ამ მაჩვენებელშიც ნათლად ჩანს. 2019 წელს ტურიზმის დამატებული ღირებულება ₾3.63 მლრდ.-ს შეადგენდა, 2020 წელს კი ₾2.56 მლრდ.-მდე შემცირდა. ამის შემდეგ მაჩვენებელი თანდათან გაიზარდა და 2025 წელს მონაცემთა მოცემულ ისტორიულ სერიაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

დიაგრამა 3. ტურიზმის დამატებული ღირებულება და მისი წილი მშპ-ში, 2019–2025 წლები

2026 წლის პირველი ორი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ტურიზმის დამატებულმა ღირებულებამ, ჯამურად, ₾3.46 მლრდ. შეადგინა. ამასთან, ტურიზმის წილი მშპ-ში, პირველ კვარტალში, 6.97%, მეორე კვარტალში კი 7.83% იყო, ხოლო პირველი ნახევრის ჯამური მაჩვენებელი 7.43%-ს შეადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები, ამ ეტაპზე, წინასწარია და მათზე დაყრდნობით სრული 2026 წლის შედეგის განსაზღვრა ჯერ ნაადრევია.

რომელი ტურისტული საქმიანობები იზრდება ყველაზე სწრაფად?

2024–2025 წლების შედარება ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობების არათანაბარ ზრდას აჩვენებს. კერძოდ, ყველაზე მაღალი ზრდა საჰაერო ტრანსპორტისა და განთავსების სექტორის დამატებულ ღირებულებაში დაფიქსირდა, ხოლო შედარებით დაბალი დანრჩენ სექტორებში.

დიაგრამა 4. ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობების დამატებული ღირებულების წლიური ცვლილება, 2025/2024

როგორც ვხედავთ, საჰაერო ტრანსპორტის 66.8%-იანი ზრდა განსაკუთრებით გამორჩეულია. ამავე დროს, განთავსების სექტორის 17.1%-იანი ზრდა ტურიზმის მომსახურების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული აქტივობის გაფართოებაზე მიუთითებს. რაც შეეხება სხვა სექტორებს, საკვებითა და სასმელებით მომსახურების დამატებული ღირებულება 12.2%-ით, ხოლო ტურისტული სააგენტოებისა და დაჯავშნის მომსახურების მაჩვენებელი - თითქმის 10%-ით.

შედარებით მოკრძალებული, 1.6% იყო სახმელეთო და წყლის ტრანსპორტის ზრდა. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2025 წელს ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობების ზრდა ყველა სექტორზე თანაბრად არ განაწილებულა.

აქვე გასათვალისწინებელია, ისიც, რომ მონაცემებში მოცემულია დამატებული ღირებულების ნომინალური მაჩვენებლები. შესაბამისად, მათი ცვლილება თავისთავად არ ნიშნავს მომსახურების რეალური მოცულობის იმავე ტემპით ზრდას, რადგან შედეგზე შეიძლება მოქმედებდეს ფასების ცვლილებაც.

ოპერაციები უცხოური ბარათებით: ზრდის მაღალი ტემპი 2026 წლის დასაწყისში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების საერთო მოცულობამ, 2025 წელს, დაახლოებით ₾5.19 მლრდ. შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ₾4.37 მლრდ.-თან შედარებით, ზრდამ, დაახლოებით 19% შეადგინა.

რაც შეეხება მიმდინარე, ანუ, 2026 წლის მაჩვენებელებს, იანვარ–აპრილში ამ ოპერაციების მოცულობამ ₾1.76 მლრდ.-ს მიაღწია, მაშინ, როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში დაახლოებით ₾1.34 მლრდ. იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, წლიურმა ზრდამ 30.7% შეადგინა.

დიაგრამა 5. უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციები 2025 და 2026 წლების იანვარ–აპრილში


წარმოდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ ოთხ თვეში, უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციები, წინა წლის შესაბამის პერიოდს ყველა თვეში აღემატებოდა. თუმცა, აპრილში ზრდის ტემპი წინა თვეებთან შედარებით შენელდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ტურიზმის ეკონომიკური აქტივობის შეფასებისთვის დამატებითი ინდიკატორია, მაგრამ მისი საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების პირდაპირ ეკვივალენტად განხილვა არ შეიძლება, რადგან განსხვავდება როგორც ვალუტა, ისე სტატისტიკური დაფარვა და მაჩვენებლების შინაარსი.

რას აჩვენებს მონაცემების ერთობლივი ანალიზი?

სამივე მაჩვენებლის ერთობლივი განხილვა რამდენიმე ძირითად და საინტერესო ტენდენციას გამოკვეთს. კერძოდ:

პირველი - საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2025 წელს, ისტორიული სერიის უმაღლეს ნიშნულზე იყო, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა გაგრძელდა და კვლავ ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.

მეორე - ტურიზმის დამატებული ღირებულება, 2025 წელს, უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები. ამავე დროს, ტურიზმის წილი მშპ-ში თითქმის უცვლელი დარჩა, რაც მიუთითებს, რომ პარალელურად იზრდებოდა ეკონომიკის სხვა სექტორებიც.

მესამე - ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს შორის ზრდის მთავარი გამორჩეული მიმართულება საჰაერო ტრანსპორტი იყო. ასევე, ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა განთავსებისა და კვების მომსახურების სფეროებშიც.

მეოთხე - უცხოური ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა, 2026 წლის დასაწყისში, განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა. თუმცა, აპრილის მაჩვენებელში წლიური ზრდის შენელება ცალკე დაკვირვების საგანია და მომდევნო თვეების მონაცემების გარეშე გრძელვადიანი ტენდენციის შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა.

საბოლოოდ, მონაცემები ადასტურებს, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების, დამატებული ღირებულებისა და ბარათებით ოპერაციების მაჩვენებლები განსხვავებულ ასპექტებს ასახავს, მათი ერთობლივი ანალიზი უფრო სრულ სურათს იძლევა, ვიდრე რომელიმე ერთი ინდიკატორის ცალკე განხილვა.