AI სასტუმროების ბიზნესში - როგორია პრაქტიკა და განვითარების პერსპექტივები?
რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასტუმროების ბიზნესში და
სამომავლოდ როგორ მოხდება ხელოვნური ინტელექტის მდგრადი განვითარება და დაგეგმვა? - ამ თემაზე http://internationalinvestment.biz/- თან ინტერვიუში AI მენტორმა და სისტემების არქიტექტორმა, AI ტექნოპარკის დამფუძნებელმა, ოთარ კვირიკაშვილმა, ისაუბრა.
- რას ნიშნავს რეალურად სასტუმროების ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა?
- რეალურად ეს ნიშნავს ერთიანი ოპერაციული სისტემის შექმნას, სადაც გაფანტული ჯავშნების, საწყობის, ფინანსებისა და მარკეტინგის ნაცვლად, ყველაფერი ერთ სივრცეში ერთიანდება.
- როგორ მუშაობს სისტემა რეალურ დროში?
- სისტემა რეალურ დროში აკვირდება, როგორც გარე ფაქტორებს, მაგალითად, ფრენების სტატისტიკას, ამინდსა და ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს, ისე შიდა სამზარეულოს და მენეჯერზე კვირებით ადრე ხვდება, როდის გაიზრდება მოთხოვნა და როგორ უნდა შეცვალოს ფასები მაქსიმალური მოგებისთვის. პარალელურად, ის სწავლობს თითოეული სტუმრის ჩვევებს, რომ ზუსტ დროს, ზუსტად მის გემოვნებაზე მორგებული სერვისი შესთავაზოს, ხოლო შიგნით ავტომატურად აზღვევს ფინანსურ დანაკარგებს, - ცარიელ სართულებზე ენერგიის დაზოგვით დაწყებული, სამზარეულოს მარაგებისა და პერსონალის გრაფიკის უშეცდომო გათვლით დამთავრებული.
- რა შეიძლება იყოს მთელი ამ პროცესის რეალური შედეგი?
- საბოლოოდ, ხელოვნური ინტელექტი სასტუმროს აქცევს ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც მფლობელისთვის ბიზნესის სრულ სურათს ერთ ეკრანზე ქმნის, ხოლო გუნდს ყოველდღიური ქაოსისგან ათავისუფლებს და უტოვებს დროს ყველაზე მთავარისთვის, - სტუმართან ნამდვილი, ადამიანური ურთიერთობისთვის.
- როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტის მდგრადი განვითარება, რომ მიღებული შედეგით ბიზნესი კმაყოფილი დარჩეს?
- მდგრადი განვითარება მოხდება მას შემდეგ, რაც ქაოტური ექსპერიმენტები დასრულდება და ასევე, დასრულდება ერთმანეთის მიბაძვით, ან მოდურობის გამო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია. როდესაც ბიზნესი გადავა გააზრებულ, გრძელვადიან დაგეგმვაზე. მომავალში (თუმცა ეს მომავალი შეიძლება სულ რამდენიმე თვეში დადგეს და პრინციპში, შეიძლება ითქვას, დამდგარიცაა უკვე), წარმატებული ვერ იქნება კომპანია, რომელიც უბრალოდ, რაღაც მოდურ პროგრამას იყიდის.
- იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ისაუბრეთ, რას უნდა დაეფუძნოს სწორი დაგეგმვა, რომ ეფექტიანი შედეგი მივიღოთ?
- სწორი დაგეგმვა სამ მთავარ საყრდენზე ეწყობა: პირველი არის ჰიბრიდული მოდელი, სადაც ცალსახად იქნება გამიჯნული, რას აკეთებს ტექნოლოგია და რას ადამიანი. შავ სამუშაოს, ანალიტიკას და რესურსების თვლას მთლიანად გადაიბარებს სისტემა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება და სტუმართან ურთიერთობა ადამიანის ხელში დარჩება. მეორე მიმართულება არის თანამშრომლების გადამზადება. მდგრადი განვითარება შეუძლებელია, თუ გუნდს ეშინია, რომ ტექნოლოგია სამსახურს დააკარგვინებს. კომპანიებმა უნდა ასწავლონ საკუთარ პერსონალს ამ სისტემების მართვა, რომ მენეჯერი თუ ადმინისტრატორი კი არ ჩანაცვლდეს, არამედ, ბევრად უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდეს. და მესამე, ეს არის ეთიკური სტანდარტები და ეკოლოგიური მდგრადობა. სისტემები ისე დაიგეგმება, რომ ერთი მხრივ, მკაცრად იყოს დაცული მომხმარებლის პირადი სივრცე, ხოლო მეორე მხრივ, ტექნოლოგიამ რეალურად შეამციროს გარემოზე ზიანი,- იქნება ეს ენერგორესურსების ზუსტი ხარჯვა თუ საკვების ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა. საბოლოოდ, ამ პროცესში გაიმარჯვებს ის, ვინც ტექნოლოგიას ადამიანის გასაძლიერებლად გამოიყენებს და არა მის ჩასანაცვლებლად.
