ვინ ყიდულობს უძრავ ქონებას ბათუმში? - ინტერვიუ დეველოპერთან
ისრაელი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები- ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებიც აჭარაში უძრავი ქონების შეძენით არიან დაინტერესებული. REA Investment-ის დამფუძნებელი ირმა მახარაძე აცხადებს, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე მყიდველები განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან გააქტიურდნენ, თუმცა, კვლავ სტაბილური რჩება რუსულენოვანი მყიდველების რაოდენობა.
"ჩვენი კომპანიის გამოცდილებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპული ბაზრებიდან მომართვიანობის ზრდა. რუსულენოვანი მყიდველების ინტერესი კვლავ სტაბილურია, თუმცა, მკვეთრ მატებას ამ ეტაპზე ვერ გამოვყოფდით. ყურადღებას იმსახურებს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ინტერესიც, როგორც საინვესტიციო, ისე პირადი დასვენებისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მიმართ." - აცხადებს ირმა მახარაძე.
REA Investment-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ მთავარი სწორედ მოთხოვნის მრავალფეროვნებაა.
"ბათუმი სხვადასხვა ქვეყნისა და განსხვავებული მიზნების მქონე მყიდველებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა. ეს ბაზარს უფრო ფართო შესაძლებლობებს უქმნის და მის გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს."
ირმა მახარაძე, ასევე ამბობს, რომ უცხოელ მყიდველებს ზღვისპირა ქალაქში, ძირითადად, საინვესტიციო მიზნები აქვთ და ბინებს გაქირავებიდან შემოსავლის მიღებისა და ქონების ღირებულების ზრდის მოლოდინით ყიდულობენ.
"განსაკუთრებით საინვესტიციო მიზნებზე არიან ორიენტირებული ევროპისა და ისრაელის მყიდველები. უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის კი ინვესტიციასთან ერთად მნიშვნელოვანია აპარტამენტის საკუთარი დასვენებისთვის გამოყენებაც."
რა ტიპის ბინებზეა მოთხოვნა?
REA Investment-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია სტუდიოს ტიპის ბინებისა და ერთსაძინებლიანი აპარტამენტების შემთხვევაში.
"მთლიან ბაზარზე გაყიდვებში საშუალო და ბიუჯეტური სეგმენტები ლიდერობს, თუმცა, ეს განაწილება მხოლოდ უცხოელების შესყიდვებს არ ასახავს. უცხოელი მყიდველების ინტერესის შეფასებისას მთავარი განსხვავება სწორედ შეძენის მიზანია - შემოსავლის მომტანი ინვესტიცია, დასასვენებელი ბინა, ან ამ ორი შესაძლებლობის გაერთიანება."
Colliers Georgia-ს უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის სექტემბერში, ბათუმში, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად (2025 წლის სექტემბერთან შედარებით) 10.4%-ით შემცირდა, თუმცა, ბაზრის ჯამური ღირებულება 0.9%-ით გაიზარდა და 107 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო მოთხოვნაზე. სექტემბერში ტრანზაქციების 48% სწორედ უცხოელ მყიდველებზე მოდიოდა.
