სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას არ გამორიცხავს
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია საქართველოში, სამუშაო ვიზიტით, 9-13 ნოემბერს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ინფლაციის დინამიკა, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივები შეაფასეს. მისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში IMF-მა განსაკუთრებული ყურადღება ინფლაციის ზრდაზე გაამახვილა.
რა არის სავალუტო ფონდის მთავარი გზავნილები, ინფლაციასთან დაკავშირებით?
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2026 წლის ოქტომბერში 5.9% შეადგინა, მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია; საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია;
ინფლაციური ზეწოლა მხოლოდ ენერგომატარებლების გაძვირებით აღარ შემოიფარგლება და ფასების ზრდა უფრო ფართო ჯგუფებზე ვრცელდება.
ფონდის შეფასებით, ინფლაცია ეტაპობრივად უნდა შემცირდეს, თუმცა, უახლოეს პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება.
IMF-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაფრთხილება მონეტარულ პოლიტიკას ეხება: ვინაიდან ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო მდგრადი აღმოჩნდა, შესაძლოა, ფასების ზრდის შესაკავებლად, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გახდეს საჭირო.
ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს. განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა მაისში გაზარდა და მას შემდეგ უცვლელად ინარჩუნებს.
რა აჩვენებს უახლესი სტატისტიკა?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) 3 ნოემბრის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები, წინა თვესთან შედარებით, 0.9%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ კი, 5.9% შეადგინა.
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გარკვეულ მერყევ კომპონენტებს გამორიცხავს, წლიურად 4% შეადგინა. თამბაქოს გარეშე საბაზო ინფლაცია 3.9% იყო.
ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა მხოლოდ ცალკეული პროდუქტების გაძვირებით აღარ შემოიფარგლება და ინფლაციური ზეწოლა ეკონომიკის უფრო ფართო კომპონენტებზეც აისახება.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გარე ფაქტორებს უკავშირდება
ინფლაციის ზრდის მიზეზებზე 9 ნოემბერს, მედიასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, ისაუბრა.
მისი განცხადებით, საქართველოში არსებული 5.9%-იანი ინფლაციიდან, სულ მცირე , 2.2 პროცენტული პუნქტი საგარეო ფაქტორებზე მოდის. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაძვირება სახელდება.
თურნავას განმარტებით, საქართველო ბენზინისა და დიზელის საწვავის წმინდა იმპორტიორია, რის გამოც საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდა ადგილობრივ ეკონომიკაზეც აისახება.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საბაზო ინფლაცია და მომსახურების ფასების დინამიკა შედარებით სტაბილურია და მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩება.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაისში 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაზარდა. თურნავას განცხადებით, თუ ინფლაციური ზეწოლა ეკონომიკის სხვა სექტორებზეც გავრცელდება, მარეგულირებელი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. საპირისპირო სცენარის შემთხვევაში კი, საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების სტაბილიზაციისას, განაკვეთის შემცირებაც შესაძლებელია.
რა არის მთავარი ეკონომიკური რისკი?
ინფლაციის ზრდა მონეტარული პოლიტიკისთვის დამატებით გამოწვევას ქმნის. ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი, საპროცენტო განაკვეთის ზრდა აძვირებს სესხებს, ზრდის ბიზნესისა და შინამეურნეობების ფინანსურ დანახარჯებს და შესაძლოა, ეკონომიკურ აქტივობაზეც აისახოს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ინფლაციის სტრუქტურა: როდესაც საწვავისა და ტრანსპორტის გაძვირება სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც გადადის, იზრდება ე.წ. მეორეული ინფლაციური ეფექტების რისკი.
სწორედ ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მისი დასკვნით, ინფლაციის შემცირების პროცესი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად შესუსტდება ენერგომატარებლების გაძვირების გავლენა და რამდენად გავრცელდება ფასების ზრდა ეკონიმიკის სხვა სექტორებზე.
